სააკაშვილი: “ბინ ლადენის სიკვდილი ამერიკის უდიდესი გამარჯვებაა“

“ამ ისტორიულ დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 11 სექტემბერს და სხვა ტერორისტული თავდასხმების შედეგად დაღუპული ათასობით უდანაშაულო ადამიანის ხსოვნას.

ამერიკის მიერ ჩატარებული წარმატებული ოპერაცია, რომლის შედეგად ალ-ქაიდას ლიდერის ოსამა ბინ-ლადენის ლიკვიდაცია მოხდა, წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს მსოფლიოში ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით.

ეს დღე ამერიკელი ხალხის და ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობის უდიდესი გამარჯვებაა. ამ ოპერაციის წარმატებამ კიდევ ერთხელ ცხადყო ამერიკის, როგორც სახელმწიფოს ძლიერება და მდგრადობა გლობალურ საკითხებში და, განსაკუთრებით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ” - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის ელიტური საზღვაო სპეცნაზის სუპერ წარმატებულ მოქმედებას, რომელმაც პაკისტანის ელიტურ საკურორტო დასახლება აბოთაბადში მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის უსამა ბინ-ლადენის ლიკვიდაცია შეძლო.

ამასთან საქართველოს პრეზიდენტი, ისევე როგორც პარლამენტის თავჯდომარე მიიჩნევენ, რომ ტერორიზმთან ბრძოლა არ დასრულებულა. დავით ბაქრაძემ კერძოდ აღნიშნა:

“ბინ ლადენი გახლდათ ლიდერი იმ ქსელის, რომელმაც მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეცვალა ტერორისტების და ტერორიზმის საფრთხის აღქმა. მაგრამ, მთავარი ამოცანა არის არა მხოლოდ ლიდერთან ან ვიღაც კონკრეტულ პირებთან ბრძოლა. მთავარი ამოცანა არის საერთაშორისო ტერორიზმის ფენომენის წინააღმდეგ ბრძოლა.

ამიტომ ეს ამოცანა რჩება, ეს ამოცანა გაგრძელდება. მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო კოალიცია ავღანეთში გააგრძელებს თავის საქმიანობას, საქართველოც გააგრძელებს მონაწილეობას საერთაშორისო კოალიციაში და ალბათ, ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში იქნება ისეთივე აქტიური, როგორიც დღემდე იყო.“

ინფორმაციამ ბინ-ლადენის განადგურების შესახებ, საქართველოში მოუსწო ამერიკის კონგრესის დელეგაციას, რომელსაც პენსილვანიის შტატიდან რესპუბლიკელი კონგრესმენი ბილ შუსტერი ხელმძღვანელობდა.

ორპარტიულმა დელეგაციამ, რომელშიც ასევე შედიოდნენ კრის მერფი, შონ დაფი, ადამ კინზინგერი, სედრიკ რიჩმონდი და ჯონ რანიანი მოიარა ჩეხეთი, აზერბაიჯანი, ავღანეთი და საქართველო. ამერიკელი კონგრესმენები იმყოფებოდნენ აჭარაში და სამეგრელო-აფხაზეთის საზღვარზე, სადაც რუსეთის ჯარების მიერ მოწყობილი საოკუპაციო გამყოფი ხაზები დაათვალიერეს.

დედაქალაქში კი პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდნენ. თბილისის აეროპორტში მოწყობილ ბრიფინგზე, კონგრესის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის, ასევე შეიარაღებული ძალების კომიტეტების წევრმა ბილ შუსტერმა საქართველოს ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღევანდელი დღე დიდია იმ ადამიანებისთვის, ვისაც მშვიდობა და თავისუფლება უყვარს. ჩვენ შევძელით უსამა ბინ ლადენის მოკვლა, მაგრამ ეს გავაკეთეთ ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების დახმარებით.

საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მოკავშირეა, რომელიც ჯერ ერაყში, ახლა კი ავღანეთში ტერორიზმთან ბრძოლაში გვეხმარება. ბინ ლადენის მოკვლა მშვიდობისა და თავისუფლების მოყვარული ხალხისთვის უდიდესი მოვლენაა.“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის განადგურების გამო „საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით საფრთხე არ ემუქრება“. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ კერძოდ ბრძანა

„ჩვენ ვუერთდებით კოალიციის ამ დიდ წარმატებას. იცით, რომ ანტიტერორისტული კოალიციის დაარსების დღიდან ჩართული ვართ მასში, რამდენადაც მივიჩნევთ, რომ ტერორიზმი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო სეროზული და გლობალური გამოწვევაა.

ჩვენი გადმოსახედიდან, კოალიციაში მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს მონაწილოება თანაბრად არის მნიშვნელოვანი. ეს არის საფუძველი იმისა, თუ რატომ ვმონაწილეობთ ჩვენ ასე აქტიურად ანტიტერორისტულ ოპერაციებში. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს წარმატება იქნება დასაწყისი იმ წარმატებისა, რომელიც საბოლოო ჯამში შედეგად ექნება ანტიტერორისტულ მოძრაობას.“

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ანტიამერიკული განწყობებისა და გამოსვლების ზრდას ელოდება და დიპლომატიური მისიების დროებით დახურვასაც არ გამორიცხავს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად გააფრთხილა საზღვარგარეთ მყოფი ამერიკის მოქალაქეები და სიფრთხილისკენ მოუწოდა. უსაფრთხოების დამატებითი ზომებისთვის ჯერ არ მიუმართავს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში. დიპლომატიური უწყება ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.