რატომაა აუცილებელი 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება?

2008 წლის აგვისტოს ომზე ბევრი, მართალია ითქვა და დაიწერა, მაგრამ დასაწერი და სათქმელი, ალბათ უფრო მეტია დარჩენილი. მეტია შესაფასებელი და შესასწავლიც. რამდენიმე დღის წინ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია საქართველოში კიდევ ერთხელ იმყოფებოდა და ოფიციალური პირებისგან ომის დანაშაულების გამოძიების პირობა კიდევ ერთხელ მიიღო.

რეზერვის ვიცე –პოლკოვნიკი, ომის ვეტერანი ხვიჩა წულაია, რომელსაც ამერიკის ხმა ესაუბრა უაღრესად საინტერესო მოსაზრებებს გამოთქვამს როგორც აგვისტოს ომის თაობაზე, ასევე წმინდა წყლის სამხედრო შეცდომებსა თუ ნაკლოვანებებზე. რა იყო აგვისტოს ომი? კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა თუ იძულებითი თავდაცვა. რეზერვის ვიცე პოლკოვნიკი და სამხედრო სფეროს ზედმიწევნით სკურპულოზული მცოდნე ხვიჩა წულაია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მათ შორის დიდი სხვაობაა. იძულებითი თავდაცვითი ღონისძიება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა იძულებითი წესით ახორციელებს საკუთარ თავდაცვას, მოჰყავს სამხედრო ძალები მზადყოფნაში იმ გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, რომ ქვეყანას თავს დაესხა სხვა სახელმწიფო. 2008 წლის აგვისტოში, ომის დაწყებისას ყველას კარგად ახსოვს გენერალ მამუკა ყურაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აპირებს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას. კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა ნიშნავს სწორედ საომარი მოქმედებების დაწყებას და მის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას გენერალური შტაბის მიერ.

„ახლა აცხადებენ, რომ ჩვენ აგრესორი რუსეთი დაგვესხა თავს და იძულებული ვიყავით თავი დაგვეცვა, მაგრამ იმდროინდელ განცხადებებს რომ ვისმენთ, თუნდაც 2008 წლის 8 აგვისტოს საღამოს გამოსვლები ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, იქ საუბარია, რომ ჩვენ აღვადგინეთ ქვეყნის კონსტიტუციური წეს–წყობილება ცხინვალის რეგიონში. საუბარია სეპარატისტებზე და ბანდ–ფორმირებებზე. არავინ არ ახსენებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და არავინ არ ახსენებს რუს მებრძოლებს. თუ ჩვენ თავდაცვით ომს ვაწარმოებდით, სად იყვნენ რუსები, დაგვესხნენ თუ არ დაგვესხნენ? თუ ჩვენ კონსტიტუციური წესრგიგის აღდგენაზე მივდიოდით, იყო თუ არა შეიარაღებული ძალები მზად ომისთვის, რომ კონსტიტუციური წესრიგი აღედგინა? აღმოჩნდა, რომ არ იყო. თუ მზად არ იყო, მაშინ რატომ მივიღეთ გადაწყვეტილება კონსიტიტუციური წესრიგის დამყარებაზე? აი, აქ დგას პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყნის ხელისუფალის. თუ ბრძოლას არ იგებ რუკაზე, კაბინეტში, დაგეგმარების დროს, გარეთ არ უნდა გახვიდე. მარტივად რომ ვთქვათ, ომის დაწყებას ჭკუა–გონება არ უნდა. ომში გამარჯვებას ჭირდება ჭკუა, გონება, განათლება და ცოდნა,“– აცხადებს ხვიჩა წულაია.

სამხედრო სფეროს სპეციალისტემა კარგად იციან რას ნიშნავს დაზვერვა და რა ტექნიკური საშუალებები გამოიყენება ამ საქმიანობისთვის. სპეციალურ ჟურნალებში ყოველდღიურად ჩნდება ჩანაწერი, დაზვერვის მონაცემებით სად რა ძალები იმყოფება და ვის სად გადაადგილდება. ამ ცნობების თანახმად შესაძლებელია ომის წინანდელი, ომის დროინდელი და შემდგომი პერიოდის სრული სურათის აღდგენა, რაც ცხადად წარმოაჩენს იმ შეცდომებსა თუ სწორად დაგეგმილ ღონისძიებებს, რასაც ადგილი ჰქონდა. ხვიჩა წულაია:

„მესამე ელემენტი: მოწინააღმდეგე. თუ ჩვენ მოწინააღმდეგე არასწორად შევაფასეთ, დაგეგმარება აღმოჩნდება არასწორი და ყოველთვის წავაგებთ. ამიტომ დაზვერვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოიპოვოს ინფორმაცია მოწინააღმდეგეზე. თუ დაზვერვა გამართულად ვერ მუშაობს, მოწინააღმდეგეზე ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ შევიდეთ ბრძოლის ველზე ბრმად და ვიქნიოთ მუშტები იქ, სადაც მოწინააღმდეგე არაა, ან შეიძლება იყოს. დაზვერვის კომპონომენტი ძალიან დაბალ დონეზე იყო იმ პერიოდის ქართულ შეიარაღებულ ძალებში. დაწყებული სტრუქტურული ცვლილებებით, დამთავრებული დამოკიდებულებით დაზვერვის მიმართ. აქ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გადავედით ნატოს სტანდარტებით დაზვერვის სისტემაზე, სადაც ძირითადი დატვირთვა აქვს ელექტრონულ, საავიაციო და ტექნიკური დაზვერვის სისტემას და მისი მეშვეობით მოიპოვება ინფორმაცია მოწინააღმდეგეზე და თითქმის უარვყავით ადამიანური რესურსებით ბრძოლის ველის დაზვერვის ელემენტი. თუმცა, ამავდროულად, ჩვენ თითქმის არ გაგვაჩნდა ის ტექნოლოგიური საშუალებები სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების, თან უარი ვთქვით ადამიანური რესურსის გამოყენებაზე. საბოლოო ჯამში, აღმოვჩნდით დაზვერვის გარეშე.“

ხვიჩა წულაია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს იმასაც, რომ ომის დაწყებაზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დამყარებული სახელმწიფოს შესაძლებლობაზე, აწარმოოს ომი. ამისთვის ქვეყნის მთავარსარდალი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაშია. რამდენად მზად იყო საქართველოს ჯარი ომისთვის 2008 წლის აგვისტოში. მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან გახარჯული უზარმაზარი თანხები თავდაცვისთვის უბრალოდ, ჰაერში გასროლილი აღმოჩნდა.

„კომისიის შექმნა ახლა და შესწავლა დარღვევების აუცილებლად მიმაჩნია, პირველ რიგში ობიექტურობის დასადგენად. წინა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩვენ შევისწავლეთ და ჩვენს მიერ იქნა გამოსწორებული შეცდომები, მაგრამ ეს ნათქვამი ხალხს ნაკლებად ეიმედება. ის ენდო ხელისუფლებას და დაინახა, რომ ტერიტორიების 20 პროცენტი დავკარგეთ. ომის წაგების ბევრი მიზეზია. ერთი რომელიმეს გამოყოფა, არასწორად მიმაჩნია. ომი პირველ რიგში იმის გამო წავაგეთ, რომ ომი არ უნდა ყოფილიყო. ჩვენ ომისთვის მზად არ ვიყავით. დიდი თანხები გაიხარჯა, მაგრამ არასწორად. ქართული შეიარაღებული ძალების მშენებლობა არასწორად მიმდინარეობდა. ეს საქმე იმ ადამიანებმა დაიწყეს, რომელთაც საერთოდ შეხება ცოდნა, განათლება შეიარაღებული ძალების მშენებლობისა არ გააჩნდათ. მათ სწორად ვერ განსაზღვრეს ამოცანები. ამ ამოცანების შესასრულებლად საჭირო სტრუქტურები და ამ სტუქტურებისთვის საჭირო შესყიდვების თუ საწვრთნელ–საგანმანამთლებლო მომზადების პროცედურები. მაგალითისთვის, აგვისტოს ომისთვის ჩვენ ჰაერიდან საერთოდ დაუცველები აღმოვჩნდით. რუსეთის ავიაციისთვის ჩვენ ვერ შევძელით ჰაერში გაგვეწია წინააღმდეგობა. ამან გამოიწვია მთელი თავდაცვითი სისტემის მოშლა და საბოლოოდ ჯარის კრახი და ბრძოლის ველიდან, ფაქტობრივად გასვლა. ამის წინასწარ გათვლა შესაძლებელი იყო. სამხედრო ექსპერტების, სამხედრო მეცნიერებისა და პროფესიონალების მიერ რომ ჩამოყალიბებულიყო სტრუქტურა, ნებისმიერი სამხედრო, ოპერატიული თუ სტრატეგიული განათლების მქონე ოფიცერთა ჯგუფი, დაუსაბუთებდა ქვეყნის ხელმძღვანელ პოლიტიკოსებს, თუ რა სტრუქტურა იყო საჭირო რომ ჯარი ყოფილიყო ბრძოლისუნარიანი. ჯარი, რომელიც ჰაერიდან არაა დაცული, ყოველთვის არის დამარცხებული. გასაგებია, რომ ეს ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ თუ ეს არ გაქვს ჯარის სხვა, ქვეითი ელემენტები დაუცველია, დამარცხებისთვისაა განწირული და როდესაც ამას ხედავ და აფასებ, ყოველთვის თავი უნდა შეიკავო საბრძოლო მოქმედებების დაწყებისგან,“– აცხადებს ხვიჩა წულაია.

რამდენიმე დღის წინ პრემიერ მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა იმის თაობაზე, რომ ომის დროს ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები აუცილებლად იქნება შესწავლილი და გამოძიებული.