ქართულ-უკრაინული ძმა ძმისთვისაო

რეზო წიკლაური

საქართველომ აღმოსავლეთ უკრაინაში უკვე იმდენი ჯარისკაცი დაკარგა, რამდენიც უკრაინამ - აფხაზეთში. მეშვიდე ქართველი - 33 წლის რეზო წიკლაური, დონეცკიდან 6 კილომეტრის მოშორებით, ამჟამად, რუსეთ-უკრაინის ომის ყველაზე ცხელ წერტილში, ქალაქ ავდეევკას დაცვის დროს დაიღუპა.

თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში დაბადებული რეზო, 2003 წლიდან ქალაქ შეპეტოვკასთან ახლოს ცხოვრობდა. წიკლაური უკრაინის არმიის საჰაერო-სადესანტო ჯარებში შემავალ, 81-ე ცალკეული აერომობილური ბრიგადის, 90-ე მოეიერიშე-სადესანტო ბატალიონის მებრძოლი იყო. ეს ბრიგადა უკრაინის აღმოსავლეთში - კონსტანტინოვკასა და დრუჟკოვოშია დისლოცირებული.

შეიძლება ითქვას, რომ ის იყო ისეთივე საიმედო, როგორიც ავტომატი კალაშნიკოვია. როგორც უბრალო ხალხში ამბობენ ხოლმე, ჩხუბში მასთან ზურგით დადგომა შეიძლებოდა. მისგან პოზიტივის მთელი ტალღები მოდიოდა.
ალექსეი ლიხმანი

რეზო წიკლაური 30 აპრილს, ავდეევკას სამრეწველო ზონაში, იმ სტრატეგიული პოზიციის დაცვის დროს დაიღუპა, რომლის გათავისუფლების ოპერაციაში, 2016 წლის თებერვალში, პირადად მონაწილეობდა. რუსულმა ჭურვმა ქართველთან ერთად, კიდევ ორი უკრაინელი მედესანტის სიცოცხლე შეიწირა. 90-ე ბატალიონის მეთაური ალექსეი ლიხმანი ამბობს:

„შეიძლება ითქვას, რომ ის იყო ისეთივე საიმედო, როგორიც ავტომატი კალაშნიკოვია. როგორც უბრალო ხალხში ამბობენ ხოლმე, ჩხუბში მასთან ზურგით დადგომა შეიძლებოდა. მისგან პოზიტივის მთელი ტალღები მოდიოდა.“

ის, რომ რუსეთთან ომი ადრე თუ გვიან გარდაუვალი იყო, უკრაინის საუკეთესო ნაწილი ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ხვდებოდა. ამ შეგნებით დაუდგნენ ისინი, ყველაზე მძიმე დროს, საქართველოს გვერდში.

„თუ ჩვენ ვერ შევაჩერებთ რუსებს მდინარე გუმისთასთან, მაშინ მათი შეჩერება მდინარე დნეპრთან მოგვიწევს“ – სწორედ ასეთი საბრძოლო დევიზი ჰქონდა უკრაინელ მოხალისეთა ბატალიონ „არგოს“, რომელიც აფხაზეთის ომში, საკუთარი სურვილით, საქართველოს არმიის მხარეს იბრძოდა.

1993 წელს, აფხაზეთის ომში, 300-მდე უკრაინელმა ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა, ძირითადი ბირთვი, უკრაინული ნაციონალისტური ორგანიზაცია უნა-უნსოს (Українська Національна Асамблея) წევრი იყო. უკრაინელი სამხედროები მაიორ ოლეგ ბობროვიჩის მეთაურობით, აფხაზეთის თითქმის ყველა ცხელ წერტილში იბრძოდნენ. მათ შორის, მონაწილეობდნენ სოხუმის გარშემო სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი სიმაღლეების დაცვაში, შემდეგ ქართველი მოსახლეობის ევაკუაციაში კოდორის ხეობისკენ და იქედან სვანეთში. 23 წლის წინ, ბრძოლის ველზე შვიდი უკრაინელი დაეცა, აქედან ორი, საქართველოში, ძმათა სასაფლაოზე განისვენებს.

ცნობილი ვიდეოოპერატორის გრიგოლ ჩიგოგიძის არქივში დაცულია, 1993 წლის ივლისში, 18 წლის, უკრაინელი მოხალისე სერგეი ობუხის დაკრძალვის ვიდეოკადრები სოხუმში, სადაც მამამისი, ასევე ბატალიონ „არგოს“ მებრძოლი ლიონია ობუხი ამბობს:

„ჩემს ხელებში დალია ჩემმა შვილმა სული, არც კი მჯერა, რომ ის აღარ არის. მე დავიფიცე რომ შურს ვიძიებ. აქ, ახლა გუმისთაზე გადის ფრონტის ხაზი, არა მხოლოდ, საქართველოსა და მოსკოვს შორის, არამედ უკრაინასა და მოსკოვს შორისაც.

თუ საქართველო გაუძლებს, გაძლებს უკრაინაც. ამიტომ ვიბრძვით ჩვენ აქ. მე დარწმუნებული ვარ რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, სამართლიაობამ ყოველთვის უნდა იზეიმოს. არ შეიძლება, რომ ეს მოსკოვის იმპერია სამუდამოდ იყოს. ჩვენ გავტეხავთ რუს დათვს.“

ქართველი მეომარი რეზო წიკლაური, რომელიც 2016 წლის 30 აპრილს, მართლმადიდებული აღდგომის წინა დღეს, უკრაინული ქალაქის ავდეევკას დაცვისას დაიღუპა, დღეს ქალაქ შეპეტოვკასთან ახლოს, სოფელ მიხაილუჩკაში მიაბარეს მიწას. რეზოს ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი დარჩა, 2 და 4 წლის.

ბრძოლას უკრაინისთვის და შესაბამისად, საქართველოსთვისაც, რეზოს ძმა - ალექსანდრე წიკლაური აგრძელებს, იგი უკრაინის არმიის 30-ე ბრიგადის სერჟანტია, რომელმაც რუსული ტყვეობაც გამოიარა.

უკრაინელთა მხარეს დაღუპული ქართველი მეომრები (2014-16)

ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 19.12.2014 სჩასტიე, ლუგანსკი

თამაზ სუხიაშვილი 17.01.2015 დონეცკის აეროპორტი

გიორგი ჯანელიძე 18.04.2015 შიროკინო, მარიუპოლი

კოსტანტინე ლაშხია 01.07.2015 მარიუპოლი

გიორგი ბარათელი 09.08.2015 ბუტოვკის მაღარო, დონეცკი

ირაკლი ქუთელია 09.12.2015 ოპიტნოე, დონეცკი

რეზო წიკლაური 30.04.2016 ავდეევკა, დონეცკი

ქართველთა მხარეს დაღუპული უკრაინელი მეომრები (1993)

სერგეი ობუხ 19.07.1993 კამანი, სოხუმი

რომან გალაზიკა 19.07.1993 კამანი, სოხუმი

ლეონიდ ტკაჩუკ 19.07.1993 კამანი, სოხუმი

რომან მუზიკა 21.07. 1993 იაშხუთა, სოხუმი

ვოლოდიმირ ბილ 30.07.1993 ცუგუროვკა, სოხუმი

ვოლოდიმირ კრუტიკ 04.10.1993 აფხაზეთის სვანეთი

ოლექსეი დოვგიი 04.10.1993 აფხაზეთის სვანეთი