საქართველოში კომპრომისების დრო დგება

შეძლებენ თუ არა დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთთან თანამშრომლობას? - ჯეიმს ბრუკი, ამერიკის ხმის კორესპონდენტი
მასობრივი დემონსტრაციების პერიოდი ბიძინა ივანიშვილისთვის დამთავრდა. თავისუფლების მოედანზე მან ბოლოს ასობით ათას ადამიანს მოუყარა თავი. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის კი გამარჯვების დღესასწაული და მასთან დაკავშირებული ზეიმის განცდა სრულდება.

სულ მალე ახალი პარლამენტი შეიკრიბება, რომელიც ივანიშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაამტკიცებს. თუმცა, ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოსტზე მომავალ ოქტომბრამდე დარჩება და მისი პარტია მუშაობას საპარლამენტო მანდატების 45 პროცენტით გააგრძელებს. მხარეები პოსტსაბჭოთა რეალობისთვის უცხო დილემის პირისპირ აღმოჩნდნენ. და მას სახელად კომპრომისი ქვია.

მარკ მალენი საქართველოში ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელია.

„მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა, რაც ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. ხელისუფლება რასაც უნდოდა იმას ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ამტკიცებდა და ეს სამწუხარო იყო.“

Your browser doesn’t support HTML5

აუდიო: საქართველოში კომპრომისების დრო დგება


საარჩევნო ციებ-ცხელება თანდათან ნელდება. ახალი კაბინეტის წარდგენასთან ერთად ივანიშვილი აცხადებს, რომ სამინისტროებში მხოლოდ უმაღლესი პოსტების მფლობელები გამოიცვლებიან.

ეს კარგია, მაგრამ თავიდან სხვა მოლოდინი იყო, ამბობს ლორენ შითსი ორგანიზაცია საერთაშორისო კრიზისების ჯგუფიდან.

გამარჯვებული კოალიციის უმეტესი ნაწილის რიტორიკაში გარკვევით ჟღერდა გასამართლების მოთხოვნა. წინასაარჩევნო კამპანიაში გამუდმებით ისმოდა: დაისჯებიან, დაისჯებიან, დაისჯებიან...“

შითსის თქმით, სააკაშვილის ვადის ამოწურვამდე დაპირისპირებული მხარეების თანამშრომლობას კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება.

საერთაშორისო მოთამაშეების პასუხისმგებლობაა ორივე მხარე დაარწმუნოს იმაში, რომ მათ რეალური პოზიციები შეინარჩუნონ. არაბუნებრივია ახლა იმის თქმა, რომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს, რადგან ჩვენ ასე გვინდა.“

საქართველომ ოქტომბრის დასაწყისში ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ისტორიაში 3 იშვიათი პრეცედენტი შექმნა: კონკურენტუნარიანი არჩევნები, პრეზიდენტის დამარცხება და ხელისუფლების ღირსეული გადაცემა. ქვეყანა ახლა მეოთხე სიახლის წინაშეა: ძალაუფლების გადანაწილება და ძლიერი ოპოზიცია.