„ჭადრაკის მოცარტი“ და საჭადრაკო ნოველა თბილისში

Norozilik namoyishida himoyalanayotgan politsiyachilar. Jakarta, Indoneziya. 

ჭადრაკის თამაში 8 წლის ასაკში მამამ ასწავლა. 11 წლის უკვე FIDE-ს ოსტატი იყო, 12 წლისა - საერთაშორისო ოსტატი, 13 წლის ასაკში - დიდოსტატი გახდა. Elo-ს საჭადრაკო რეიტინგში - 2700 პუნქტს 16 წლისამ, ხოლო 2800-იან კოიფიციენტს - 18 წლისამ გადააბიჯა. ამ მაჩვენებლით ჭადრაკის სამყაროში ახალ ეპოქას დაუდო სათავე.

22 წლის ასაკში, პირველად მოიგო პრეტენდენტთა ტურნირი. 23 წლისამ კი მსოფლიოს ჩემპიონი ინდოელი ანანდი მისსავე სამშობლოში გაანადგურა. „ჭადრაკის მოცარტად“ წოდებული მსოფლიოს პირველი აბსოლუტური ჩემპიონია, ანუ მან პირველმა მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჭადრაკის სამივე კატეგორიაში: კლასიკურში, სწრაფსა და ბლიცში.

თბილისში, მსოფლიო თასზე...

2014 წლის მაისში მისმა რეიტინგმა ფენომენალურ შედეგს - 2882 პუნქტს მიაღწია (მანამდე გარი კასპაროვის 13 წლიანი ჰეგემონია დაამხო), FIDE-ს რეიტინგში არცერთ მოჭადრაკეს ასეთი სიმაღლისთვის არასდროს მიუღწევია. ისევე როგორც არასდროს მოუგიათ, ზედიზედ ხუთჯერ „საჭადრაკო ოსკარი“.

ამ ბიჭს მაგნუს კარლსენი ჰქვია, ის ფოთის ხელა ნორვეგიულ ქალაქ ტენსბერგში დაიბადა და ახლა 26 წლისაა. Time-მა იგი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში შეიყვანა.

ჭადრაკის ქართველ მოყვარულებს მისი ნახვა სექტემბრის ბოლომდე, თბილისის ზღვაზე მდებარე სასტუმრო „ჰუალინგ პრეფერანსში“ შეუძლიათ, თუმცა გაფრთხილებთ, რომ ფანებთან ფოტოს გადაღება ნორვეგიელს მაინცდამაინც არ უყვარს.

თავისუფალ დროს მსოფლიო ჩემპიონი ბილ გეითსთან ერთობა

კარლსენი მსოფლიოს პირველი მოქმედი ჩემპიონია, რომელმაც მსოფლიოს თასზე მონაწილეობა არ იუარა და ამით თბილისში მიმდინარე ტურნირი ჭადრაკის ისტორიაში, ერთ-ერთი უძლიერეს გათამაშებად აქცია. მსოფლიო ჩემპიონი ამბობს, რომ საქართველოში მოსაგებად ჩამოვიდა:

ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ვიმყოფები. ეს უმნიშვნელოვანესი ტურნირია და დიდი პატივია აქ თამაში. მე შვიდ სხვადასხვა სტილის მოჭადრაკესთან მომიწევს დაპირისპირება და იმედი მაქვს, რომ ამ ამოცანას თავს ღირსეულად გავართმევ“
მაგნუს კარლსენი, მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში

„ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ვიმყოფები. ეს უმნიშვნელოვანესი ტურნირია და დიდი პატივია აქ თამაში. მე შვიდ სხვადასხვა სტილის მოჭადრაკესთან მომიწევს დაპირისპირება და იმედი მაქვს, რომ ამ ამოცანას თავს ღირსეულად გავართმევ.“

თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასის საპრიზო ფონდი 1 600 000 აშშ დოლარია. გამარჯვებული 120 000-ს, ფინალისტი კი 80 000 დოლარს მიიღებს. ფინალურ მატჩს, რომელიც ოთხი პარტიისგან შედგება უკვე თბილისის ცენტრში მდებარე სასტუმრო „ბალტიმორი“ უმასპინძლებს. მთავარი ჯილდო კი რომლისთვისაც 3 სექტემბერს, 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკემ დაიწყო ბრძოლა, 2018 წლის პრეტენდენტთა ტურნირზე ორი საგზურია.

"სუხიშვილები" მთაწმინდაზე მსოფლიო თასის გახსნაზე

ჭადრაკის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის გარდა, თბილისის მსოფლიო თასზე ისეთი ლეგენდარული მოჭადრაკეები თამაშობენ, როგორებიც არიან: მსოფლიოს ექს-ჩემპიონები: ინდოელი ანანდი, ბულგარელი ტოპალოვი და რუსი კრამნიკი. 2016 წლის პრეტენდენტი რუსი კარიაკინი და მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში უკრაინელი ივანჩუკი. FIDE- ს რეიტინგის პირველი ათეულის წევრები: ამერიკელები კარუანა, ნაკამურა და სო, ფრანგი ვაშიე-ლაგრავი, სომეხი არონიანი და აზერბაიჯანელი მამედიაროვი.

მსოფლიო თასის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე 16 წლის ავსტრალიელი სმირნოვი იყო, რომელმაც პირველ ტურში დიდი ბრძოლა რუს კარიაკინს გაუმართა, თუმცა დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. ყველაზე ხანდაზმული კი ისრაელის სახელით მოასპარაზე 49 წლის ბორის გელფანდია. იგი კარიერის მანძილზე ექვსჯერ იყო პრეტენდენტი და 2009 წელს, მსოფლიო თასის გათამაშებაც მოიგო.

მთავარი სენსაცია თბილისში: მსოფლიოს ექსჩემპიონმა ანანდმა (მარჯვნივ) კანადელ კოვალიოვთან პირველი პარტია დათმო

ქართველი დიდოსტატი ელიზბარ უბილავა, რომელიც მიმდინარე ტურნირზე ახალგაზრდა ინდოელი მოჭადრაკის ადჰიბანის პირადი მწვრთნელია ამბობს, რომ მსოფლიო თასზე გამარჯვება გარანტირებული არავის აქვს:

თბილისში მსოფლიო თასის მონაწილეთა სიძლიერიდან გამომდინარე, შეიძლება ნებისმიერმა მოჭადრაკემ გაიმარჯვოს, მით უმეტეს, რომ ნოკაუტ-სისტემის პირობებში წინა წლებში ასეთი მაგალითები იყო“
ელიზბარ უბილავა, დიდოსტატი

„მთელი საჭადრაკო ელიტა ახლა არის თბილისში. ეს ძალიან დიდი წარმატებაა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი დედაქალაქისთვის, რომ ასეთი დიდი საჭადრაკო ფორუმის მასპინძლები ვართ. ჩემი აზრით, მსოფლიო თასის მონაწილეთა სიძლიერიდან გამომდინარე შეიძლება ნებისმიერმა მოჭადრაკემ გაიმარჯვოს, მით უმეტეს, რომ ნოკაუტ-სისტემის პირობებში წინა წლებში ასეთი მაგალითები იყო.“

მსოფლიო თასი ნოკაუტსისტემით შვიდ რაუნდად იმართება, თითოეულ ეტაპზე დამარცხებულები ასპარეზობას ეთიშებიან. გათამაშებაში ოთხი ქართველი დიდოსტატი, სამი ვაჟი (ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია) და ერთი ქალბატონი (ნანა ძაგნიძე) ჩაება, თუმცა პირველი რაუნდი მხოლოდ ჯობავამ გადალახა. მან ექვსპარტიან თრილერში ესპანელი ივან სალდაგო ლოპესი 4,5:3,5 დაამარცხა.

ეს წუთია ბაადურ ჯობავამ ესპანელ მეტოქეს მოუგო

გამარჯვების შემდეგ ქართველი ესპანელს გადაეხვია და ქართულ ღვინოზე დაპატიჟა, თუმცა ესპანელმა ცხელი შოკოლადი არჩია. ჯობავას მეტოქე მეორე წრეში ჩინელი დიდოსტატი იუ იანია, ანგარიში მათ შორის ჯერჯერობით საყაიმოა 1,5:1,5.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ქალთა შორის ნანა ძაგნიძე, სამწუხაროდ ნეპალური წარმოშობის ჰოლანდიელ დიდოსტატ ანიშ გირისთან დამარცხდა, რომელსაც ცოლად ქართველი მოჭადრაკე სოფიკო გურამიშვილი ჰყავს. ქართველების სიძე მეორე რაუნდში რუს მოტილევს დაუზავდა.

ანიშ გირს თბილისში ქართველი მეუღლე და პატარა დანიელი გულშემატკივრობენ

დღევანდელი დღის მთავარი სენსაცია კანადელი კოვალიოვის მიერ ინდოელი ანანდის დამარცხება გახდა, თუმცა მსოფლიოს ექს-ჩემპიონს სიტუაციის გამოსასწორებლად ერთი პარტია აქვს დარჩენილი.

მსოფლიო ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა თბილისის ტურნირი ტრადიციულად გამარჯვებით დაიწყო. პირველ რაუნდში მან ძალიან იოლად ნიგერიელ ბალაგურს აჯობა, მეორე რაუნდში კი რუს დრეევს უგებს.

FIDE-ს (მსოფლიო ჭადრაკის ფედერაცია) წესების მიხედვით, თუ თბილისის მსოფლიო თასის ფინალში, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ნორვეგიელი კარლსენი და შარშანდელი პრეტენდენტი რუსი კარიაკინი გავლენ (კარიაკინს უკვე მოპოვებული აქვს 2018 წლის პრეტენდეტთა ტურნირის საგზური) პრეტენდენტთა ტურნირის ერთ საგზურს, მიმდინარე მსოფლიო თასზე - მესამე და მეოთხე ადგილზე გასული მოჭადრაკეები გაითამაშებენ. მეორე საგზური კი FIDE-ს გრან-პრის სერიის მესამე პრიზიორს გადაეცემა.

მსოფლიო ჩემპიონები ჭადრაკში (FIDE, PCA)

ვილჰელმ სტეინიცი (ავსტრო-უნგრეთი/აშშ) 1886, 1889, 1891, 1892

ემანუელ ლასკერი (გერმანია) – 1894, 1897, 1907, 1908, 1909, 1910

ხოსე რაულ კაბაბლანკა (კუბა) – 1921

ალექსანდრე ალიოხინი (საფრანგეთი) – 1927, 1929, 1934, 1937

მაქს ეივე (ნიდერლანდები) - 1935

ნანა ალექსანდრია და მიხელ ბოტვინიკი

მიხეილ ბოტვინიკი (სსრკ) – 1948, 1951, 1954, 1958, 1961, 1963

ვასილი სმისლოვი (სსრკ) – 1957

მიხეილ ტალი (სსრკ) – 1960

ტიგრან პეტროსიანი (სსრკ) – 1963, 1966

ტიგრან პეტროსიანი და ნონა გაფრინდაშვილი

ბორის სპასკი (სსრკ) – 1969

ბობი ფიშერი (აშშ) – 1972

ანატოლი კარპოვი (სსრკ/რუსეთი) – 1975, 1978, 1981, 1993, 1996, 1998

გარი კასპაროვი (სსრკ/რუსეთი) – 1985, 1986, 1987, 1990, 1993, 1995

ალექსანდრე ხალიფმანი (რუსეთი) – 1999

რუსლან პონომარიოვი (უკრაინა) – 2002

რუსტამ კასიმჯანოვი (უზბეკეთი) – 2004

ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი) - 2005

ვლადიმერ კრამნიკი (რუსეთი) – 2000, 2004, 2006

ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) – 2000, 2007, 2008, 2010, 2012

მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) – 2013, 2014, 2016

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი