მიმდინარე კვირაში გავრცელებული სკანდალური ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) განცხადებას ავრცელებს და ფაილებში მყოფ ყველა პირს დახმარებას სთავაზობს. საუბარია ძირითად შემთხვევაში სასულიერო პირებზე, რომელთა პირადი ცხოვრების მასალები გასაჯაროვდა. არსებობს ვარაუდი, რომ მასალები პირადი ცხოვრების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გავრცელდა.
ჩანაწერების ფიგურანტ პირებს გამოვუცხადოთ სოლიდარობა და საჭიროების შემთხვევაში, გავუწიოთ სამართლებრივი დახმარება - აცხადებს საია. სკანდალურ მასალებში საუბარია უკანონო ფარულ მიყურადებაზე, რაც ხშირ შემთხვევაში როგორც პირად ცხოვრებას, ასევე საქმიან შეხვედრებსაც მოიცავს.
„ადამიანის პირად ცხოვრებას, პირად სივრცესა და კერძო კომუნიკაციას იცავს საქართველოსკონსტიტუცია და არაერთი საერთაშორისო აქტი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კიგანსაკუთრებულ კონტროლს აწესებს პირად ცხოვრებაში ჩარევაზე. ხშირია შემთხვევები, როდესაცმრევლს მოძღვართან ტელეფონის მეშვეობით აქვს ისეთ საკითხებზე საუბარი, რაც აღსარების საიდუმლოს მიეკუთვნება. სასულიერო პირების უკონტროლო და უკანონო მიყურადება კი საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანების პირადი ცხოვრების სხვა ასპექტებს, აგრეთვე აღსარების საიდუმლოს, რომელსაც გამოძიების მიმდინარეობის პროცესშიც კი იცავს კანონმდებლობა. სავარაუდო ფარული მიყურადება/თვალთვალი ასევე არღვევს კიდევ ერთ ფუნდამენტურ სისხლის სამართლებრივ პრინციპს - ადვოკატსა და კლიენტს შორის კონფიდენციალურ ურთიერთობას, რომლის დაცვის გარეშე ,შეუძლებელია კლიენტის ნდობის მოპოვება და მისი საპროცესო უფლებების ჯეროვნად შესრულება,”- წერია განცხადებაში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტს, პროკურატურასა და საკონსტიტუციო სასამართლოს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„საქართველოს პარლამენტმა, როგორც მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა შეისწავლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა. მოვუწოდებთ პროკურატურას:
- დამნაშავეთა გამოვლენის მიზნით აწარმოოს დროული, მიუკერძოებელი, ეფექტიანი გამოძიება.
- მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერმანენტულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტს:
- განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობა და დროულად შექმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის სუს-ის მხრიდან სავარაუდო მასობრივი უკანონო მიყურადებისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე მათი გავლენის ფაქტებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს:
- დროულად უზრუნველყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მომწესრიგებელი კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტა.“ - წერია განცხადებაში.
ახალგაზრდა იურისტები მიესალმებიან მედიასაშუალებების გადაწყვეტილებას, რომ არ მოხდეს ფაილებში არსებულ პირთა პირადი ცხოვრების გაშუქება და ამით საზოგადოების ინფორმირება.
გამოძიება პროკურატურასა და სუს-ში ჟურნალისტების ნაწილის დაკითხვით დაიწყო, რომლებმაც სპეცსამსახურის მიერ მოპოვებულ ათასობით უკანონო ფაილთან წვდომა 13 სექტემბერს, ანონიმური საფოსტო მისამართით მიიღეს.
თავად უკანონო მასალები, რომლებიც პირადი ცხოვრების ამსახველი და პერსონალური ინფორმაციის გარდა, სახელმწიფო უსაფრთხოების საიდუმლო მონაცემებსაც შეიცავს (ზოგ ფაილში, ღიად არის სუს-ის აგენტების ნაწილის პერსონალური ინფორმაცია და ტელეფონები) დღემდე ხელმისაწვდომია უცხოეთის ერთ-ერთ ვებ-გვერდზე, რომელსაც დომეინის დეტალები დახურული აქვს.