რატომ მოიკლა თავი ორი შვილის მამამ

გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძე

მიქაუტაძის თვითმკვლელობა, შესაძლოა, პოლიციაში მის ცემას და პოლიციისთვის სასურველ ჩვენებაზე ხელის მოწერას უკავშირდებოდეს

საქართველოში ხელისუფლების შეცვლიდან ცხრა თვის შემდეგ, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, პოლიციაში დაკავებულების და მოწმეების ცემა -წამება, როგორც ჩანს, ისევ პრაქტიკაშია.

ორი შვილის მამა, 36 წლის მამუკა მიქაუტაძე, რომელიც გლდანში, ავტომანქანების ხელოსნად მუშაობდა, პოლიციელებმა 5 ივლისს, დღის ორ საათზე დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, იგი ნარკოტიკული საშუალება- მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მოწმის სახით დაიკითხა, თუმცა მასთან არ შეუშვეს ადვოკატი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოსულმა მამუკა მიქაუტაძემ მეუღლეს და მეგობრებს მოუყვა, რომ პოლიციაში იგი სცემეს, აწამეს და მეგობრის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებაზე ხელი მოაწერინეს.

უკვე 6 ივლისს, მამუკა მიქაუტაძის ცხედარი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მან თავი ჩამოიხჩო. გარდაცვლილის მეუღლე, ზიზი ეძგვერაძე და მეგობარი მიხეილ მაღლაკელიძე კერძოდ ამბობენ:

ზიზი ეძგვერაძე: „დაკითხვის შესახებ მითხრა, რომ მცემესო, ხელი მკრესო, კედელზე მიმახეთქეს და თავის საშინლად მივარტყიო. მერე, ასე თქვა მეგობართან, რომ იდაყვით, თირკმლის არეში მცემდნენო.“

მიხეილ მაღლაკელიძე: „როგორც მითხრა ძალით მიაცემინეს პოლიციაში ჩვენება. გვიან ვნახე ცხონებული, 11 საათზე და მითხრა, რომ ასე-ასე მიქნესო, ალბათ, სასამართლოზე 2000 ლარს დამაკისრებენო, დაღვრემილი და დაგრუზული წავიდა. მეორე დილით გავიგეთ, რომ ასეთი ტრადეგია მოხდა. ორი ანგელოზი შვილი დატოვა, უვაჟკაცესმა და უპატიოსნესმა ბიჭმა.“

გარდაცვლილის ოჯახისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნით, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ დირექტორმა, სასამართლო ექიმმა ალექსანდრე გეჯაძემ, მიქაუტაძის ცხედარი უკვე დაათვალიერა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე კახა კოჟორიძე, რომელიც ცხედრის დათვალიერებას ასევე ესწრებოდა, ამბობს, რომ გვამს გარკვეული დაზიანებები მართლაც აღენიშნებოდა.

„ექსპერტის სიტყვებით რომ ვთქვათ, გვამს აღენიშნება, გარკვეული გარეგანი ზემოქმედების ნიშნები. კონკრეტულად, თუ რაში გამოიხატება ეს დაზიანება დაიწერება ექსპერტიზის დასვნაში, სავარაუდოდ, სამშაბათს.“

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მამუკა მიქაუტაძის პოლიციაში მოწმის სახით დაკითხვის ფაქტს. მიქაუტაძის ჩვენების მიხედვით, პოლიციამ ის და მისი მეგობარი გელა ჯ. მაშინ დააკავა, როცა იგი მისთვის მარიხუანის გადაცემას აპირებდა.

თუმცა, გელა ჯ-მ დაკავებამდე მოასწრო, პაკეტის გადადგება და შემდეგ საერთოდ უარყო, რომ ნარკოტიკი მას ეკუთნოდა.

პოლიციაში მიქაუტაძის ცემის მიზანი, სავარაუდოდ, სწორედ ის იყო, რომ მიქაუტაძეს ხელი მეგობრისთვის დაედო. რამდენად სარწმუნოა, პოლიციის ვერსია, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ამბობს:

„ეს პიროვნება მოწმის სახით იქნა დაკითხული. მას, წინასწარ განემარტა რომ საქმესთან დაკავშირებით, ის მხოლოდ მოწმის სახით დაიკითხებოდა. შემდეგ, იგი გაუშვეს სახლში. რაც შეეხება, თვითმკვლელობის ფაქტს, აღძრულია საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით.

ამ ეტაპზე, გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული შემოწმების შედეგად პოლიციის 8 თანამშრომელია გამოკითხული, ასევე დაკითხულები არიან მიქაუტაძის მეგობრები და თანამშრომლები."


იურისტთა ნაწილის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. მამუკა მიქაუტაძის, როგორც მოწმის იძულებით მიყვანას პოლიციაში, სასამართლო გადაწყვეტილება სჭირდებოდა, რაც არ არსებობს.

ვინაიდან, მიქაუტაძე პოლიციამ მართლაც დააკავა და დოკუმენტურად ეს დაკავება არ გააფორმა, ეს უკვე უკანონო დაკავებაა. იურისტი გიორგი მშვენიერაძე ამბობს:

„დაკავებულები რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ გაჩერებულები დაკავების ადგილზე. გაურკვეველია რა მიზნით?ადვოკატს არ მისცეს საშუალება შეხვედროდა, არც გელა ჯ-ს და არც მამუკა მიქაუტაძეს.

ადვოკატი ელოდებოდა ოთხი საათის განმავლობაში გარეთ, ორდერით ხელში და გამომძიებელი მასთან კომუნიკაციას გაურბოდა. სწორედ ამ დროს ხდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება მიქაუტაძეზე. მას შემდეგ, რაც გამოძიებამ მოიპოვა მისთვის სასურველი ჩვენება, ადვოკატი შეუშვეს გელასთან, ხოლო მიქაუტაძე გამოუშვეს პოლიციიდან.“


შინაგან საქმეთა სამინისტო საქმეს, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიხმობს.
არასამთავრობო სექტორი მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების ფაქტზე დროულ რეაგირებას და იმ პოლიციელთა იდენტიფიცირებას ითხოვს, ვინც იგი დააკავა და დაკითხა.

დღესვე, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მიქაუტაძის საქმეში სერიოზული დარღვევები იკვეთება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი საზოგადოებას მოუწოდა აღიჭურვონ მოთმინებით და დაელოდონ ექსპერტიზის და გამოძიების შედეგებს.