კოენი: საქართველომ დაამტკიცა, რომ დემოკრატიაა

ვაშინგტონში როგორც ოფიციალური წყაროები, ასევე აკადემიური წრეები, აცხადებენ, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და დემოკრატიული იყო. ექსპერტები, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, თითქმის ერთხმად ამბობენ, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება საქართველოს დემოკრატიის მიერ წინ გადადგმული ნაბიჯია. ნატოში ამერიკის ყოფილ ელჩის კურტ ვოლკერის თქმით, საქართველოში დემოკრატიული პროცესები ღრმავდება და იხვეწება:

ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რომ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის არსებული პერსონალური დაპირისპირება პოლიტიკაზე აისახება. ვფიქრობ ამომრჩეველი ამ ორ ადამიანს შორის აკეთებდა არჩევანს და არა მათ პოლიტიკურ ფილოსოფიასა თუ პლატფორმას შორის.
კურტ ვოლკერი


„არჩევნები მოსახლეობის შეხედულებას ასახავს. სამწუხაროდ, ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რომ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის არსებული პერსონალური დაპირისპირება პოლიტიკაზე აისახება. ვფიქრობ ამომრჩეველი ამ ორ ადამიანს შორის აკეთებდა არჩევანს და არა მათ პოლიტიკურ ფილოსოფიასა თუ პლატფორმას შორის. იმედია მომავალში საქართველოს დემოკრატია ამ გამოწვევასაც გადალახავს. გულდასაწყვეტია ის, რომ ღიად პრო-რუსული პარტია პარლამენტში შევიდა და თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები ვერა. მაგრამ ეს დემოკრატიის ნაწილია. მესმის ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებაც - თუ თვითონ ვერ შეძლო პარტიის პარლამენტში შეყვანა ამის გაკეთების შესაძლებლობა სხვას უნდა მისცეს, მაგრამ იმედი მაქვს ის პოლიტიკაში დარჩება.“

ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი არიელ კოენი ამბობს, რომ საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ახალგაზრდა - თუმცა დასავლური სტილის დემოკრატიაა. მისი თქმით, არც საქართველოს გარეთ შეცვლილა მდგომარეობა, რის გამოც ქვეყნის ორიენტაცია უცვლელი უნდა დარჩეს.

„სამწუხაროა, რომ ისინი პოლიტიკიდან მიდიან. ეს ადამიანები პროფესიონალები არიან და იმედი მაქვს ერთ დღეს პოლიტიკას დაუბრუნდებიან. პარლამენტის შემადგენლობას რაც შეეხება, ეს დემოკრატიის საფასურია. დემოკრატიულ ქვეყანაში ყოველთვის არ ხდება ისე, რომ ყველასთვის მოსაწონი პოლიტიკური ძალები დაწინაურდნენ. ამერიკაშიც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც არ მომწონს, მაგრამ რას ვიზამთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტს სჯერა - და იმედი მაქვს ეს ასევ გაგრძელდება - რომ დასავლეთთან ახლო ურთიერთობა, განათლება, ვაჭრობა, მოგზაურობა ქვეყნისთვის უკეთესია, ვიდრე რაიმე სხვა.“

თუ დასავლელი პარტნიორები უწყვეტად ხედავენ იმას, რომ საქართველო დასავლური ღირებულებების ერთგული რჩება, მასთან ურთიეთრობა გაცილებით მარტივად წარიმართება.
ჯეფრი რათკე

კოენის მოსაზრებას ეთანხმება ჯეფრი რათკეც, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წარმომადგენელი. ის იმედს იტოვებს, რომ ცვლილების მიუხედავად საქართველო დასავლური ღირებულებების ერთგული დარჩება.

„მე არ ვიცი როგორი პოლიტიკა ექნება საქართველოს ახალ მთავრობას, მაგრამ ვფიქრობ არსებული პოლიტიკის განგრძობითობას დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობაში. თუ დასავლელი პარტნიორები უწყვეტად ხედავენ იმას, რომ საქართველო დასავლური ღირებულებების ერთგული რჩება, მასთან ურთიეთრობა გაცილებით მარტივად წარიმართება.“

„ამერიკის ხმასთან“ საუბარში, ექსპერტები ორ საკითხზე თანხმდებიან - საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ღია, თავისუფალი და სამართლიანი იყო და მეორე, საქართველოს სამომავლო განვითარებისთვის პრო-დასავლური ორიენტაციის შენარჩუნება კრიტიკული მნიშვნელობის იქნება.