ვაშინგტონში საქართველოში მიმდინარე ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებს ეხმიანებიან და მთავრობას მოუწოდებენ დაიცვას მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება. "კარნეგის ფონდის" მკვლევარი პოლ სტრონსკი ამბობს, რომ საარჩევნო რეფორმის დაპირების არ შესრულება და დემონსტრაციების დაშლა მთავრობის მხრიდან მისი სისუსტის აღქმაზე მიუთითებს.
„ვითარება ძალზედ სამწუხაროა. ხალხს არ ეძლევა საშუალება მთავრობის პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება გამოხატოს და ერთადერთი, რაც მათ დარჩენიათ ქუჩაში გასვლაა. მთავრობას, როგორც ჩანს, არ სურს მათ მოუსმინოს და უპასუხოს... რაც ხდება, რასაც ვისმენ და რასაც ფოტოებში ვხედავ - ნამდვილად არ ეხმარება საქართველოს იმიჯს. რუსთაველის ქუჩა, ლამაზი ქუჩაა, სადაც ტურისტები ხშირად სეირნობენ. თუმცა რაც იქ ხდება, არც საქართველოს საინვესტიციო კლიმატს, არც მისი როგორც სტაბილური და უსაფრთხო ქვეყნის იმიჯს და არც მის ტურისტულ ინდუსტრიას ეხმარება. ეს კი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია“, - ამბობს ის.
სტრონსკი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს გაითვალისწინოს ხალხის უკმაყოფილება და ეცადოს კრიზისის განმუხტვას.
„მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ხალხის შეშფოთების რეალური საფუძველი და ეცადოს მის გადაწყვეტას. ხოლო ხალხმა ქუჩაში, მტკიცედ, მაგრამ პატივისცემით უნდა გამოხატოს პოზიცია. მთავრობამ პირობა დადო, თუმცა ჩანს, რომ არ სურს მისი შესრულება. ჩანს რომ მთავრობა ღელავს, რომ პოლიტიკურად სუსტდება. ვფიქრობ, [მმართველი ძალა] კიდევ უფრო მეტად დასუსტდება. საქართველოს პრობლემა ისაა, რომ მას კონსტიტუციით, საარჩევნო კანონმდებლობით და საარჩევნო სისტემებით მანიპულაციის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ამიტომ არ არსებობს ნდობა არცერთ მხარეზე“, - ამბობს ის.
მისი თქმით, მიმდინარე მოვლენები ვნებს საქართველოს იმიჯს დასავლელი პარტნიორების თვალში.
„ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, როცა მთავრობამ დემოკრატიის გამყარების დაპირება უკან წაიღო. დანგრეულ ნდობას აღდგენა სჭირდება და მთავრობამ ამას უნდა შეეცადოს. მაგრამ ამის ნაცვლად, მმართველი პარტია დაიქსაქსა და დისკრედიტაციას განიცდის. თუ მათ სურთ მთავრობაში დარჩნენ, ნდობა უნდა დაიბრუნონ, როგორც ქართველ ხალხში, ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების წინაშეც“, - თქვა მან.
მოვლენებს „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ეხმიანება „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარი ლუკ კოფიც. კოფი აცხადებს, რომ მას ქვეყნის საშინაო საქმეებზე კომენტარის გაკეთება არ სურს, თუმცა მხარეებს მოუწოდებს, კანონის დაცვის ფარგლებში იმოქმედონ.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველამ კანონის უზენაესობის ფარგლებში იმოქმედოს. რომ აქციის მონაწილეებს მიეცეთ მშვიდობიანი მანიფესტაციის საშუალება და მთავრობამ დაიცვას მშვიდობიანი მომიტინგეების უსაფრთხოება. ეს არის მთავარი... „ქართულ ოცნებას“ არ უნდა დაედო დაპირება, რომელსაც ვერ შეასრულებდა. საპარლამენტო დემოკრატიის პირველი თამაშის წესი იმის ცოდნაა, რომ დაპირებას სანამ გასცემ, იცი რომ გექნება ხმების გარკვეული რაოდენობა ამ დაპირების შესასრულებლად“, - განაცხადა კოფიმ.
26 ნოემბერს, დილის 5 საათზე, სამართალდამცავებმა, ანტი-სამთავრობო დემონსტრაცია წლის ჭავლის და სპეცრაზმის გამოყენებით, კიდევ ერთხელ დაშალეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ისინი საპროტესტო გამოსვლებს გააგრძელებენ.