ოქრუაშვილის მესიჯი: რა მოხდება 25 მაისს?

დაპირისპირება თბილისში

ირაკლი ოქრუაშვილი დაბრუნებას, ხელისუფლება კი მის დაპატიმრებას აპირებს

საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ასევე ყოფილი გენერალური პროკურორი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ახლო წარსულში პრეზიდენტ სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლი ირაკლი ოქრუაშვილი - 25 მაისს, საქართველოში დაბრუნებას აპირებს. დღეს ოქრუაშვილი ოპოზიციური „ქართული პარტიის“ ლიდერია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2008 წლის მარტში, ოქრუაშვილს, დაუსწრებლად, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ამ გადაწყვეტილებიდან ერთ თვეში საფრანგეთმა ყოფილ ქართველ ჩინოვნიკს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც მეოთხე წელია პარიზში ცხოვრობს, "მაესტროს" ეთერში, პარიზიდან განაცხადა - „ვბრუნდები, იმისთვის, რომ 25 მაისს სააკაშვილის რეჟიმი საბოლოოდ დავამთავრო!“

ირაკლი ოქრუაშვილი

„ის, ძალადობა, რომელიც დღეს ხელისუფლებამ განახორციელა საკუთარ ხალხზე არ დარჩება უკვალოდ, ეს არ ჩაივლის ისე და ბუნებრივია ამ შემთვევაში ჩვენ ვერ ვიქნებით გულგრილნი.

ჩვენ ვდგევართ ჩვენი ხალხის გვერდით და პირობას ვაძლებთ ხალხს, რომ 25 მაისი იქნება ბოლო დღე ამ ხელისუფლების. 25 მაისს მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვბრუნდები საქართველოში, რათა დავამთავროთ ეს რეჟიმი ერთხელ და სამუდამოდ.

არანაირი კონკრეტიკა ეხლა საჭირო არ არის, ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ ბევრ დეტალზე. მე გეუბნებით, როდის კონკრეტულად როდის შემიძლია საქართველოში ჩამოსვლა. დანარჩენი თქვენი ძიების საგანი იყოს. მე შემიძლია დაგპირდეთ, რომ 25 მაისს ვიქნები საქართველოში და 25 მაისი იქნება ბოლო დღე ამ ხელისუფლების.“

ოქრუაშვილმა ეს სკანდალური და სენსაციური განცხადება, მას შემდეგ გააკეთა რაც თბილისში, „სახალხო კრებასა“ და პოლიციას შორის პირველი შეტაკებები მოხდა. ამის შემდეგ აქციას „ქართული პარტიაც“ შეუერთდა.

პოლიცია ამტკიცებს, რომ პირველები ჯოხებით შეიარაღებული მომიტინგეები დაესხნენ თავს, მომიტინგეების მტკიცებით კი პროვოკაცია თავად პოლიციამ მოაწყო, როცა მიტინგზე მყოფი გენერალ გია უჩაძის დაპატიმრება გადაწყვიტა.

ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ პოლიციამ გაუფრთხილებლად გამოიყენა დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი, რომელმაც რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის სტუდია GNS-ის ვიდეო მემომტაჟე შოკურ მდგომარეობაში ჩააგდო.

მოგვიანებით, მომიტინგეებს ორგანიზებულად დაესხნენ თავს ჯოხებით შეიარაღებული უცნობ პირთა მოზრდილი ჯგუფი. ოპოზიციის მტკიცებით, ეს იყო ხელისუფლების მართული ე.წ. ზონდერ ჯგუფი, რომელსაც პარლამენტის დეპუტატი ბადრი ბასიშვილი ხელმძღვანელობდა.

„სახალხო კრების“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ასეთ ახსნას უძებნის იმ ფაქტს, რომ მომიტინგეების უმრავლესობა პლასტმასის ჯოხებით არის შეიარაღებული

„მიზანი იყო, რომ ყოფილიყო რაც შეიძლება მეტი დროშა და მეტი ტრანსპარანტი. მაგრამ, ხელისუფლებამ მოგვპარა ტრანსპარანტების აბსოლუტური უმრავლესობა. რაც შეეხება ჯოხებს, იცით რა თუ ჩვენ ჯოხს მოგვიქნევენ და ტყვიას გვესრიან, ჩვენ გვაქვს უფლება რომ უბრალო ჯოხით დავიცვათ თავი.“

ხელისუფლება, სავარაუდოდ, დარწმუნებულია, რომ თუ ოქრუაშვილმა დაბრუნება მართლაც გადაწყვიტა, იგი ქვეყანაში შემოსვლას რუსეთიდან ან ოკუპირებული ტერიტორიების გავლით ეცდება.

არაოფიციალურად ცნობილი ხდება, რომ თავდაცვის სამინისტროს და შინაგანი ჯარის დამატებითი დანაყოფებია გადასროლილი სვანეთში, სამეგრელოსა და რაჭაში. ასევე გადაკეტილია ახალგორის გზა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ მაშინვე დააპატიმრებს ოქრუაშვილს, როგორც კი ექს-მინისტრი საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს. დამკვირვებელთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს ახალი სამოქალაქო დაპირისპირებაა, ეს კი ახალგაზრდა სახელმწიფოს საბოლოოდ დაანგრევს. ექსპერტი დემურ გიორხელიძე ამბობს

„ბოლო 20 წელია ჩვენს სახელმწიფოს უამრავი რამ ვავნეთ. წელში გადავტეხეთ 90-იანი წლების დასაწყისში. ძლივს-ძლივს გამოვძვერით ამ სიტუაციიდან, მაგრამ მაინც სულ არსებობს, ამ ხნის განმავლობაში ძალადობრივი მოქმედების გარკვეული მოთხოვნილება.

დასავლეთის ქვეყნებში თქვენ მოწოდებას დამხობაზე, ჩამოგდებაზე, გაძევებაზე ვერ ნახავთ. ხელისუფლებას უამრავი საფიქრალი აქვს, რატომ ხდება საზოგადოების გარკვეული ნაწილის რადიკალიზაცია და საზოგადოებასაც მართებს გააზრება, რომ მისი პრობლემები არ იქნას ავანტურისტულად გამოყენებული გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ.

ჩვენ ყველას გვაქვს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და არ შეიძლება ჩვენვე კითხვის ნიშანი დავუსვათ თავად ამ სახელმწიფოს არსებობას.“

„სახალხო კრებისა“ და „ქართული პარტიის“ ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში, პოლიციამ უკვე 100-მდე მათი მომხრე დააკავა. თბილისის ცენტრში მიმდინარე პროცესებს ჯერჯერობით შორიდან აკვირდებიან ოპოზიციური რვიანის მონაწილე პარტიები.

მათ ნაწილს კვლავ აქვს იმედი, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით შედეგს გამოიღებს, ნაწილი, კი, მათ შორის, რესპუბლიკური პარტია ქვეყანაში ვითარების ესკალაციაზე პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას აკისრებს,.

რესპუბლიკელების აზრით, პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებული ხელისუფლება ესკალაციაში სხვა პოლიტიკური პარტიების ჩათრევას ცდილობს.