ექსტრიმი გურიაში: ევროპული კაიაკინგი მდინარე ბჟუჟზე

Bzhuzha Race 2018-ის გამარჯვებული ავსტრიელი ენდი ბრუნერი By Irma Maximova

მაშინ როცა ხინოსა და გომის მთებზე თოვლი დნება და გიჟმაჟ მდინარე ბჟუჟში წყლის დონე იმატებს, ეს ულამაზესი ხეობა, ჩქერითა და სიპი ქვებით ექსტრემალ კაიაკერებს მთელი მსოფლიოდან მაგნიტივით იზიდავს. გურიის ისტორიული სოფელი შემოქმედი კი კაიაკინგის სამყაროს ერთ-ერთი ცენტრი ხდება.

წლევანდელი Bzhuzha Race, რომელსაც გურია 2-დან 5 მაისამდე მასპინძლობდა, იმით გამოირჩეოდა, რომ სულ ორი წლის ისტორიის მქონე ტურნირი, ექსტრემალური კაიაკინგის ევროპის თასის გათამაშების (EKEC) სასტარტო ეტაპად იქცა. ფრანგული ამბრიონის, იტალიური მოსო პასირიას, ნორვეგიული ვოსის და ჩეხური ლიპნოს შემდეგ, ბჟუჟის შეჯიბრი კაიაკინგის ევროპულ კალენდარში ოფიციალურად დამკვიდრდა.

კაიაკინგში ევროპის თასის ეტაპის გახსნა ოზურგეთში, By Irma Maximova

სწორედ ამის დამსახურება იყო, რომ გურიაში, ევროპის თასის სტარტზე, 10 ქვეყნის 60-მდე კაიაკერმა მოიყარა თავი, მათ შორის, კაიაკინგის ისეთი მეგა კლუბებიდან, როგორებიც: Adidas Outdoor, S2S Pro, ExoKayak, ZetKayaks, ABV და Red Bull International არიან. ბჟუჟის ევროპული ეტაპის გამარჯვებული მამაკაცებს შორის კი ავსტრიელი ენდი ბრუნერი გახდა, რომელზეც გურიამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა:

ულამაზესი ბუნება გაქვთ, მთის ჩქარი მდინარეებით, სადაც კაიაკინგის განვითარებისთვის იდეალური პირობებია. ბჟუჟი არაჩვეულებრივი ადგილია ევროპის თასის ეტაპისთვის"
ენდი ბრუნერი, Bzhuzha Race 2018-ის გამარჯვებული

„საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, ულამაზესი ბუნება გაქვთ, მთის ჩქარი მდინარეებით, სადაც კაიაკინგის განვითარებისთვის იდეალური პირობებია. ბჟუჟი არაჩვეულებრივი ადგილია ევროპის თასის ეტაპისთვის. ეს ვიზიტი ყველაზე მეტად დამამახსოვრდება, პირველად გავიმარჯვე და მთავარი პრიზი - ახალი კაიაკიც მე მერგო.“

ენდი ბრუნერმა, რომელიც ავსტრიულ კლუბ S2S Pro-ს წარმოადგენს გაიმარჯვა კვალიფიკაციაში, გრძელ დისტანციაზე, სლალომში, ექსტრიმ რბოლაში და იტალიელ მარკო ბაბუინს მხოლოდ კაიაკ კროსი დაუთმო. ქალებს შორის უკონკურენტო ჩეხი ლამაზმანი ბეტი ბრაბცოვა იყო, რომელიც მარკო ბაბუინის მსგავსად იტალიური კლუბის ExoKayak-ის ღირსებას იცავს.

ჩეხი კაიაკერი ქალი ბეტი ბრაბცოვა, By Irma Maximova

ექსტრემალურ კაიაკინგში ევროპის თასი სულ ორი წელია რაც თამაშდება. 2016 და 2017 წლების შედეგების მიხედვით, ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი იტალიელი მიკელე რამაცაა. მან პირველად სადებიუტო, სამ ეტაპიან გათამაშებაში იმარჯვა. შარშან კი უკვე ხუთ ეტაპიან შეჯიბრში ბადალი არ ჰყავდა.

ვინაიდან, ევროპის ჩემპიონს გურიაში არ უასპარეზია, ბჟუჟის ეტაპზე გამარჯვების შემდეგ, ევროპის თასის ფავორიტად ენდი ბრუნერი იქცა, თუმცა ავსტრიელმა კლასი მომდევნო ოთხ ეტაპზეც უნდა დაამტკიცოს.

უახლოესი შეჯიბრი საფრანგეთის ალპებში, მდინარე დიურანსიზე 18-21 მაისს გაიმართება, ივნისში, კაიაკერებს იტალიაში, მდინარე პასირია და ყველაზე პრესტიჟული ეტაპი - King Of The Alps ელით, ივლისში - ნორვეგიული ვოსი.

ბჟუჟზე დაშვება ევროპის თასის ოფიციალური ეტაპი გახდა

ექსტრემალურ კაიკინგში ევროპის თასის 2018 წლის მფლობელი კი 26 აგვისტოს, ჩეხეთში მდინარე ვლტავაზე გამოვლინდება. საქართველოს კაიაკინგის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი კობიაშვილი ამბობს:

ამ აღიარების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ გურიის ეტაპის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება"
აკაკი კობიაშვილი, საქართველოს კაიაკინგის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი

„ძალიან დიდი გამარჯვებაა, რომ წლევანდელი წლიდან Bzhuzha Race ევროპის თასის ოფიციალური ეტაპი გახდა. ამან გამოიწვია ის, რომ ევროპიდან გურიაში უფრო მეტი სპორტსმენი ჩამოვიდა, ვინაიდან ბჟუჟზე აღებული ქულები უკვე სარეიტინგოა.

ბჟუჟი ისედაც ძალიან პოპულარული იყო კაიაკერებს შორის, იმის გამო, რომ ავტომანქანით ადვილი მისადგომია და თითქმის, ყველა სირთულის მონაკვეთი გააჩნია, თუმცა ამ აღიარების შემდეგ, დარწმუნებული ვარ გურიის ეტაპის პოპულარობა უფრო გაიზრდება, რაც საქართველოში კაიაკინგის პოპულარობის ზრდას შეუწყობს ხელს.“

ევროპის თასის მონაწილეთა ბანაკი სოფელ შემოქმედში

ექსტრემალური კაიკინგის კლასიფიკაციის მიხედვით, მდინარე ბჟუჟზე III-IV კლასის სირთულის მონაკვეთებია, რის გამოც პროფესიონალ კაიაკერებს შორის, ბჟუჟი საქართველოში ტოპ-მდინარედ ითვლება. ის, რომ სპეციალური მომზადებისა და აღჭურვილობის გარეშე, ბჟუჟთან ჭიდილში ადრენალინის დაჭერა, შეიძლება უმძიმესი შედეგებით დასრულდეს, სამწუხაროდ, შარშანაც, დამტკიცდა.

გურიის „გიჟმაჟმა“ მდინარემ, როგორც ბჟუჟს თავის „მოგზაურობანში“ ცნობილი მწერალი და ეთნოგრაფი თედო სახოკია უწოდებს, 2017 წლის მაისში, კატამარანით დაშვების დროს, რუსი ექსტრემალის ალექსეი პროკოფიევის სიცოცხლე შეიწირა. წელს, უკვე ევროპულ ეტაპზე, საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და კაიაკერებმა გურია დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დატოვეს.

მდინარე ბჟუჟი

32,5 კილომეტრის სიგრძის მდინარე ბჟუჟი სათავეს ხინოს მთის ჩრდილოეთ კალთიდან იღებს. ჩამოუდის ზემო გურიის სოფლებს გომისმთას, გონებისკარს, წითელმთას, შემოქმედს, კვირიკეთსა და ქვემო მაკვანეთს. ოზურგეთში ბჟუჟს უერთდება აჭისწყალი, ნაბჟუარა და სკურჩა. სოფელ გურიანთასთან კი ბჟუჟი მდინარე ნატანებს ერთვის. 1956 წლიდან მდინარეზე მუშაობს 7,8 ათასი კვტ/სთ-ის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური - ბჟუჟჰესი.

თედო სახოკიას „მოგზაურობანიდან“ (1896-1903​): „სოფელს და მონასტერს შუაში გიჟმაჟი მთის წყალი "ბჟუჯი" ჩამოუდის, რომლის ნაპირები და თვით კალაპოტი სავსეა უზარმაზარი სიპი ქვებითა და ქვებს ეს მდინარე შორი მანძილიდან მოაგორებს და მის ძალას წინ ვერაფერი უდგება, რაც კი რამ მოხვდება, განსაკუთრებით წყალდიდობის დროს, თან მოაქვს.

სოფლელთათვის რისხვაა, თავზარ დამცემია, მათს ნაოფლარსა და ნაჭირნახულებს ერთ წამში აქრობს, მიწასთან ასწორებს, იტაცებს ყანებს, სახლებს, შინაურ საქონელს და ზღვას ურთავს. წყალდიდობის დროს მღვრიეა, ისე კი თეთრია რძესავით, რადგან სულ შფოთავს, ქუხს, ლოდიდან ლოდს ეხეთქება, სდუღს, თითქოს ცეცხლი შეუკეთებია ვისმესო. ზედვე ეტყობა, რომ თავისუფალი ადგილის, მთების შვილია, მთების ძუძუთი ნაზარდი.“