რატომ იკრიბება ოპოზიცია?

ია ანთაძე: ნაციონალური მოძრაობა თავის ძალას აჩვენებს
ხვალ, 19 აპრილს ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც ახლა ოპოზიციას წარმოადგენს შეკრება უნდა გამართოს. ამ საპროტესტო აქციის ძირითად მიზეზს, ოპოზიციის განცხადებით საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი წარმოადგენდა, თუმცა პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობას განსაზღვრავს, ამგვარ აუცილებლობას ანეიტრალებს.

ნაციონალური მოძრაობის შეკრებამდე ორი დღით ადრე, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ვანო მერაბიშვილი, რომელიც ხვალინდელი შეკრების სულისჩამდგმელია, ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთმა ყოფილმა წევრმა, მარიკა ვერულაშვილმა უღირს ადამიანად მოიხსენია.

„მე მაქვს უტყუარი ინფრორმაცია იმის თაობაზე, რომ გუშინ წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული დათა ახალაიას მიმართვა ნამდვილად მას ეკუთვნის. უფრო მეტიც, ეს განცხადება, რომელიც სიურპრიზი აღმოჩნდა ბევრისთვის, არანაირად კავშირში არაა 19 აპრილს დაანონსებულ აქციასთან. ესაა დათა ახალაიას საჩუქარი, მე ვთვლი, რომ დამსახურებული საჩუქარი იუბილარი ვანო მერაბიშვილისადმი, რომელსაც გუშინ წინ დაბადების დღე ჰქონდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის მიჩვეული სიმართლის თქმას, თუმცაღა მას სიმართლის მოსმენა ხშირად მოუწევს და უახლოეს მომკავალში ის ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდეს. მე დღემდე არ გამიკეთებია განცხადება პარტიის დატოვების მიზეზებზე. დღეს მინდა განვაცხადო, რომ ნაციონალური მოძრაობის კრახი და ჩემი პარტიის კრახი საპარლამენტო არჩევნებზე, ვთვლიდი, რომ მისი დამსახურება იყო და ამ დამარცხების შემდეგ, ვთვლიდი, რომ ის აღარ უნდა ყოფილიყო გენერალური მდივანი. რადგან ეს ასე მაინც მოხდა, მე გადავწყვიტე, რომ ჩემი ადგილი აღარ იყო ამ პარტიის რიგებში, თუმცა თქვენ იცით, რომ ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება იყო. დღიდან დაარსებისა მე ამ პარტიის აქტიური წევრი ვიყავი. დღესაც ვთვლი და მაშინაც ვთლიდი, რომ ვანო მერაბიშვილის გვერდით დგომა დანაშაულია“, – ამბობს მარიკა ვერულაშვილი.

შეკრებამდე სამი დღით ადრე კი ქართული მედია დაიპყრო დათა ახალაიას სახელით სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოქვეყნებული წერილების განხილვამ. პირველი წერილი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ვანო მერაბიშვილის ახალაიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას ამხელდა, მეორე წერილი კი პირველის უარყოფას წარმოადგენდა. თავად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ახალაიას წერილის ავთენტურობაზე ცალსახა კომენტარ ვერ აკეთებდნენ. გიგი უგულავამ, თბილისის მერმა, მაგალითად განაცხადა:

„არაფერი არ ეწერა იქ ისეთი, რაც ამ შვიდი თვის მანძილზე გაზეთებში ან ტელევიზიაში არ ყოფილიყოს, ამიტომ შინაარსზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია, იმდენად აბსურდული რამეა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ხუხაშვილის გუშინდელი გამოსარჩლება, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც ორკესტრირებულ მოქმედებას აქვს ადგილი. ეს მხოლოდ ერთადერთი რამით იხსნება: ისე ეშინია ამ ხელისუფლებას 19 აპრილის აქციის, რომ მგონი ეპარებათ კიდეც. რაც შეეხება ახალაიას, მან ან უნდა დაადასტუროს, ან ჩამოვიდეს და რაც უნდა ის მოუყოლია.“

ნაციონალურმა მოძრაობამ მაშინ, როდესაც მიტინგის გამართვა 19 აპრილს დაანონსა, განაცხადა, რომ შეკრება აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ყველა დაერწმუნებუნა ერთის მხრივ დასავლური კურსის უალტერნატოვობაში, მეორეს მხრივ კი საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერაში ამ მოსაზრებისადმი. ის, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორები და პრიოორიტეტები უცვლელია და მის კურსს გადახრის საფრთხე არ ემუქრება, პოლიტიკური უმრავლესობა ყოველდღიურად დეკლარირებს, როგორც საპარლამენტო ტრიბუნიდან, ასევე სხვადასხვა დონის შეხვედრებზე. თუ სადაო საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით არაფერია, ამ შემთხვევაში საფუძველი ეცლება ოპოზიციის შეკრების უმთავრეს მიზეზსაც. თუმცა ხვალინდელი შეკრება მაინც შედგება. ია ანთაძე, ჟურნალისტი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეს ვანო მერაბიშვილის, ერთი ადამიანის ძალების მოსინჯვას ნიშნავს, რომელსაც დღეს ნაციონალური მოძრაობიდან უკვე ბევრი გაემიჯნა.

„საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, რაც პრეზიდენტს ჩამოერთვა უფლება თვითონ დანიშნოს ახალი მთავრობა პარლამენტთან შეუთახმებლად, 19–მა აპრილმა დაკარგა ძირითადი მნიშვნელობა. რადგან თუ ჩვენ გადმოვითვლიდით უკან დროს, როდესაც შეიძლებოდა კონსტიტუციურად მთავრობის დათხოვნა და პარლამენტის დათხოვნა მოესწრო პრეზიდენტს თავის შეზღუდულ ვადაში, აღმოვაჩენდით, რომ 19 აპრილი იყო ბოლო დღე, როდესაც შეიძლებოდა მთავრობის დათხოვნა და ამას მოყვებოდა, ვთქვათ, პარლამენტის დათხოვნა შესაბამის საკონსტიტუციო ვადებში. ასე რომ, 19 აპრილი მართლაც მნიშვნელოვანი დღე იყო, კონსიტიტუციის ძველი ნორმებიდან გამომდინარე. დღეს ეს ნორმები აღარ მუშაობს. ამდენად, 19 აპრილი შეიძლება იყოს მხოლოდ ის დღე, რომელსაც ექნება პოლიტიკური მნიშვნელობა იმ თვალსაზრისით, რომ ნაციონალური მოძრაობა თავის ძალას აჩვენებს. ეს, როგორც ჩანს, არის მაინც ვანო მერაბიშვილის აქცია, როდესაც ვანომ შეიძლება გააკეთოს რაიმე პოლიტიკური განცხადება. დღეს საბოლოოდ ითქვა გიორგი ვაშაძის მიერ, რომ პრეზიდენტი არ აპირებს 19 აპრილს აქციაზე მისვლას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ეს არის შეხვედრა, რომელიც კონკრეტულად ვანო მერაბიშვილის მიერაა ორგანიზებული და მის პირად ინტერესში შედის, რომ აქციამ ჩაიაროს იმგვარად, როგორც მას წარმოუდგენია და საზოგადოებას შეატყობინოს ის, რაც სურს,“– განაცხადა ია ანთაძემ.

ხვალინდელ მიტინგს, რომელიც რუსთაველზე გაიმართება, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცისა და სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლები დააკვირდებიან. შსს– მ დღეს გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ მობილიზებულია ხვალინდელი დღისთვის და მზადაა უზრუნველყოს მშვიდობიანი მიტინგისა და მოქალაქეთა, მასობრივი ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოება.