კნუტ ვოლებეკის ვიზიტი საქართველოში

კნუტ ვოლებეკმა შეხვედრები გამართა საქართველოს ახალი მთავრობის და პარლამენტის წევრებთან
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში „ეუთო"-ს უმაღლესმა კომისარმა ეროვნული უმცირესობების საკითხებში, კნუტ ვოლებეკმა შეხვედრები გამართა საქართველოს ახალი მთავრობის და პარლამენტის წევრებთან. პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს „ეუთო"-ს უმაღლესმა კომისარმა ის პროექტები გააცნო, რომელსაც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია საქართველოში ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით ახორციელებს. ბიძინა ივანიშვილმა არსებული პროექტების გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ „ეუთო"-ს უმაღლეს კომისართან მთელი რიგი საკითხები განიხილა, მათ შორის ეროვნული უმცირესობების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დევნილთა პრობლემებზე იმსჯელეს.

„ჩვენი ამოცანაა, ახალ მთავრობას გავაცნოთ ჩვენი საქმიანობა და მივიღოთ ერთგვარი პირობა, რომ გაგრძელდება ის საქმიანობა, რასაც აქამდე ვაკეთებდით,” - განაცხადა კნუტ ვოლებეკმა. მისივე თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქე, განურჩევლად მისი ეროვნული კუთვნილებისა, უნდა აღიქვამდეს თავს როგორც საზოგადოების ნაწილი და თანაბარუფლებიანი წევრი.

გრძნობენ თუ არა ეროვნული უმცირესობები თავს საქართველოში საზოგადოების თანაბარუფლებიან წევრებად, თედო ჯაფარიძემ აღნიშნა:

„ბატონმა კომისარმა ისაუბრა ამაზეც... მას არ უთქვავს ამ საუბრისას, რომ დღეს ჩვენი სომხური და აზერბაიჯანული ეროვნების მოქალაქეები არ ცნობენ თავს საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებად, მაგრამ რა თქმა უნდა გვაქვს მთელი რიგი პრობლემები, რომელიც ეხება არა მხოლოდ სომხებს, აზერბაიჯანელებს. იგივე სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემები აქვს ქართველებსაც. ამაზე იყო ლაპარაკი და არ იყო გამოყოფილი კონკრეტულად აზერბაიჯანლები თუ სომხები. რა თქმა უნდა, იყო საუბარი კონფლიქტურ ზონებზე, სამაჩაბლოზე, აფხაზეთზე...”

შეხვედრაზე მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებიც განიხილეს.

თედო ჯაფარიძე: „მოგეხსენებათ, ახლა ამ მხრივ პირველი ნაბიჯები იგეგმება. ზედმეტად რთული გზაა. ბატონმა კომისარმა ბრძანა, რომ ეს არის კარგი ინიციატივა, კარგი და დროული, ვინაიდან ჩვენ საკუთარ გეოგრაფიას, სამწუხაროდ, ვერ შევცვლით. ჩვენ გვაქვს ურთულესი პრობლემები რუსეთთან. ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია, რუსეთის ჯარი დგას ძალიან ახლოს, მაგრამ სწორედ აქედან გამომდინარე, რომ დავაჩქაროთ ამ პრობლემების მოგვარება, ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი რუსულ მხარესთან, რომელიც არ იქნება ადვილი, ყველამ ვიცით იქნება რთული, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს.

გვქონდა საუბარი, რომ პირადად ბატონ კომისარს, ორგანიზაციას, რომელსაც ის წარმოადგენს ექნება ძალიან მჭიდრო კავშირები პარლამენტთან, ჩვენს კომიტეტთან, პარლამენტის სხვა კომიტეტებთან. ამიტომ ძალიან საინტერესო, ძალიან საჭირო შეხვედრა იყო. სამომავლოდ თანამშრომლობის საკმაოდ საინტერესო პერსპექტივები გამოიკვეთა."


თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელის, კახა სოფრომაძის თქმით, ქვეყნის კანონმდებლობით, ეროვნული უმცირესობების საკითხი საქართველოში დაცულია:

„კანონმდებლობის დონეზე თუ გადავხედავთ, ეროვნული უმცირესობების საკითხი საქართველოში რეალურად დაცულია. შესაბამისად, ის ვალდებულებები, რომელიც აღებული აქვს საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, მათ შორის ევროპის საბჭოს წინაშე გაწევრიანების პროცესში, ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად გადაწყეტილია. თუმცა, შეიძლება გარკვეული საკითხები იყოს მოსაწესრიგებელი, რომელთაც საკანონმდებლო დონეზე ჩარევა სჭირდება, მაგრამ ამ ეტაპზე მთლიან კონტექსტში თუ განვიხილავთ, ეროვნული უმცირესობების თემა, განსაკუთრებით სომხური, აზერბაიჯანული, რუსული თემების საკითხი მოგვარებულად შეიძლება ჩავთვალოთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ უფლება აქვთ თავიანთ ენაზე ისწავლონ, თავიანთი რელიგიური მრწამსი აღიარონ და ა.შ."

„ამერიკის ხმა”:
რატომ ეწოდება სხვა ქვეყნებში დიასპორა, ხოლო საქართველოში რატომ არის ეროვნული უმცირესობების ტერმინი?

კახა სოფრომაზე: „ამას ორი დატვირთვა აქვს, ერთი არის საკანონმდებლო დონეზე და ეს საკითხი გასათვალისწინებელია. რეალურად კომპაქტურ დასახლებებში შეიძლება ამას ეწოდოს დიასპორა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე ის ფაქტი, რომ სომხები დიდი ხანია ცხოვრობენ საქართველოში, იგივე შეიძლება ითქვას რუსებზე, ტერმინის დონეზე ჩამოყალიბდა ეროვნული უმცირესობები. თუმცაღა, რეალურად, ისინი მართლა წარმოადგენენ დიასპორებს და, შესაბამისად, ამ კუთხით საკანონმდებლო ჩარჩო მოსაგვარებელია.”