აქციის წინააღმდეგ თბილისში წყლის ჭავლი და სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს

"რადიო თავისუფლების" ფოტო

დღეს, პარლამენტის წინ ჩატარებული საპროტესტო აქციის მონაწილეებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მოუწოდა, ცესკოსთან გადაენაცვლათ და მისი პიკეტირება დაეწყოთ. აქციაზე დღეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს აპროტესტებდნენ.

მმართველი პარტია "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ოპოზიციური პარტიები კი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.

„დავრჩეთ და კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკოს შენობას. ვერავინ იქ ვერ შევა და ვერავინ იქიდან ვეღარ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები. თამარ ჟვანია სახლში უნდა წავიდეს“ - თქვა ნიკა მელიამ. მისი თქმით, ეს ოპოზიციის მიერ გაწერილი გეგმის ერთი ნაწილია.

მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პიკეტირება დაიწყო, ცესკოსთან მიმდინარე აქციის დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. "რადიო თავისუფლება" იმოწმებს ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებს, რომ პოლიციამ მომიტინგეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა. მათივე ცნობით, წყლის ჭავლის და გაზის გამოყენება გაფრთხილების გარეშე მოხდა.

ასევე ნახეთ: ოპოზიცია ივანიშვილს 3 მოთხოვნას უყენებს

მოგვიანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია: ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღის ბოლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, რაც კადრებშიც კარგად ჩანს და რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. შსს იქვე განმარტავს, რომ ის საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას წარმოადგენს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.