საერთაშორისო ამნისტიის დასკვნა

ორგანიზაცია საერთაშორისო ამნისტია ერაყში ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობს
ერაყში ადამიანის უფლებების მრავალმხრივი დარღვევა ხდება. სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამარცხების და ერაყში ამერიკის შესვლიდან 10 წლის შემდეგ, ადამიანის უფლებების თემაზე „საერთაშორისო ამნისტიამ“ ორშაბათს ანგარიში გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე თავისუფლების აღკვეთის ადგილებში და საპატიმროებში ერაყის უშიშროების სამსახურების და ამერიკის კოალიციური ჯარების მხრიდან.

საუბარია იმაზე რომ ერაყში შეჭრა ნაწილობრივ გამართლებული აქტი იყო ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, თუმცა სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ სასამართლო სისტემის გამოსწორების მიმართულებით ცოტაოდენი ცვლილებები განხორციელდა.

კარსტენ იერგენსენი საერთაშორისო ამნისტიის მკვლევარია, რომელიც ერაყის საკითხზე მუშაობდა.

„შესაძლოა ითქვას რომ ერთის მხრივ, ბევრი ერაყელი უფრო მეტ თავისუფლებას გრძნობს ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ, თუმცა სახელმწიფო, რომელიც კანონზე იქნებოდა დაფუძნებული და პატივს სცემდა ადამიანის ძირითად უფლებებს - ვერ ჩამოყალიბდა.“

იერგენსენი ამბობს, რომ ანტი-სამთავრობო შეიარაღებული ჯგუფები, მათ შორის ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ძალები, ქვეყანაში საფრთხეს წარმოადგენენ და ძალადობაზე არიან პასუხისმგებელი.

თუმცა, ანგარიშში არის მოწოდება ერაყის ოფიციალური პირების მიმართ, რომ პატივი სცენ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმებს, თუნდაც ეს ეხებოდეს სწორედ ამ შეიარაღებული დაჯგუფებების გასამართლების საკითხს. მოხსენების მიხედვით ათასობით ერაყელი საპატიმროში სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე იმყოფება ან სასჯელს უსამართლოდ იხდის.

2004 წელს, მას შემდეგ რაც ერაყში სიკვდილით დასჯა აღადგინეს, ერაყი გახდა მსოფლიოს მთავარი ჯალათი-ქვეყანა ,სადაც 2012 წელს 129 პატიმარი ჩამოახრჩეს.

იერგენსენი აცხადებს რომ პატიმრებს განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობიან.

„ადამიანებს აწამებენ იმისთვის, რომ დანაშაულის აღიარება მოიპოვონ. ბევრი მასალა მოგვეპოვება, სადაც ჩანს ამ აღიარებით ჩვენებს როგორ იყენებენ სასამართლოებში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ სასტიკი განაჩენის გამოტანისთვის, მათ შორის სასიკვდილო განაჩენისთვისაც.“

ანგარიშის შინაარსთან დაკავშირებით ერაყის ხელისფლების მხრიდან რეაქცია ჯერ არ ყოფილა. როგორც საერთაშორისო ამნისტიის წარმომადგენელი ამბობს, თხოვნის მიუხედავად მათ არ მიუღიათ კომენტარები ორგანიზაციის მიერ მომზადებული მოხსენების პირველად ვარიანტთან დაკავშირებითაც.