საქართველო და ნატო: სტოლტენბერგის თბილისში ვიზიტის მთავარი გზავნილები

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რომელიც თბილისში კვირას საღამოს ჩავიდა, დღეს საქართველოში რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა. დღეს დილით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან საუბრის შემდეგ, სტოლტენბერტი მთავრობის ადმინისტრაციიდან საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაემართა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

იენს სტოლტენბერგმა ასევე გამართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის წევრებთან. ის დელეგაციასთან ერთად, ეწვია ნატოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრო მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას.

ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, სტოლტენბერგმა საქართველო დატოვა. ნატოს გენერალური მდივანი აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გააცილა.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ გასულ წელს, ნატოს სამიტზე, კიდევ ერთხელ დადასტურდა 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ამ მიზნის მისაღწევად, მისი თქმით, ერთობლივი მუშაობა გრძელდება. სტოლტენბერგი მიესალმება საქართველოს მიერ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას, რაც მისი განცხადებით, გააძლიერებს შეიარაღებულ ძალებს და უსაფრთხოების სისტემას.

პრესკონფერენციაზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს ჰკითხეს, თუ რამდენად უშლის ხელს რუსეთის წინააღმდეგობა საქართველოს გაწევრიანების პროცესს ტრანსატლანტიკურ ბლოკში. იენს სტოლტენბერგის თქმით, საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ეს საკითხი მხოლოდ საქართველომ და ნატოს წევრმა 29 ქვეყანამ უნდა გადაწყვიტონ.

ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, საბოლოო შედეგის მისაღწევად, საქართველომ აუცილებლად უნდა გააგრძელოს რეფორმები სხვადასხვა, მათ შორის თავდაცვის და სასამართლო სფეროების მიმართულებით. მისი განცხადებით, ამ გზით ქვეყანას კიდევ უფრო ეფექტური და ძლიერი ინსტიტუტები ეყოლება.

პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის "განსაკუთრებული" პარტნიორი უწოდა. არაწევრ ქვეყნებს შორის, ალიანსის მეთაურის განცხადებით, საქართველოს ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში და ნატოს სწრაფი რეაგირების ინიციატივებში.

თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ შთამბეჭდავ რეფორმებზე ნატოს გენერალურმა მდივანმა თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან შეხვედრაზეც ისაუბრა. ამის შესახებ ლევან იზორიამ „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მეორედ მასპინძლობს ნატო-საქართველოს სწავლებას და იენს სტოლტენბერგი ადგილზეც დარწმუნდა იმაში, თუ როგორ წარმატებით ახორციელებენ ქართველი ოფიცრები და სერჟანტები მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

ლევან იზორიას განცხადებით, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე, მათ მომავალი ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს. კერძოდ, საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით, მომავალი სწავლების პერსპექტივას.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, კვლავ დაადასტურა ნატოს ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. მან რუსეთს მოუწოდა, გააუქმოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს იქიდან საკუთარი სამხედრო ძალები.

„რა თქმა უნდა, ჩვენ აგრეთვე მხარს ვუჭერთ თქვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს მისი სამხედროები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან, უარი თქვას მათ, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე, რადგან ეს ტერიტორიები საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.