ომბუდსმენი სავარაუდო "მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე" საუბრობს

საქართველოს სახალხო დამცველმა პირველ დეკემბერს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მანამდე მოინახულეს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში 28-30 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული თუ დაშავებული 125 ადამიანი.

ომბუდსმენი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დაშავებულ და დაკავებულ ადამიანებს დაზიანებები უმეტესად სახის არეში აქვთ. მათი განცხადებით, დაკავებულთა ჩვენებები "მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე" მიუთითებს, რაც სახალხო დამცველის აპარატს საგანგაშოდ მიაჩნია.

"საგანგაშოა, რომ დაკავებული პირები მიუთითებენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე. დაკავებულთა ნაწილის გადმოცემით, ისინი ალყაში მოაქციეს, არ აძლევდნენ გარიდების შესაძლებლობას, რა დროსაც სამართალდამცავები განურჩევლად ურტყამდნენ აქციის მონაწილეებს. დაკავებულების ნაწილის თქმით, არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ არამხოლოდ უშუალოდ დაკავების მომენტში, არამედ, შემდგომშიც - ავტომობილში ყოფნის დროს", - აღნიშნავს ომბუდსმენი 1 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ: სახალო დამცველი - სპეცრაზმი ლინჩის წესით უსწორდება მოქალაქეებს

სახალხო დამცველის ცნობით, დაკავებულების მიმართ "სავარაუდო არასათანადო მოპყრობას" ადგილი ჰქონდა არამარტო სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან, არამედ მათი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის გადაცემის შემდეგაც.

ამას გარდა, პირველი დეკემბრის განცხადების მიხედვით, ომბუდსმენი საყურადღებოდ მიიჩნევს იმას, რომ "დაკავებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი პირადი ნივთების (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, საფულე მასში განთავსებული ფულადი თანხით და სხვა) ჩამორთმევაზე მიუთითებს, რომელთა შემდგომი ბედი მათთვის უცნობია".

სახალხო დამცველის აპარატი მათ მიერ მიღებულ ინფორმაციას, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის მსხვერპლის თაობაზე, პარალელურ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. "სამსახურს აპარატმა ასევე მიაწოდა საჯარო წყაროებში ასახული არაერთი ვიდეომასალა და ინფორმაცია, სადაც ვლინდებოდა პოლიციის მხრიდან მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტები", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენმა ერთი დღით ადრე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კონონიერი საფუძველი მომიტინგეთა წინააღმდეგ არც სპეციალური საშუალებების გამოყენების და არც მათი დაკავების.

"29 და 30 ნოემბერს აქციების დაშლასთან დაკავშირებით 30 ნოემბრის დილის საათებში, აქციის დაშლის დროს, მშვიდობიან მომიტინგეთა მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენებისა და ათეულობით მოქალაქის დაკავების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა", - ნათქვამია 30 ნოემბრის განცხადებაში.

Your browser doesn’t support HTML5

პროტესტი საქართველოში - შეფასებები ვაშინგტონში