არის თუ არა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფაქტორი მთავარი ბარიერი საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების გზაზე? შესაძლებელია თუ არა ალიანსის წევრობა ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყნისთვის? არსებობს თუ არა მსგავსი პრეცენდენტები და ბოლოს: რა არის ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის?
სადაცაა 10 წელი გავა ნატოს იმ ისტორიული სამიტიდან, რომელიც ბუქარესტში გაიმართა და როცა ითქვა, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება. საქართველოს მოსახლეობისთვის ნატოს წევრობა დაცულობას ნიშნავს, პირველ რიგში.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მეხუთე მუხლი კოლექტიური თავდაცვის პირობას ითვალისწინებს, რაც იმას გულისხმობს, რომ თავდასხმა ნატოს წევრ ერთ რომელიმე სახელმწიფოზე ის სიგნალია, რასაც ყველა წევრი ქვეყანა ეხმაურება და რაზეც საპასუხო ქმედებით რეაგირებს. ამასთან ნატოში გაწევრიანების წინაპირობაა ქვეყნის საზღვრების საკითხი, რაზეც კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს. საქართველოს ამ თვალსაზრისით პრობლემური მდგომარეობა აქვს. ამიტომ, ანტიდასავლური რიტორიკაში ერთ–ერთი „კოზირი“ ყოველთვის ასე ფორმულირდება: „მათ ანუ ადამიანებს, ვინც საქართველოს მომავალს ნატოსთან ერთად ხედავს, სურთ ქვეყანა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე.
ავტომატურად ნიშნავს თუ არა ტერიტორიების დაკარგვას საქართველოსთვის ნატოს წევრობა? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი უარყოფითია. ცოტა ხნის წინ "ჰერიტიჯის ფონდის" კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა ლუკ კოფის ნაშრომი, სადაც ავტორისეული წინადადება გულისხმობს საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე, მხოლოდ ისე, რომ ეს იყოს დროებითი ზომა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აღდგენამდე, რა თქმა უნდა, ცალსახად მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით. უნდა აღინიშნოს, რომ ლუკ კოფის წინადადება ახალი არაა, მან ანალოგიური ინიციატივა 2011 წელსაც გააჟღერა, უფრო ადრე კი მსგავსი მოსაზრება გერმანელმა მკვლევარებმა გამოთქვეს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტერიტორიული პრობლემებით ქვეყნის გაწევრიანების პრეცედენტები ნატოს აქვს, მათ შორის ყველაზე უფრო გახმაურებულია გერმანიის საქმე, რომელიც ისე გაწევრიანდა ნატოში, ტერიტორიის ნახევარი დაკარგული ჰქონდა.
ნატოში გაწევრიანებისთვის ყველაზე მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ტერიტორიული პრობლემა სულაც არაა. ამის შესახებ ჩვენთან კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი საუბრობს: „გერმანიაც ვერ აკონტროლებდა თავისი ტერიტორიის ნაწილს, მაგრამ ნატოში გაწევრიანდა 1955 წელს. მთავარი დამაბრკოლებელი ისაა, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის დაკავშირებულია რუსეთისგან მომდინარე საფრთხესთან და მყისიერ რისკებთან. როგორც კი წინ დაიძვრება გაწევრიანების პროცესი, რუსეთი შეეცდება ომის ან რაიმე კონფლიქტის პროვოცირებას საქართველოსთან, რაშიც, შეიძლება, ჩაითრიოს ნატოს ქვეყნები პირდაპირ ან ირიბად.
ნატოს ქვეყნებს, რა თქმა უნდა, არ უნდათ რუსეთის პროვოცირება ამ მიმართულებით, რადგან იციან, რომ რუსეთი არის არაპროგნოზირებადი. ამ ვითარებაში დიდი რისკია რუსეთის სასტიკი წინააღმდეგობა საქართველოს ნატოში მიღებასთან დაკავშირებით. საქართველოს შესვლა ნატოში, მეხუთე მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ამოქმედების გარეშე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იდეაა. მაგრამ რუსეთი ამასაც ეწინააღმდეგება. მთავარი წინაღობა ალიანსში გაწევრიანებაზე საქართველოსთვის არის რუსეთის პრაქტიკული მუქარა და არა ტერიტორიების საკითხი.“
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე ამერიკის ხმასთან ამბობს: „ალიანსს არ უნდა რუსეთთან კონფლიქტი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთის გამო, ვინმეს ნატოში მიიღებენ ან არ მიიღებენ. ეს არასწორი ხედვაა. ამ ეტაპზე ალიანსში თვლიან, რომ საქართველოს მიღება არ აწყობთ. არა იმიტომ, რომ რუსეთის ფაქტორი არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ფაქტორია ოკუპირებული ტერიტორიები და კონფლიქტები, რაც ნატოსთვის არაა სასურველი, მაგრამ ეს, ამავდროულად, არ არის გადამწყვეტი ფაქტორი არანაირად. ძირითადი მიზეზი საქართველოს ალიანში წევრობის შეფერხებისთვის არის ის, რომ დღეს არ არის ნატო მზად ამ რეგიონზე გაფართოვდეს“.
ის, თუ რატომ არ საუბრობს საქართველოს ხელისუფლება ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე, მეხუთე მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დროებით ამოქმედების გარეშე, ორი მიზეზით შეიძლება აიხსნას: ერთია ის, რომ ქვეყნის შიგნით მსგავსი განცხადებები არაპოპულარობით სარგებლობს და ის გამოყენებული იქნება არაპატრიოტიზმში დადანაშაულებისთვის და მეორე ის, რომ ამ წინადადების გაჟღერება აზრს კარგავს, რადგან ნატოში ინტეგრაციის შემაფერხებელი ძირითადი მიზეზი – რუსეთი, საქართველოს წევრობას ალიანსში ისედაც ეწინააღმდეგება, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშეც.
რუსული ოფიციოზი ბევრს საუბრობს საქართველო–ნატოს ურთიერთობაზე და ამ რიტორიკას მუქარის ტონი ნამდვილად არ აკლია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა, რომელიც საქართველოსთან მოლაპარაკებების ორივე ფორმატში მონაწილეობს (საერთშორისო მოლაპარაკებებში ჟენევაში და პრემიერის წარმომადგენელთან პრაღაში), ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ გულუბრყვილობაა, საქართველომ იფიქროს, რომ რაიმე ტიპის გარიგების პირობებში, შესაძლებელი იქნება რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებების უკან წაღება. მისი ამ განცხადებით, ანტიდასავლელებს საქართველოში ის არგუმენტიც გამოეცალათ ხელიდან, რომელსაც ისინი სენტიმენტებზე ზემოქმედების მიზნით იყენებდნენ ტერიტორიული მთლიანობის შესახებ.
გრიგორი კარასინის ორი დღის წინანადელი განცხადება კვლავ ნატოსთან საქართველოს კავშირს ეხმაურება და ამბობს, რომ რუსეთი შეშფოთებულია ვაზიანის თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად გადაქცევით.