საქართველოს ინიციატივა აზერბაიჯანს და სომხეთს შორის დიალოგის მასპინძლობის თაობაზე

გიორგი გახარია აცხადებს, რომ თბილისი მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი სომხეთს და აზერბაიჯანს შორის განახლებული კონფლიქტის დარეგულირების პროცესს. საჭიროების შემთხვევაში, საქართველო მზად არის, ორ მეზობელ ქვეყანას შორის დიალოგს უმასპინძლოს - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის განცხადებას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია მძიმე ვითარება, არის დიდი მსხვერპლი და სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე" - აცხადებს პრემიერი გახარია.

ასევე ნახეთ: სამხედრო დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

საქართველოს მთავრობის მეთაური ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები იმისთვის, რომ სომხეთს და აზერბაიჯანს შორის ესკალაცია შეწყდეს და დიალოგი განახლდეს. განცხადებაში ხაზგასმულია საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები ორივე ქვეყანასთან და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი მოქალაქეების მშვიდობიანი თანაცხოვრების ისტორიული მაგალითი.

"მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება კარგი მაგალითია, რომ ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი მთლიანად სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობისა და განვითარების სივრცედ. ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში“ - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებაში.

ასევე ნახეთ: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის შემთხვევაში, საქართველო შესაძლოა მისი უნებლიე მსხვერპლი აღმოჩნდეს

საქართველოს ორ უახლოეს მეზობელ ქვეყანას შორის, გაყინული კონფლიქტი ისევ გამწვავდა აზერბაიჯანის კუთვნილი რეგიონის, და სომხეთის კონტროლის ქვეშ მყოფი, მთიანი ყარაბაღის გამო. რეგიონში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. კონფლიქტი გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ რამდენჯერმე განახლდა და ახლანდელი გამწვავება, 2016 წლის დაპირისპირების შემდეგ, ყველაზე სერიოზულია.