საქართველო რუსეთისგან 70 320 000 ევროს ითხოვს

როდის და რა თანხას გადაიხდის რუსეთის ფედერაცია 2006 წელს დეპორტირებულთა სასარგებლოდ, სტრასბურგის სასამართლოს მითითებებით გაირკვევა.

საქართველოს ხელისუფლებამ ბოლომდე გამოიყენა ვადა, რაც მიცემული ჰქონდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ეროპული სასამართლოსგან 2006 წლის რუსეთის ფედერაციიდან დეპორტაციის საკითხზე რუსეთთან კომუნიკაციისა და შეჯერებისთვის. მხოლოდ დღეს, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი წლის თავზე მიემართა სტრასბურგს საქართველოს ოფიციალური პოზიციის ამსახველი დოკუმენტით და კომპენსაციის თანხის დასახელებით.

„აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთში ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რის შედეგადაც რუსეთიდან გამოაძევეს 4,634 ქართველი, რითაც მათ მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე ოქმის მე-4 მუხლი. სასამართლომ, ასევე, მიუთითა, რომ 2,380 ქართველი იყო უკანონოდ დაკავებული რუსეთში და გამოძევებული ევროპული კონვენციის მე-3 და მე-5(1),(4) მუხლების დარღვევით, ხოლო დაკავებულებიდან სამი ქართველი დაიღუპა პატიმრობისას. სტრასბურგის სასამართლომ, ასევე, მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული უფლებების დარღვევის მსხვერპლთათვის არ იყო ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებები, რამაც გამოიწვია კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა მე-3, მე-5 (1), (4) მუხლებთან და მეოთხე ოქმის მე-4 მუხლთან ერთობლიობაში. აღნიშნული დარღვევების დადგენით რუსეთს წარმოეშვა სამართლებრივი ვალდებულება, საქართველოს გადაუხადოს კომპენსაცია ზემოაღნიშნული უფლებების დარღვევისთვის,”- ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს: „როგორც კი გამოიტანს სტრასბურგი გადაწყვეტილებას თანხის გადახდაზე საქართველოს სასარგებლოდ რუსეთის მიერ, აღსრულება დაევალება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს. გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, ყველამ ვიცით, რომ არის პოლიტიკური პრობლემა საეთაშორისო ასპარეზზე რუსეთისთვის, თუკი ის ამას არ შეასრულებს. ყველაზე გართულებულ შემთხვევაში, ეს შეიძლება ქვეყნის ევროპის საბჭოდან გარიცხვითაც კი დასრულდეს.“

"ამერიკის ხმამ" იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გოჩა ლორთქიფანიძეს იმ კონკრეტული პროცედურების შესახებ დაუსვა კითხვები, რაც უნდა მოჰყვეს საქართველოს პოზიციის დაფიქსირებას სტრასბურგში. „კომპენსაციის საკითხი უნდა დაადგინოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სასამართლომ. ჯერ სასამართლო იმსჯელებს, ჩამოაყალიბებს პროცედურებს, რა პროცედურებითაც ეს საკითხი უნდა იყოს განხილული, ასევე მიუთითებს მხარეებს შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებზე, ასევე იმსჯელებს ამაზე, მიიღებს გადაწყვეტილებას და რომ მიიღებს გადაწყვეტილებას კომპენსაციის საკითხზე, აღსასრულებლად ეს საკთხი გადაინაცვლებს მინისტრთა კომიტეტში,“- ამბობს გოჩა ლორთქიფანიძე.

იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ რუსეთის ფედერაციას სტრასბურგის მითითებების თაობაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. ასევე ადგილი არ ჰქონია მათი მხრიდან კომუნიკაციის მცდელობას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან 2006 წლის დეპორტაციის საქმეზე.

"ამერიკის ხმა" სისტემატურად ადევნებს თვალყურს სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი სარჩელების თემას. უკანასკნელად მას სამიოდე კვირის წინ შევეხეთ, როდესაც ჩვენთან საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმოამდგენელმა თამარ აბაზაძემ განაცხადა: „რუსეთის მიდგომა ქართველების მიმართ გამოხატულია ეთნიკური ნიშნით დევნით. ვინაიდან ქართველები იყვნენ, სწორედ ამიტომ დაქვემდებარნენ ისინი ამდაგვარ მოპყრობას. აი, ეს იქნება დამაკავშირებელი და საერთო 2008 წლის საქმეებშიც. აქაც, ამ შემთხვევაშიც, პოლიტიკური ნება იყო რუსეთის ფედერაციისა, რომ ეთნიკური ქართველების, საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაერღვია მთელი რიგი უფლებები.“

საქართველოდან სტრასბურგში ორი სახელმწიფოთაშორისი სარჩელია გაგზავნილი, ორივე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. მათგან 2008 წლის ომის შესახებ საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია. 2006 წელს უკანონოდ დეპორტირებულთა საქმეზე კომპენსაციის სახით საქართველო რუსეთისგან 70 320 000 ევროს ითხოვს.