კუდ-ის გასამართლება

2006 წლის 12 იანვარს, ნავთლუღში ჩაცხრილული: შოთა გორგაძე, მარად ართმელაძე და რომან სურმანიძე

საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) ყოფილ უფროსს დათა ახალაიას, ამავე დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ყოფილ უფროსს ვიცე პოლკოვნიკ გია დგებუაძეს, მეტსახელად „მასტერას“ და კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს რომან შამათავას, ორ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, შესაბამისად, 12, 9 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ახალაია და დგებუაძე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დამნაშავედ სცნო 2006 წლის 12 იანვარს, თბილისში, ნავთლუღის ბაზართან, სამი ახალგაზრდის: 17 წლის შოთა გორგაძის, 21 წლის რომან სურმანიძის და 23 წლის მარად ართმელაძის განზრახ მკველობაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ახალაიამ და დგებუაძემ საკონტროლო გასროლით მოკლეს გორგაძე და სურმანიძე.

დათა ახალაია და გია დგებუაძე (შუაში), 2006 წლის 12 იანვარს, ნავთლუღში

განაჩენის გამოცხადების დროს, სასამართლო დარბაზში მხოლოდ გია დგებუაძე იმყოფებოდა. მისი ექსტრადირება ჰოლანდიიდან 2016 წლის მარტში განხორციელდა. დათა ახალიას ექსტრადირება კი პროკურატურამ ვერ მოახერხა. ლტოლვილის სტატუსის მინიჭების გამო, ახალაია ინტერპოლის მიერ აღარ იძებნება.

ათი წლის წინ, ნავთლუღის ბაზართან მოკლული რომან სურმანიძის მამა, ოთარ სურმანიძე ამბობს, რომ საქმეს დასრულებულად, მხოლოდ დათა ახალაიას დაკავების შემდეგ ჩათვლის.

ჯერ ჩვენი ოჯახისთვის სამართლიანობა არ აღმდგარა. ყველას, ვინც დამნაშავე იყო რომ დაიჭერენ, დათა ახალაიას ჩათვლით, სამართალი მაშინ აღდგება"
ოთარ სურმანიძე, მოკლული რომან სურმანიძის მამა

“ჯერ ჩვენი ოჯახისთვის სამართლიანობა არ აღმდგარა. ყველას, ვინც დამნაშავე იყო რომ დაიჭერენ, დათა ახალაიას ჩათვლით, სამართალი მაშინ აღდგება.

მაგრამ, მაინც ვფიქრობ, რომ 7, 8 და 12 წელი საკმარისი სასჯელი არ არის. მაგათ, სამ, უდანაშაულო ახალგაზრდას სიცოცხლე მოუსპეს და სამუდამოდ ციხეში თუ დარჩებიან, სამართალი მაშინ იზეიმებს.“

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა კი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, რომან შამათავას მიუსაჯა.

პოლკოვნიკი შამათავა დამნაშავედ სცნეს 2008 წლის 17 და 27 აგვისტოს, ხაიშის სატყეო უბნის რეინჯერის დათო ცინდელიანისა და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის პაატა ქარდავას განზრახ მკვლელობაში.

პოლკოვნიკი შამათავა და მისი ორი მსხვერპლი: პაატა ქარდავა და დათო ცინდელიანი

ცინდელიანი და ქარდავა, შსს-ს კუდ-ისა და განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებმა, აგვისტოს ომის დროს, რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის, დაუდასტურებელი ბრალდებით აიყვანეს. პოლკოვნიკმა შამათავამ ორივე უკანონო პატიმარი, კატარღით ზღვაში გაიყვანა, იარაღით დახოცა და კვალის დაფარვის მიზნით ცხედრები წყალში გადააგდო.

სასამართლომ შამათავას, მკვლელობის ორივე ეპიზოდზე, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, ამნისტიის მუხლის შესაბამისად, სასჯელი - 8 წლამდე განახევრდა. ამან მოკლულთა ოჯახების ძლიერი უკმაყოფილება გამოიწვია. დავით ცინდელიანის ბიძა გურამ ვიბლიანი ამბობს:

შეიყვანა ზღვაში, დახვრიტა, ჩაძირა ზღვაში და 8 წელი მიუსაჯეს! ეს სამართალია? რანაირი სამართალია ეს?“
გურამ ვიბლიანი, მოკლული დათო ცინდელიანის ბიძა

„შეიყვანა ზღვაში, დახვრიტა, ჩაძირა ზღვაში და 8 წელი მიუსაჯეს! ეს სამართალია? რანაირი სამართალია ეს?“

მთავარმა პროკურატურამ უკვე განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლკოვნიკ შამათავასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. პროკურატურა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომის დროს, მართლმსაჯულების გვერდის ავლით, ლიკვიდირებულ პირთა საქმის ძიებას განაგრძობს.

რაც შეეხება, 2006 წლის ნავთლუღის სკანდალურ „სპეცოპერაციას“. ამ საქმეზე, სასამართლოს 2014 წელს, დამნაშავედ სცნო, დათა ახალაიას ძმა ბაჩო ახალაია, რომელიც იმ პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

ბაჩო ახალიას და თბილისის მე-7 ციხის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯათ. კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს: ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილის კი ციხე - 11 წლითა და 3 თვით. ინტერპოლის ხაზით, ამ დრომდე იძებნება მეგის ქარდავა.