სავარჯიშო დარბაზები, სასადილოები და სილამაზის სალონები - ეს ის არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიზნესებების ჩამონათვალია, რომლებიც კოორნავირუსის გამო დახურული იყო, თუმცა, ახლა ისინი ჯორჯიის შტატში თავიდან გაიხსნა. მართალია ისინი გაიხსნენ, თუმცა გარკვეული წესების დაცვა ისევ უწევთ.
“კლიენტებს ტემპერატურას ვუმოწმებთ, სპეციალურ კითხვარს ვავსებინებთ და პროცედურების დაწყებამდე ვრწმუნდებით, რომ ყველას ხელები დაბანილი ჰქონდეს", ამბობს შენონ სტეფორდი, ერთ-ერთი სილამაზის სალონის მფლობელი.
ჯორჯიის შტატში ვირუსის ახალი შემთხვევების დაფიქსირება გრძელდება. ამის ფონზე, ეკონომიკის ამუშავება საფრთხილოდ მიაჩნიათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებს. ისინი თვლიან, რომ ახლა ეკონომიკური ზიანის ასანაზღაურებლად ბიზნესების გახსნა, ვირუსის მეტად გავრცელებას შეუწყობს ხელს.
"როგორც კი ეკონომიკას გავხსნით, ადამიანებს, ვისაც იმუნიტეტი დაქვეითებული, ან სუსტი აქვს, არ აქვთ ანტისხეულები, ვაყენებთ საფრთხის წინაშე. შესაძლოა საქმე ისევ მივიდეს სიცოხლის დაკარგვამდე და გაიზრდება ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც" - ამბობს ჯეისონ ფარლი, ეპიდემიოლოგი ჯონს ჰოპკინსის უნივერისტეტიდან.
ექიმების მოწოდების პარალელურად, ამერიკის რამდენიმე შტატში საპროტესტო აქციები გაიმართა, სადაც ხალხი სამსახურებში დაბრუნებას ითხოვდა. თუმცა, გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც ეთანხმება იმ აკრძალვებს, რაც ბიზნესებსა და დიდ შეკრებებს ეხება. მანამდე, ვიდრე ვირუსის სამკურნალო საშუალება არ გამოჩნდება.
პრეზიდენტმა ტრამპმა, შტატების გუბერნატორებს დაუტოვა უფლება თავად გადაწყვიტონ როდის და როგორ აამუშაონ ეკონომიკა. თუმცა, ის შტატების გახსნისა და ეკონომიკის ამუშავების მომხრეა: "ეკონომიკის გაჯანსაღებაზე ზრუნვა უმნიშნელოვანესია მაშინ, როდესაც ჩვენი ერის ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ, ეს ორი მიზანი ტანდემშია", თქვა მან.
ნიუ-იორკი ამერიკაში კვლავ პანდემიის ეპიცენტრად რჩება. შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ თქვა, რომ ის ეკონომიკის ამუშავებას ეტაპობრივად, ფაზების მიხედვით აპირებს, რაც დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის გაიდლაინებზეა დაფუძნებული.
“ფაზებს შორის 2-კვირიან ინტერვალებს დავტოვებთ, რათა დავაკვირდეთ შედეგებს. მოქმედება და დაკვირვება - ესაა გეგმა", განაცხადა გუბერნატორმა.
მართალია ზოგიერთი ბიზნესი გაიხნა, თუმცა მათი უმეტესობა კვლავ დახურულია და მუშაობის აღდგენას ვერ ახერხებს. მათ შორისაა ხორცპროდუქტების წარმოებისა და შეფუთვის ბიზნესში მყოფი ზოგიერთი საწარმო. მათი დახურვის გამო, შესაძლოა მალე ბაზრზე ამ პროდუქტის შემცირება და ფასის მომატება ვიხილოთ.