Your browser doesn’t support HTML5
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მზად არის განაახლოს მოლაპარაკება ოფიციალურ თბილისთან „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში“ გალის რაიონში, თუმცა ამისთვის რამდენიმე წინაპირობას აყენებს. ეს შეხვედრები სოფელ ჭუბურხინჯში, გაეროს, რუსეთის, სოხუმისა და თბილისის მონაწილეობით 1997 წლიდან იმართება. 2009 წლიდან კი ფორმატში ევროკავშირიც ჩაერთო.
აფხაზურმა მხარემ, ჭუბურხინჯის რიგით 36-ე შეხვედრა, 2012 წლის აპრილში ჩაშალა და მას შემდეგ, ამ ფორმატში მოლაპარაკება შეწყდა. ამის მიზეზად კი სოხუმმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მაშინდელი ხელმძღვანელის ანჯეი ტიშკევიჩის „პროქართული“ პოზიცია დაასახელა.
სოხუმისა და მოსკოვის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია პოლონელი გენერლის განცხადებამ, რომ ევრომონიტორებს გალის რაიონის ინსპექტირების საშუალებაც უნდა მიეცეთ.
ტიშკევიჩმა საქართველო 2013 წლის ზაფხულში დატოვა, შემოდგომიდან კი ევრომონიტორთა მისიას ესტონელი ტოივო კლაარი ხელმძღვანელობს. სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ აფხაზური ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა.
„გალის შეხვედრები არ იმართებოდა იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი გენერალი ტიშკევიჩი პერსონა ნონ გრატად გამოვაცხადეთ. დღეს გენერალი ამ პოსტზე აღარ არის და მის ადგილზე დაინიშნა ესტონელი დიპლომატი კლაარი.
ჩვენ გვაქვს რამდენიმე მოთხოვნა და წინაპირობა გალის შეხვედრების განახლებისთვის. თუ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება მაშინ გალის შეხვედრები უახლოეს მომავალში განახლდება.“
ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად სოხუმი მოითხოვს შეწყდეს ზეწოლა მათ "დიპლომატებზე", რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ. ჩირიკბას განცხადებით, ბოლო დროს, იტალიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები ემუქრებოდნენ აფხაზების "ოფიციალურ წარმომადგენლებს" იტალიასა და სან მარინოში.
აფხაზებისთვის ყველაზე აღმაშფოთებელი ფაქტი კი 2012 წლის აპრილში, კუნძულ ფიჯიზე მოხდა, სადაც დაპატიმრებული და შემდეგ დეპორტირებული იქნა „აზიასა და ოკეანეთში აფხაზეთის საგანგებო დავალებათა ელჩი“, ლატვიური და ყაზახური ფესვების მქონე იურის გულბისი.
ფიჯის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „გულბისი საფრთხეს უქმნიდა ფიჯის ეროვნულ ინტერესებს“. გულბისი ახალ ზელანდიაში იქნა გაძევებული, იქედან კი ლატვიას დაუბრუნდა.
გულბისმა თავის დროზე დიდი როლი ითამაშა ნაურუს, ვანუატუსა და ტუვალუს მხრიდან აფხაზეთის "დამოუკიდებლობის აღიარებაში". გულბისს ვანუატუს მოქალაქეობაც ჰქონდა, თუმცა ფიჯიდან გაძევების შემდეგ, ვანუატუში დაიწყო გამოძიება, გულბისისთვის უკანონოდ მინიჭებული მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით.
2013 წლის ივლისში კი ვანუატუმ დიპლომატიური ურთიერთობა უკვე საქართველოსთან დაამყარა. იურის გულბისი ბოლოს ოქტომბერში იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში. ვიაჩესლავ ჩირიკბა ფიჯიდან აფხაზთა ელჩის დეპორტაციაზე კერძოდ ამბობს:
„ყველაზე აღმაშფოთებელი ფაქტი, აზიასა და ოკეანეთში ჩვენს ელჩთან იურის გულბისთან დაკავშირებული შემთხვევა იყო . იგი საქართველოს მოთხოვნით დეპორტირებული იქნა ფიჯიდან, სადაც ცხოვრობდა, სწავლობდა, იქ აქვს ბიზნესი, ჰყავს ოჯახი, აქვს სახლი. მას ერთ დღეს დაადეს ხელბორკილი და გააძევეს ქვეყნიდან, ჩვენი დახმარების ბრალდებით.“
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რიგით 26-ე რაუნდი უკვე მომავალ კვირას გაიმართება. მანამდე, ნოემბრის ბოლოს, ჟენევის დისკუსების თანათავჯდომარეები ფილიპ ლეფორი და ანტი ტურუნენი სოხუმში ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდნენ.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ტოივო კლაარს იმედი აქვს, რომ თანათავჯდომარეების ძალისხმევით, ჭუბურხინჯში ხუთმხრივი შეხვედრების აღდგენა მოხერხდება.
„ჟენევის დისკუსიების თანათავჯდომარეები მუშაობენ იმისთვის, რომ განაახლონ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრების გამართვა გალში და მე იმედი მაქვს, ჩვენ გვაქვს იმის მიზეზები, ვიმოდოვნოთ, რომ ეს შეხვედრები მალე განახლდება.“
ამ დროისთვის, აფხაზებს „საელჩოები“ რუსეთში, ვენესუელასა და ცხინვალში აქვთ გახსნილი. ჩინეთში, სან მარინოსა და დიდ ბრიტანეთში „საპატიო კონსულები“ ჰყავთ.
ევროპის კონტინენტზე - გერმანიაში, ბულგარეთში, იტალიაში, საბერძნეთში, თურქეთსა და დნესტრისპირეთში აფხაზების „წარმომადგენლები“ მუშაობენ.
იგივე სტატუსი აქვთ აფხაზ "დიპლომატებს" სირიასა და ტუნისში. თუმცა, ჩამოთვლილი ქვეყნებიდან, უმრავლესობა, აფხაზთა "დამოუკიდებლობას" და შესაბამისად, მათი "ელჩების" არსებობასაც არ ცნობს.
2008 წლის შემდეგ, აფხაზეთის "დამოუკიდებელობა" სცნეს მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ, თუმცა ამ უკანასკნელმა, ეს გადაწყვეტილება 2013 წელს გააუქმა.