პარლამენტარი თავდასხმას თათუხაშვილის საქმეს უკავშირებს

დეპუტატი წიკლაური ამბობს, რომ რვა უცნობი დაესხა თავს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე უმცირესობის დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმა ჯერჯერობით ვერ გახსნა. დანაშაული ორშაბათს, გამთენიისას მოხდა, როცა პარლამენტარს, თბილისში, დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში, მისი საცხოვრებელი სახლის წინ, ათამდე ადამიანი დაესხა თავს.

„კორპუსის წინ მდგარ მანქანაში ვიღაცას ტენიდნენ ან, პირიქით, მანქანიდან გადმოთრევას ცდილობდნენ. ალბათ, პირველი, რადგან ის უძალიანდებოდა, როგორც შეეძლო. პირზე ხელს აფარებდნენ და სახეში ურტყამდნენ.

ხელებში რაღაც ელექტროხელსაწყოები ეჭირათ, რომლებიც ცისფრად ანათებდნენ და რაღაც ხმებს გამოსცემდნენ. ყველას შავი ტანსაცმელი ეცვა და სახეებზეც ასეთი ქსოვილები ჰქონდათ აფარებული“
- ასე აღწერა წიკლაურზე თავდასხმა ჟურნალისტმა ლია ტოკლიკიშვილმა, რომელიც დეპუტატის მეზობელია და შემთხვევა ფანჯრიდან დაინახა.

ნუგზარ წიკლაური დარწმუნებულია, რომ თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც დეპუტატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის შალვა თათუხაშვილის სიკვდილში პროკურატურა დაადანაშაულა

„მე დავასახელე პროკურატურის ორი თანამშრომელი, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ადამიანის წამებაში, ეს ინფორმაცია მე მქონდა ოჯახის წევრების მხრიდან. ვფიქრობ გვარების დასახელებამ მიაღებინა გადაწყვეტილება ხელისუფლებას რომ მოეწყო ასეთი თავდასხმა ჩემზე.

სრულიად ცხადია ყველასთვის რომ თათუხაშვილის სიკვდილამდე მიყვანის საქმე, იქნება ცენტრალური საქმე უახლოესი თვეების და შეიძლება უფრო მეტი ხნის განმავლობაში. იმიტომ რომ აქ გამოკვეთილია, ამ ადამიანის გატაცება და წამება.“


2006 წლის 12 იანვარს კუდ-ის მაშინდელ უფროსს დათა ახალაიასთან ერთად, სწორედ შალვა თათუხაშვილი მეთაურობდა კუდ-ის სპეცნაზს, რომელმაც ნავთლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე - 21 წლის რომან სურმანიძე, 17 წლის მურად გორგაძე და 23 წლის მარად ართმელაძე ჩაცხრილეს.

2014 წლის 24 თებერვალს პროკურატურამ შალვა თათუხაშვილი ამ საქმეზე დაკითხა. პროკურატურა ამტიცებს, რომ „თათუხაშვილმა გამოძიებას მისცა დათა ახალაიას, ლევან ქარდავას და სხვათა მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენებები“ და გამომდინარე იქედან რომ „მის სიცოცხლეს შესაძლოა შექმნოდა საფრთხე, თათუხაშვილმა გამოთქვა სურვილი რომ ჩართულიყო ე.წ. მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში“.

პროკურატურის განცხადებით, „მისი სურვილის გათვალისწინებით, 2014 წლის 24 თებერვალს, გამოტანილ იქნა დადგენილება პროცესის მონაწილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ და თათუხაშვილს დაენიშნა პირადი დაცვა. მალევე, მისივე თხოვნით გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული დაცვის სპეციალური ღონისძიება და მას მოეხსნა დანიშნული დაცვა.“ (იხილეთ http://pog.gov.ge/res/docs/shalvatavtuxashvilisganmarteba.pdf)

2014 წლის 18 მარტს, პროკურატურამ კიდევ ერთხელ დაკითხა შალვა თათუხაშვილი, სამ დღეში კი მნიშვნელოვანი მოწმე, წინასწარი ვერსიით, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ირაკლი ზაქარეიშვილი, რომელიც დათა ახალაიას ადვოკატიც არის, ამტკიცებს, რომ გარდაცვალებამდე ესაუბრა შალვა თათუხაშვილს და მან დაუდასტუტა რომ ყველა ჩვენება წამების ქვეშ მისცა.

„თათუხაშვილმა მითხრა, რომ ვიდეოკამერების წინ დაადასტურებინეს პირველად გამოძალული ჩვენების სისწორე. მან მითხრა - ირაკლი მე რა თქმა უნდა, ყველა ტკივილს გავუძლებ, მაგრამ ისეთი რამ მოხდა, იქ ჩემი ხელმოწერა არისო.

აი, ეს ფრაზაც მიღრმავებს ეჭვს, რომ მას ცემით ვერ გატეხავდნენ და როცა მიზანს ვერ მიაღწიეს, ალბათ, ფსიქოტროპული ზემოქმედება განახორციელეს. ფიზიკურ ზეწოლაში კი ვგულისხმობ იმას, რომ ყურთან ესროდნენ იარაღს ანუ მკვლელობის იმიტაციას ახდენდნენ, წყალში აყოფინებდნენ თავს, აწამეს სასტიკად.“


შალვა თათუხაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლის -გენერალ გოგი თათუხაშვილის შვილი იყო. ვარდების რევოლუციის დღეებში, გოგი თათუხაშვილი სააკაშვილის პირად დაცვას ხელმძღვანელობდა, რევოლუციის შემდეგ კი მცირე ხნით, საქართველოს შინაგანი ჯარების სარდლად დაინიშნა, თუმცა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან კონფლიქტის გამო თანამდებობა მალევე დატოვა.

გოგი თათუხაშვილი 2012 წლის შემდეგ, საფრანგეთში ცხოვრობს. იგი შვილის დაკრძალვასაც არ დასწრებია. გენერალმა მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დააკისრა.

მთავარი პროკურატურა ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ახალაიების ოჯახისა და ოპოზიციის მხრიდან, პროკურატურის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს .