WC U20 საქართველოში: დიდი რაგბი ჭაბუკების შესრულებით

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ილია სპანდერაშვილი კოლეგებთან ერთად აბანოთუბანში

ხვალიდან, მთელი 19 დღის განმავლობაში საქართველო დიდი რაგბით იცხოვრებს. ჩვენი ქვეყანა პირველად მასპინძლობს 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც World Rugby-ის ორგანიზებულ ტურნირებში, რანგით მეორე შეჯიბრია - მსოფლიო თასის შემდეგ.

მსოფლიოს საუკეთესო 12 ეროვნული გუნდი სამი კონტინენტიდან, ჯამში, 1100-ზე მეტი ოფიციალური სტუმარი უკვე საქართველოშია. მათ შორის, World Rugby-ის პრეზიდენტი ლანკაშირელი ბილ ბომონთი და რა თქმა უნდა, ტურნირის მშვენება, მსოფლიო U20 თასის ხუთგზის გამარჯვებული ახალი ზელანდიის ნაკრები.

მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი ახალი ზელანდია, Baby All Black

Baby All Black-მა წყალტუბოში, Tskaltubo Plaza Hotel-ში დაიდო ბინა და იმერეთის B ჯგუფში, ქუთაისის „აია არენაზე“ ითამაშებს, სადაც მათ გარდა, ირლანდია, იტალია და შოტლანდია იბრძოლებენ.

ზელანდიელების შემდეგ ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, მოქმედი ჩემპიონი ინგლისია. ბრიტები, რომელსაც „ვარდებისა“ და „ლესთერ თაიგერსის“ ყოფილი ვარსკვლავი ლუის დიქონი მოძღვრავს, თბილისში ავჭალის სტადიონზე, A ჯგუფში: ავსტრალიასთან, უელსთან და სამოასთან გაარკვევენ ურთიერთობას.

მასპინძელი საქართველო კი ურთულესს C ჯგუფშია. „უმცროსი ბორჯღალოსნები“ ძალებს საფრანგეთთან, სამხრეთ აფრიკასთან და არგენტინასთან მოსინჯავენ. ეს ჯგუფიც ავჭალის სტადიონზე ითამაშებს.

მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ, 31 მარტს, 13 საათზე, ავჭალაში, ინგლისი-სამოას მატჩით გაიხსნება; საქართველო ხვალვე, 18 საათზე, ავჭალის სტადიონზე, არგენტინას დაუპირისპირდება.

20 წლამდელთა მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე არ მალავს, რომ უმცროსს ბორჯღალოსანთა მთავარი ამოცანა მსოფლიო ჩემპიონატზე ადგილის შენარჩუნება ანუ პლეი-ოფში მინიმუმ ერთი გამარჯვების მოპოვებაა.

რეალობას რომ არ მოვწყდეთ და რომ არ ვიფრინოთ, ჩვენ ვუმიზნეთ პლეი-ოფის მეოთხე თამაშს, ჩემი გათვლებით, საქართველოს პიკი უნდა იყოს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე თამაშზე“
ილია მაისურაძე, საქართველოს U20 ნაკრების მთავარი მწვრთნელი

„ძალიან რთული ტურნირია, 19 დღეში ჩვენ 5 თამაში გვაქვს ანუ ყოველ მეოთხე დღეს გვიწევს მოედანზე გამოსვლა, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ფიზიკურ მომზადებას და ძალების აღდგენას.

რეალობას რომ არ მოვწყდეთ და რომ არ ვიფრინოთ, ჩვენ ვუმიზნეთ პლეი-ოფის მეოთხე თამაშს, ჩემი გათვლებით, საქართველოს პიკი უნდა იყოს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე თამაშზე.“

„უმცროსს ბორჯღალოსნებს“ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება უკვე აქვთ. 2016 წელს, ინგლისში, ქართველებმა ჯგუფში სამივე თამაში წააგეს, თუმცა პლეი-ოფში, უპრინციპულეს მატჩში იტალიას 18-17 აჯობეს და საბოლოოდ, 12 გუნდში, მე-10 ადგილი დაიკავეს. ჩემპიონი მაშინ მასპინძელი ინგლისი გახდა, ალაფაში კი იაპონია გავარდა.

ქართველთა იმ თაობიდან „დიდ“ ბორჯღალოსნებში რამდენიმე ნიჭიერი მორაგბე დაწინაურდა, მათ შორის ბექა გორგაძე, გიორგი კოშაძე და ირაკლი სვანიძე. (გუნდის ლიდერს ვასკა ლობჟანიძეს უკვე ნათამაშები ჰქონდა მსოფლიო თასი - ზ.წ) მოლოდინი ახლანდელი თაობის მიმართაც დიდია, განსაკუთრებით, თედო აბჟანდაძისა და გელა აფრასიძის თამაშის ხილვა იქნება საინტერესო.

B ჯგუფის კაპიტნები ბაგრატის ფონზე, ქუთაისში

ქართველების გარდა, მსოფლიო ჩემპიონატზე არაერთ ახალგაზრდა მორაგბეს ვიხილავთ, რომლებსაც რაგბის ექსპერტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ: პირველ რიგში, აღსანიშნავია, 19 წლის არგენტინელი მარკოს კრემერი, რომელსაც უკვე ჰქონდა დებიუტი ზე-რაგში და „იაგუარების“ დიდ ნაკრებში;

სამოური ფესვების მქონე ახალ ზელანდიელი ქეილებ ქლარქი - მამამისი, ერონი ქლარქი, 90-იანი წლების „ოლ ბლექსის“ მოთამაშე იყო; მამის 90-იანი წლების „მამლების“ ვასკვლავის ემილი ნტამაკის კვალს ადგას ფრანგი რომენ ნტამაკიც; ისევე, როგორც „ბათელი“ ზექ მერსერი, რომელიც ინგლისის ნაკრების კაპიტანია, მამა გარი მერსერი კი ახალი ზელანდიის ვარსკვლავი იყო.

ავჭალაში შეგვიძლია ასევე ვიხილოთ, ზე-რაგბის კიდევ ერთი ნორჩი წარმომადგენელი, დურბანის „შარქსის“ მორაგბე სამხრეთ აფრიკელი ქერვინ ბოში; უელსის 128 კილოგრამიანი ბურჯი რის ქარი და ავსტრალიელთა კაპიტანი რის ჰიუეთი, რომელიც ქუისლენდის „რედსის“ ღირსებას იცავს.

ქუთაისელ მაყურებელს კი საშუალება ექნება თვალი მიადევნოს შოტლანდიისა და „ედინბურგის“ ახალგაზრდა ვარსკვლავს დარსი გრემს, იტალიის კაპიტან მარკო რიჩონს და პრო-12-ის ერთ-ერთი ლიდერის, ირლანდიური „მანსთერის“ მეორეხაზელ ფინინ ვიჩერლის.

ასეთი „ვარსკვლავთცვენის“ მიუხედავად, საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ილია სპანდერაშვილი ყველა მეტოქეს ბოლომდე ბრძოლას პირდება:

არ ვაპირებთ რომ რაიმე დავთმოთ, დიდი სურვილი გვაქვს რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩავატაროთ, ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად შეუძლია ჩვენს გუნდს“
ილია სპანდერაშვილი, U20 ნაკრების კაპიტანი

„არ ვაპირებთ, რომ რაიმე დავთმოთ, დიდი სურვილი გვაქვს რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩავატაროთ. ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად შეუძლია ჩვენს გუნდს.“

მსოფლიოს ჩემპიონატის დებულების მიხედვით, სამივე ჯგუფის გამარჯვებული და საუკეთესო მეორეადგილოსანი ნახევარფინალში გადიან და მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. დანარჩენები პლეი-ოფში, მე-5, მე-7, მე-9 და მე-11 ადგილებისთვის ითამაშებენ. ბოლოადგილოსანი მსოფლიო თასიდან ვარდება.

ჯგუფური ეტაპის თამაშებს თბილისის ავჭალის და ქუთაისის აიას სტადიონები უმასპინძლებენ, ხოლო პლეი-ოფები, ნახევარფინალები (13 ივნისს) და ფინალი (18 ივნისს) თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, რომელიც World Rugby-თან იყო შეთანხმებული, მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოში 10 ახალი სარაგბო სტადიონი უნდა აშენებულიყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზით, სპორტის სამინისტრომ ჩემპიონატის დაწყებამდე 6 თვით ადრე, სამშენებლო ტენდერი ჩაშლილად გამოაცხადა.

საბოლოოდ რაგბის კავშირს ფეხბურთის ფედერაციასა და სტადიონების კერძო მეპატრონეებთან დამატებითი მოლაპარაკება დასჭირდა, რათა საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვას პრობლემები არ შექმნოდა.

20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში 2008 წლიდან იმართება და საქართველო, რიგით, მე-10 ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელიც „მეორე ეშელონის“ სარაგბო ქვეყანაში პირველად იმართება.

საქართველოს ნაკრების განრიგი (ჯგუფური ეტაპი)

31 მაისი, ავჭალა, 18:00 საქართველო - არგენტინა

4 ივნისი, ავჭალა, 18:00 საქართველო - სამხრეთ აფრიკა

8 ივნისი, ავჭალა 18:00 საქართველო - საფრანგეთი

საქართველოს U20 ეროვნული ნაკრები

შერკინება: გურამ გოგიჩაიშვილი (ლოკომოტივი თბილისი), თენგიზ ზამთარაძე (ლელო თბილისი), ლევან პაპიძე (ლელო თბილისი), რევაზ დუგლაძე (ლელო თბილისი), გურამ პაპიძე (ლიონი საფრანგეთი), უჩა ჭეიშვილი(მონპელიე საფრანგეთი), შოთა არეშიძე(არმია თბილისი)

მეორე ხაზი: კობა ჯიმშელეიშვილი (არმაზი თბილისი), ლაშა ჯაიანი (ექსეტერი ინგლისი), ბექა საღინაძე (ლელო თბილისი), ლაშა ტაბიძე(ბორდო საფრანგეთი), სანდრო კალმახელიძე(არმია თბილისი)

მესამე ხაზი: ილია სპანდერაშვილი (არმია თბილისი, კაპიტანი), თორღვა ჯალაღონია (ხულიგანა თბილისი), გიორგი ნუცუბიძე (აია ქუთაისი), არსენ მაჩალაძე (აია ქუთაისი);

9-10: გელა აფრასიძე (ლელო თბილისი), თედო აბჟანდაძე (აია ქუთაისი);

ხაზი: ბექა გავაშელიშვილი (ლელო თბილისი), გიორგი წიკლაური (ჯიქი გორი), აკა ტაბუცაძე (ლელო თბილისი), დავით მესხი (არმია თბილისი), საბა სვიმონიშვილი (შარქსის აკადემია სამხრეთ აფრიკა), მირიან მოდებაძე (აია ქუთაისი), ლადო მიმინოშვილი(ბათუმი), გიორგი კვესელაძე (ლელო თბილისი), გიორგი გოგოლაძე (მონპელიე საფრანგეთი), ლუკა დვალიშვილი(არმაზი თბილისი)

რეზერვი: გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი გორი), ალექსანდრე ნახუცვრიშვილი (არმია თბილისი), ბექა მამუკაშვილი (ლელო თბილისი), სანდრო მამამთავრიშვილი (თი ბი ეს უნივერსიტეტი თბილისი), ლევან ჭავჭავაძე (არმია თბილისი), გიგა გრიგალაშვილი (ლელო თბილისი)

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე