„’ქართული ოცნება’ არც ერთხელ არ უხსენებია Facebook-ს. მას პოლიტიკური სუბიექტი და პოლიტიკური პარტია გარდა ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა’, არასდროს უხსენებია,“ - უთხრა საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს 16 ივლისს.
ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
მდინარაძის ეს კომენტარი ეხებოდა Facebook-ის გადაწყვეტილებას, დააწესოს მკაცრი წესები პოლიტიკური და საარჩევნო რეკლამების განთავსებაზე საქართველოში. ამ წესების თანახმად, პოლიტიკური რეკლამების განმთავსებლებს მოეთხოვებათ, დაასახელონ რეკლამის დამკვეთი, რეკლამის თანხის გადამხდელი და გადახდილი თანხის ოდენობა, ასევე მიუთითონ, რა კატეგორიისა და ასაკობრივი ჯგუფის მომხმარებლებზეა რეკლამა გათვლილი.
ეს გადაწყვეტილება Facebook-მა მიიღო იმ წერილის პასუხად, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა 29 ივნისს გაუგზავნეს. წერილში სამოქალაქო საზოგადოება Facebook-ს სთხოვდა „2020 წლის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნების დაცვას ქვეყნის შიგნით თუ გარედან მომდინარე გამოწვევებისგან“.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები 150-წევრიან პარლამენტში ახალი სისტემით ჩატარდება. ამ საარჩევნო სისტემით, რომელიც პარლამენტმა 20 ივნისს დაამტკიცა, საქართველოს ეძლევა შანსი, ჩამოაყალიბოს კოალიციური მთავრობა და დაასრულოს ერთი პარტიის ხელში ძალაუფლების კონცენტრირების არსებული პრაქტიკა.
საარჩევნო სისტემის რეფორმირების გადაწყვეტილებას ერთწლიანი პოლიტიკური დაძაბულობა უძღოდა წინ, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს დაიწყო. შეთანხმების მიღწევა, ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების მონაწილეობით, 2020 წლის მარტში მოხერხდა.
15 ივნისს გამოგზავნილი პასუხით Facebook-მა წერილის ავტორებს აცნობა, რომ ახალი წესები აგვისტოდან ამოქმედდებოდა. ამ წესების თანახმად, რეკლამის დამკვეთი, ვისაც საარჩევნო ან პოლიტიკური რეკლამის განთავსება სურს, ვალდებულია Facebook-ს წარუდგინოს საქართველოში გაცემული პირადობის დამადასტურებელი საბუთი, ასევე, მიაწოდოს ინფორმაცია ორგანიზაციის ან პიროვნების შესახებ, ვინც რეკლამის უკან დგას მისი მისამართის, ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტისა და ვებგვერდის მითითებით.
რაც შეეხება მდინარაძის ზემოაღნიშნულ კომენტარს Facebook-ის ამ გადაწყვეტილების თაობაზე, მისი ერთი ნაწილი სიმართლეს შეესაბამება. სიმართლეა ის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ყოფილი მმართველი პარტია, რომელიც 2012 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კოალიციასთან დამარცხდა, Facebook-მა ახსენა 2020 წლის აპრილის ანგარიშში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღმოჩენილი კოორდინირებული არაავთენტური ქცევის შესახებ.
Facebook-ის განმარტებით, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა ნიშნავს გვერდების ან ადამიანთა ჯგუფის ისეთ აქტივობას, რომლის მიზანიც სხვების მოტყუებაა, ამ გვერდების თუ ადამიანების რეალური ვინაობის ან საქმიანობის შესახებ.
2020 წლის აპრილის კოორდინირებული არაავთენტური ქცევის ანგარიშში Facebook-ი საქართველოში ორი ქსელის წაშლის შესახებ იუწყებოდა. ერთ-ერთი ქსელი Facebook-ის 23 ანგარიშის, 80 გვერდის, 41 ჯგუფისა და Instagram-ის 9 ანგარიშისგან შედგებოდა. ეს ქსელი Facebook-მა დაუკავშირა ადამიანებს, რომლებიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებოდნენ.
ანგარიშის თანახმად, ამ ქსელის აქტორები „იყენებდნენ როგორც ავთენტურ, ისე ყალბ ანგარიშებს, რათა კომენტარები დაეტოვებინათ სოციალურ ქსელში დადებულ მასალებზე, თავიდან აერიდებინათ აღმოჩენა და წაშლა და ემართათ ჯგუფები და გვერდები. მათი ნაწილი პოზიციონირებდა როგორც ახალი ამბების სააგენტო.“ ეს ანგარიშები ხშირად დებდნენ პოსტებს, რომლებიც შეიცავდა „მმართველი პარტიის და ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პანდემიის მართვის კრიტიკას“.
Facebook-ის თქმით, ამ ქსელის, სულ ცოტა, ერთ გვერდს დაახლოებით 785 000 მიმდევარი, ერთ ჯგუფს 6 300-მდე მიმდევარი, ხოლო Instragm-ის ერთ ანგარიშს თითქმის 6 400 მიმდევარი ჰყავდა.
თუმცა, მდინარაძის კომენტარის ის ნაწილი, სადაც ამბობს, რომ Facebook-ს არც ერთი „პოლიტიკური სუბიექტი და პოლიტიკური პარტია გარდა ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა’, არასდროს უხსენებია,“ სიცრუეა, რადგან გასული წლის დეკემბერში Facebook-მა ასევე წაშალა ყალბი ანგარიშები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ უწევდნენ პოპულარიზაციას.
2019 წლის 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში კოორდინირებული არაავთენტური ქცევის შესახებ, Facebook-ი იუწყებოდა უფრო მსხვილი ქსელის წაშლის შესახებ, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული. წაიშალა Facebook-ის 39 ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და Instragm-ის 22 ანგარიში.
ეს ანგარიშები პოზიციონირებდნენ როგორც ახალი ამბების სააგენტოები და განასახიერებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიაორგანიზაციებს. მათ მიერ გამოქვეყნებული პოსტები ეხებოდა ადგილობრივ ამბებს, პოლიტიკურ საკითხებს, არჩევნებს, სამთავრობო პოლიტიკასა და ოფიციალურ პირებს, ასევე, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტთა ჯგუფების კრიტიკას.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, შეენიღბათ საკუთარი ვინაობა და კოორდინირებული აქტივობა, ჩვენმა გამოძიებამ ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო სააგენტო ‘პანდას’ და ‘ქართული ოცნების’ მთავრობას დაუკავშირა," წერია Facebook-ის ანგარიშში.
2019 წლის დეკემბრის ანგარიშის თანახმად, ამ ქსელის, სულ ცოტა, ერთ გვერდს 442 300 მიმდევარი ჰყავდა. გარდა ამისა, 52 000 პროფილი გაწევრიანებული იყო, მინიმუმ, ერთ ჯგუფში, ხოლო 2 100 ადამიანი Instagram-ის, სულ ცოტა, ერთი ანგარიშის მიმდევარი იყო. ამ აქტორებმა 316 000 აშშ დოლარი დახარჯეს Facebook-სა და Instagram-ზე სხვადასხვა სახის რეკლამის განთავსებაზე.
ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიის (DFRLab) ცნობით, რომელიც იკვლევს დეზინფორმაციას სიცრუის და ყალბი ამბების გამომჟღავნების გზით, Facebook-ის მიერ წაშლილი გვერდების დიდი ნაწილი 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერშია შექმნილი. ეს გვერდები ავრცელებდნენ მთავრობის მხარდამჭერ მასალებს, თავს ესხმოდნენ ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას და ცდილობდნენ „საქართველოს დასავლელი მოკავშირეების, განსაკუთრებით კი აშშ-ის დისკრედიტაციას,“ ნათქვამია DFRLab-ის კვლევაში.
2020 წლის აპრილის ანგარიშში Facebook-მა მეორე დიდი ქსელის წაშლის შესახებაც განაცხადა, რომელიც ირიბად, მედიაკომპანია „ესპერსონას“ მეშვეობით, უკავშირდებოდა „ქართულ ოცნებას“. ეს ქსელი Facebook-ის 511 გვერდის, 101 ანგარიშის, 122 ჯგუფისა და Instagram-ის 56 ანგარიშისგან შედგებოდა. ისინი იყენებდნენ ფიქტიურ პიროვნებებს, რათა ოპოზიციის ლიდერები და ადგილობრივი ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური წარმომადგენლები განესახიერებინათ და აქვეყნებდნენ პოსტებს ახალი ამბების, პოლიტიკის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების შესახებ.
Facebook-მა „ესპერსონა“ აკრძალა. DFRLab-ის ცნობით, "ესპერსონა“ ეკუთვნოდა კოკა ყანდიაშვილს, საქართველოს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, რომელმაც ეს თანამდებობა 2013 წელს დატოვა და მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი გახდა.
დიდი ხანია, რაც ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ყანდიაშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. ისინი ამბობდნენ, რომ ის მართავდა „ბოტების და ტროლების ფართო ქსელს, რომლებიც მთავრობის კრიტიკოსების დემონიზებით იყვნენ დაკავებული“. ყანდიაშვილი ამ ბრალდებებს უარყოფს.
Facebook-ის აპრილის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ორივე პარტიამ - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“, უარყვეს დეზინფორმაციულ ქსელებთან კავშირი და ერთმანეთს ურთიერთბრალდებებით დაუპირისპირდნენ.
6 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღნიშნა, რომ პარტიისთვის „მიუღებელია პოლიტიკის ასეთი მეთოდებით კეთება“ და „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა ყალბი ინფორმაციის და სიძულვილის გავრცელებაში. „ქართული ოცნების“ ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კი განაცხადა, რომ ყანდიაშვილს მმართველ პარტიასთან რაიმე ოფიციალური კავშირი არ ჰქონდა.
ეს სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა "ამერიკის ხმის" ფაქტების დამდგენ პროექტ "პოლიგრაფზე", აქ.