ნიცაში შეწყვეტილი ფრენა

დავით კეზერაშვილი ნიცას აეროპორტში დააკავეს

ლონდონიდან ტირანას ნაცვლად, დავით კეზერაშვილი ექს-ან-პროვანსის ციხეში აღმოჩნდა

Your browser doesn’t support HTML5

ნიცაში შეწყვეტილი ფრენა




35 წლის დავით კეზერაშვილი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი(2006-08) და ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი (2003-06), 40 დღეს გაატარებს, სამხრეთ საფრანგეთის პატარა ქალაქ ექს-ან-პროვანსის საპყრობილეში.

სწორედ ამდენი დღე აქვს ოფიციალურ თბილისს დაარწმუნოს საფრანგეთის მართლმსაჯულება ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების კანონიერებასა და საქართველოში ექსტრადირების აუცილებლობაში.

ფრანგული მედიის ცნობით, კეზერაშვილი ბოლო ერთ თვის განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა. გუშინწინ, იგი მოულოდნელად საფრანგეთის ქალაქ ნიცას აეროპორტში ჩაფრინდა, საიდანაც ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაფრენას გეგმავდა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნით, კეზერაშვილი ნიცას აეროპორტში, სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს დააკავეს, სასამართლო კი ექს-ან-პროვანსში გაიმართა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს მადლობა გადაუხდა, თავის ფრანგ კოლეგა კრისტენ ტობირას კეზერაშვილის დაკავების გამო:

„შსს-ს ინტერპოლის განყოფილებამ იმუშავა შესანიშნავად, ფრანგ კოლეგებთან ერთად. ჩვენ, რა თქმა უნდა ვიჩქარებთ, რომ ამ 40 დღეში საექსტრადიციო პროცედურები დასრულდეს, თუ არა და, შემდეგ, მოთხოვნილი იქნება ამ პატიმრობის გაგრძელება.“

დავით კეზერაშვილი საქართველოში ჯერჯერობით, მხოლოდ ორი გახმაურებული საქმისთვის იძებნება. ტელეკომპანია „იმედის“ საქმეზე, მას თებერვლის ბოლოს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

კეზერაშვილს ბრალდება რომ 2008 წელს პირდაპირი მუქარის გამოყენებით აიძულა „იმედის“ მაშინდელი მფლობელი ჯოზეფ ქეი ტელეიმედის წილი, პანამის ოფშორში რეგისტრირებულ კომპანია “Bordex Limited“-ზე გადაეფორმებინა, რომელიც მისი საკუთრება იყო.

ამავე დროს, კეზერაშვილი დაპირდა ქეის, რომ წილის ღირებულებას - 10 მილიონ დოლარს, თბილისის მერი გიგი უგულავა გადაურიცხავდა. ქეი აცხადებს, რომ ეს ფული არ მიუღია.

მეორე საქმეში - კეზერაშვილს 12 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღება და 50 მილიონი ლარის ოდენობის გადასახადების დამალვა ბრალდება. საქმე ეხება კონტრაბანდული ეთილის სპირტის ბიზნესს, რომელსაც გამოძიების მტკიცებით, კეზერაშვილი 2007-2012 წლებში მფარველობდა.

კეზერაშვილის წინააღმდეგ არსებობს სხვა არაერთი სამხილი თუ განცხადება, ბიზნესის წართმევისა თუ რეკეტის გამო. ისინი ეხება როგორც კეზერაშვილის სახელმწიფო სამსახურში ყოფნის, ისე ბიზნესში მოღვაწეობის პერიოდსაც.
მათ შორის, ყველაზე უფრო გახმაურებულია:

ბენზინგასამართი ქსელების „მაგნატისა“ და „სენტას“ საქმეები, რომლებიც ყოფილ მფლობელებს ჩამოერთვათ და უკვე ბიზნესმენ დავით კეზერაშვილის პირმშოს - კომპანია „გალფს“ შეერწყა.

კომპანია „ელიტელექტრინიქსის“ გაკულაკების საქმე, სადაც კეზერაშვილი მამამისთან ერთად იყო ჩართული.

ამერიკული წარმოების M4 ტიპის ავტომატებისა და საბრძოლო ვაზნების შეძენის საქმე. უხარისხო იარაღის შეძენა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ისრაელიდან, რომელსაც თან დიდი ოდენობით ქრთმის აღებაც სდევდა. ამ საქმეს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროც იძიებდა.

კორუფციული სქემები ნავთობის გადაზიდვის ბიზნესში. კერძოდ, საქართველოს რკინიგზასა და კომპანია „ჯორჯიან ტრანზიტს“ შორის. ასევე, კორუფციული შეკვეთები რკინიგზასა და ვაგონშემკეთებლ ქარხანას შორის.

მონოპოლიზირებული სარეკლამო ბაზარი, გარე, რადიო და სატელევიზო რეკლამების ჩათვლით, რომელსაც ახლო ნათესავების მიერ დაარსებული კომპანიების მეშვებით, ასევე კეზერაშვილი აკონტროლებდა და სხვა
მრავალი.

ასევე ცნობილია, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საკუთარი აქტივების უმრავლესობა კეზერაშვილმა, რუსეთში მოღვაწე მილიარდერ დავით იაკობაშვილზე გაასხვისა.

ამ სამხილების მიუხედავად, თბილისის მერი გიგი უგულავა ამბობს, რომ კეზერაშვილის ექსტრადირება საქართველოში არ მოხდება:

„ანალოგიის პრინციპით, შემიძლია ვიმსჯელო, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში სასამართლომ უარი უთხრა საქართველოს სახელმწიფოს ექსტრადიციაზე. უფრო მეტიც, 1 ოქტომბრიდან, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანამ 30-ზე მეტი პირი საქართველოდან, პოლიტიკური დევნილის სტატუსით შეიფარა.“

ექსპერტთა აზრით, აშკარაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე 11 დღით ადრე, კეზერაშვილის, თუნდაც დროებითი დაკავებით, მმართველი კოალიაცია „ქართული ოცნება“ იმ ამომრჩევლის მიმხრობას ცდილობს, რომელიც ე.წ კოჰაბიტაციისა და „სამართლიანობის აღდგენის“ ტემპებით უკმაყოფილოა და გამოსავალს საპრეზიდენტო კანდიდატის მხარადაჭერაში ან არჩევნების ბოიკოტირებაში ხედავს.

ერთ-ერთ ბოლო საჯარო გამოსვლაში პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამაზე მიანიშნა:

„განცდა, რომელიც კიდევ არსებობს საზოგადოებაში, სამართლიანობის აღდგენის.. აუცილებლად უნდა დაბალანსდეს და დაბალანსდება კიდეც. მოუწევს კიდევ პასუხისგება რამდენიმეს..მე არ ვიცი რამდენს.“

რა შანსები აქვს საქართველოს რომ დავით კეზერაშვილის საფრანგეთიდან ექსტრადირება შეძლოს? იურისტების განმარტებით, ეს საკმაოდ რთული პროცესი იქნება, გამომდინარე იქედან, რომ კეზერაშვილი საქართველოსთან ერთად, ისრაელის მოქალაქეც არის.

ჯერჯერობით, ოფიციალურმა თბილისმა უკრაინიდან მხოლოდ კუდ-ის ყოფილი ოფიცრის ოლეგ მელნიკოვის ექსტრადირება შეძლო.

კვლავ ვერ ხერხდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას და ყოფილი პოლიციელის დავით ჩაგინავას ავსტრიიდან ექსტრადირება. ასევე ვერ მოხერხდა საბერძნეთიდან იუსტიციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის დავით ჩხიტუნიძისა და იტალიიდან „თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილი თავჯდომარის გიორგი საბანაძის ექსტრადიცია.