„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მაუწყებლისა და მისი გენერალური დირექტორის ნათია კაპანაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ტელევიზია და მისი ხელმძღვანელობა გააგრძელებენ დადებითი როლის შესრულებას საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარების საქმეში” - ასე გამოეხმაურა დღეს საქართველოში აშშ-ს საელჩო აჭარის საზოგადოებრივ ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს.
19 აპრილს, ბათუმში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ ტელეკომპანიის გენდირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილოს. კაპანაძის გადადგომას მრჩეველთა საბჭოს ხუთი წევრიდან ორი ითხოვს: გაგა ჩხარტიშვილი, რომელიც საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქვოტით მოხვდა და ირაკლი დარცმელიძე, რომელიც მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“ წარმოადგენს.
სახალხო დამცველი და სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას დაბალანსებული ტელევიზია არ აწყობს და მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვიტა. „ღია საზოგადოება საქართველოს“ მედიის პროგრამის მენეჯერი ხატია ჯინჯიხაძე კერძოდ ამბობს:
რა თქმა უნდა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის ინიციატივის მიღმა არის პოლიტიკური ინტერესი. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც კარგად ვიცით როგორ მედიას ერჩიან. მედიას, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი და მედიას, რომელსაც სარედაქციო დამოუკიდებლობა აქვს.“ხატია ჯინჯიხაძე, „ღია საზოგადოება საქართველოს“ მედიის პროგრამის მენეჯერი
„რა თქმა უნდა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის ინიციატივის მიღმა არის პოლიტიკური ინტერესი. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც კარგად ვიცით როგორ მედიას ერჩიან. მედიას, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი და მედიას, რომელსაც სარედაქციო დამოუკიდებლობა აქვს.“
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად კაპანაძე 2016 წლის ოქტომბერში სამი წლით აირჩიეს, მას თანამდებობაზე ყოფნის ვადა 6 თვეში ეწურება. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიამონიტორინგის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ანგარიშების მიხედვით, ბოლო ორი წლის მანძილზე, აჭარის ტელევიზია მიუკერძოებელ მაუწყებლად ჩამოყალიბდა.
ამ აზრს არ იზიარებენ, სამეურვეო საბჭოს წევრთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი. მათ აზრით, კაპანაძის დირექტორობის პერიოდში, ტელევიზიამ რეიტინგი და მაყურებელთა ნდობა დაკარგა. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროფკავშირების კომიტეტის თავმჯდომარე ომარ ბერიძე ამბობს:
მხარს ვუჭერთ მოთხოვნას გენერალური დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ამ მოთხოვნას უერთდებიან ტელევიზიის ვიდეოოპერატორები, ისინი ხვალიდან გაფიცვას აპირებენ"ომარ ბერიძე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროფკავშირების კომიტეტის თავმჯდომარე
„ჩვენ მხარს ვუჭერთ სამეურვეო საბჭოს ორი წევრის მოთხოვნას გენერალური დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ამ მოთხოვნას უერთდებიან ტელევიზიის ვიდეოოპერატორები, რომელთა პრობლემები ამ დრომდე მოუგვარებელია და ისინი ხვალიდან გაფიცვას აპირებენ.“
2019 წელს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 58,5 მილიონი ლარით ფინანსდება, აქედან 8,775 მილიონი ლარი საზმაუს აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთავის არის გამოყოფილი.
კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველოს“ კვლევის მიხედვით, რომელიც საქართველოში ნილსენის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ოფიციალური ლიცენზირებული პარტნიორია, 2019 წლის აპრილის პირველ კვირაში, აჭარის ტელევიზიის რეიტინგი - 1,19%-ს, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი - 3,97%-ს შეადგენს. შედარებისთვის: რუსთავი 2-ის რეიტინგი - 26,39%-ია, „იმედის“ – 25,83%, ჯიდიესის - 8,06% და ტვ პირველის - 3,47%.