„ნატოს მოაქვს მშვიდობა“- თინათინ ხიდაშელი

ფოტო: რადიო თავისუფლება

დღეს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობილი წვრთნისა და შეფასების ცენტრი დაფუძნდა. ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და საქართველოში საგანგებო ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რომელმაც განაცხადა: „გაერთიანული წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნით ჩვენი თანამშრომლობა განვითარდება. საქართველო გახდება მეტად თავსებადი ნატოსთან, ნატო უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი საქართველოში. ჩვენი თანამშრომლობა მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში კიდევ უფრო გაიზრდება“.

სიტყვით გამოსვლისას ცერემონიალზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს. „პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს და მთელს დელეგაციას იმისთვის, რომ დღეს ჩვენთან ერთად არიან და იზიარებენ ჩვენს წარმატებას. მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს მთავრობას, ამ დღის ეფექტურად მიღწევისთვის. მინდა, მადლობა ვუთხრა საქართველოს პარლამენტს, მადლობა მინდა ვუთხრა იმ დელეგაციას, რომელმაც ერთი წლის წინ ეს მნიშვნელოვანი პაკეტი უელსიდან წამოიღო. მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო, იმიტომ რომ თქვენ, თქვენი სისხლისა და ოფლის ფასად მოიტანეთ ეს დღე“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვაში კიდევ ერთხელ გახმოვანდა საქართველოს ოფიციალური პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოს ცენტრის გახსნა არაა მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ: „ მე მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, იგი იდგება რეგიონული მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცების სამსახურში. ცენტრი, თავისი შინაარსით და ფუნქციით ხელს შეუწყობს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. მიუხედავად უმძიმესი დანაკარგებისა, ჩვენი ქვეყანა კვლავ რჩება ავღანეთში მიმდინარე მისიის ერთ-ერთ უმსხვილეს მონაწილედ. ჩვენი ქვეყანა სრულად აცნობიერებს გლობალური ტერორიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხეს.“

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი წლისთვის დაგეგმილ ვარშავის სამიტზე მაქსიმალური შედეგის მიღება სურს. „ნატოს მოაქვს მშვიდობა“,- ასეთი გახლავთ თავდაცვის მინისტრის მესიჯი: „ ნატო, დღევანდელ მსოფლიოში, უსაფრთხოების არქიტექტურის თვალსაზრისით, მშვიდობის უზრუნველყოფის ყველაზე მძლავრი და ეფექტური მექანიზმია. ნატოს გაფართოებით ფართოვდება თავისუფლების საზღვრები, უსაფრთხოების რკალი და დედამიწის უფრო მეტ სეგმენტზე ისადგურებს მშვიდობა. ნატოს მოაქვს მშვიდობა“

საქართველოს პარლამენტის თავდაცვვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელს ირაკლი სესიაშვილს ამერიკის ხმა ესაუბრა. კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ აღიქვამს რუსეთის ხელისუფლება მტკივნეულად ნატოს საწვრთნელი ცენტრის საქართველოში გახსნას, იგი ასე პასუხობს: „გადახედეთ რუსეთის ბოლო ათწლეულის, თუნდაც ოცწლეულის საერთაშორისო პოლიტიკას, გადახედეთ მის უსაფრთხოების დოკუმენტებს, რომლებშიც პირდაპირ აქვს მითითებული, რომ ნატოს მის საზღვრებთან გაფართოებას რუსეთი განიხილავს, როგორც ნომერ პირველ საფრთხეს. კრემლს მიაჩნია, რომ თუკი საქართველოს უფრო მეტი ურთიერთოება ექნება ნატოსთან, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები გაიზრდება ეს კი მისი აზროვნებით და პოლიტიკური შეფასებით, მისი ანალიზით, გამოიწვევს მისთვის საფრთხეების ზრდას. რუსეთი, როგორც ხედავთ, თავისი ქმედებებით საქართველოსა და უკრაინაში სხვა გზას ადგას, ის, ფაქტობრივად, გასულია საერთაშორისო პოლიტიკური მომსახურების არეალიდან, ამიტომ მისი ეს რეაქცია, არის სტანდარტული, რასაც, სამწუხაროდ, შევეჩვიეთ ბოლო ათწლეულების განმავლობაში.“

საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნას საგანმანათლებლო დანიშნულება აქვს და მიზნად ისახავს ნატოს სტანდარტებთან სრული თავსებადობის მიღწევას.