ნაცემი ჟურნალისტები შიდა ქართლში

კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს დღესაც ჩხუბი მოჰყვა
პოლიტიკურ ნიადაგზე ფიზიკური შეხლა–შემოხლისა და ინციდენტების სერია შიდა ქართლში გრძელდება. კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს გორში, კარალეთისა და ვერხვების დევნილთა ჩასახლებებში დღესაც ჩხუბი მოჰყვა. საავადმყოფო „გორმედში“ ინციდენტების დროს დაზარალებული ცამეტი პაციენტი ერთდროულად შეიყვანეს.

დაზიანებები ჟურნალისტებმაც მიიღეს, რომლებიც შეხვედრას აშუქებდნენ. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი, საბა წიწიკაშვილი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ „ინფო 9“–ის გადამღები ჯგუფის წევრებს რეზო ნადირაძესა და ლექსო ალექსიძეს, რომლებსაც უცნობმა პირებმა ვიდეოკამერაც წაართვეს.

„თავდაპირველად ვერხვებზე, დევნილთა ჩასახლებაში ვიყავით, სადაც მამასახლისმა გვითხრა, ნუ გეშინიათ, გარანტიას გაძლევთ, აქ არაფერი მოხდებაო. სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ უცნობი პირები და სიტუაცია დაიძაბა. „მიშა, მიშა, რუსეთის აგენტებო“ სკანდირებდნენ ისინი. ჩვენ გადაღების ადგილი დავტოვეთ და მასალის დასამონტაჟებლად წავედით, ამ დროს დაგვირეკა ჩვენმა კოლეგამ შორენა აბელაშვილმა და გვითრა, კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში მოდით სასწრაფოდ, გვიშველეთ, ქვებს გვესვრიანო. როდესაც ჩვენ იქ მივედით, ინციდენტი, ფაქტობრივად, ამოწურული იყო და გადავწყვიტეთ თვითმხილველები ჩაგვეწერა. სწორედ ერთ–ერთი ქალბატონის ჩაწერისას დაგვესხნენ თავს ის უცნობები, რომლებიც მანამდე ვერხვებზე, დევნილთა ჩასახლებაში ვნახეთ. მე და ჩემს ოპერატორს გვცემეს და კამერა წაგვართვეს. ამ ინციდენტის ამსახველი კადრები ჩვენს კოლეგებს აქვთ,“ - ამბობს რეზო ნადირაძე, „ინფო 9“-ის ჟურნალისტი.

ვერხვების ჩასახლებაში ქვები არ უსვრიათ, ალბათ, იმიტომ, რომ იქ ქვები არ იყო. კარალეთის დასახლებაში რომ მივიდნენ, ჯერ გამოიქცა მამასახლისის ბიძა, მას მოჰყვა მამასახლისი ლევან მაისურაძე ყვირილითა და გინებით - ამბობდა, აქედან წადითო. მერე ძმები გოჩაშვილები და გია ჭულუხაძე მოვიდნენ - ესენი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არიან და მიცნეს. ამიტომ ჩემზე წამოვიდნენ იერიშით. ბევრი მათგანი ამოვიცანი და პირდაპირ ვუთხარი, რომ საჯარო მოხელეები იყვნენ, გვარებიც დავუსახელე და საშინლად გაღიზიანდნენ გამომეკიდა მაისურაძე, რომელიც ადრე ამოცნობილი მყავდა. მე გავექეცი, მაგრამ მეორე მხრიდან გოჩაშვილი მომადგა და წამაქციეს. ფაქტობრიად, წიხლქვეშ ვყავდი. ვიღაცეებმა გამოაგლიჯეს ჩემი თავი. რეზო ნადირაძეს ეუბნებოდნენ, შენც უნდა გცემოთო. ტექსტი, რომელსაც ყველა შეხვედრის დროს იყენებენ, ასე ჟღერს: სად იყავით ომის დროს?! ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ აჩვენონ, რომ მოსახლეობა, დევნილები არ ღებულობენ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ კი, პირადად ვიცნობთ ყველას და ვაფიქსირებთ, რომ ეს სიცრუეა, ამიტომ ღიზიანდებიან ჩვენზე,“ - ამბობს საბა წიწიკაშვილი, ჟურნალისტი, რომელმაც დღეს მძიმე დაზიანებები მიიღო.

„ქვებს ისროდნენ ეგრეთ წოდებული ზონდერები და მამასახლისი ლევან მაისურაძე. მე ყველა მათგანს ვცნობ პირადად," - ამბობს ნოდარ სხირტლაძე, მეცხრე არხის ჟურნალისტი.

„გორმდის“ ქირურგი, დავით გასიტაშვილი ამბობს, რომ 13 პაციენტი სხეულის მსუბუქი დაზიანებებით მიიღეს, რომელთაგან ყველა გაწერილია სახლში, გარდა ერთისა, რომელსაც გამოკვლევები კვლავ უტარდება.

კარალეთის დევნილთა ჩასახლების ერთ-ერთი მამასახლისი ბეგლარ გოჩაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჩასახლებაში საჩხუბრად მივიდნენ. „ხალხს აძალებდნენ მოგვეცით ხმები და ჩვენს მხარეზე გადმოდითო. ჟურნალისტები არ ვიცი თუ დაშავდნენ. არავინაა დაშავებული. უფრო სწორად, ორი ადამიანი წაიყვანეს საავადმყოფოში ჩვენი მხრიდან. ზედ შედგნენ მათზე ფეხებით და ამის გამო დაიწყო ჩხუბი. აბა თავს ვინ დაუხრის? თქვენ პასუხს არ გასცემდით? ჩვენებმა უთხრეს, ჩვენებმა კი არა, ხალხმა უთხრა, თავი დაგვანებეთ, არ გვინდა რუსეთიო, მათ კი არც ბავშვი დაინდეს, არც მოხუცი, ყველას სცემეს,“ - ამბობს კარალეთის დევნილთა ჩასახლების მამასახლისი.

ინციდენტების შედეგად დაშავებულთა შორის „ქართული ოცნების“ წევრებიც არიან. კვირას კოალიცია გორში დიდი აქციის გამართვას გეგმავს.