8 მარტის შეთანხმება და მიღებული დახმარება - კუბილიუსის მკაცრი მიმართვა საქართველოს მთავრობას

ახალ კორონავირუსთან ბრძოლისთვის, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირისგან ასობით მილიონი ევროს დახმარება მიიღო. დღეს კი მთავრობას ახსენებენ, რომ დახმარება დემოკრატიულ პროცესებთან არის დაკავშირებული.

ევრონესტის საპარლამენტო ანსამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი, გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ საქართველო ევროკავშირისგან და მისი პარტნიორებისგან დახმარების სახით 500 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დახმარებას აგრძელებს, რომ მათ სოციალური და ეკონომიკური კრიზისის დაძლევა მოახერხონ. მისი თქმით, პანდემიისგან ეკონომიკაზე დარტყმის დაძლევის ერთადერთი გზა "ევროპული სოლიდარობაა". აქვე კუბილიუსი მთავრობას 8 მარტის შეთანხმებას ახსენებს და მოუწოდებს შესრულდეს მიღწეული შეთანხმება. ის ამბობს, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხი გამომდინარეობს იმ გზიდან, რომელსაც საქართველოს მთავრობა დემოკრატიის მშენებლობისთვის გაივლის.

"ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ურთიერთნდობის ატმოსფეროში, რათა დავიცვათ დემოკრატია და მივაღწიოთ ამ მიზნებს. ამ ნდობის მიღწევა მხოლოდ წინამდებარე ვალდებულებისა და დაპირებების შესრულების პროგრესირებას შეუძლია, მათ შორის, 2020 წლის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულებას, რომელიც მიღწეულ იქნა საქართველოს ყველა მთავარ პოლიტიკურ პარტიას შორის. დარწმუნებულები ვართ, რომ ევროკავშირი დღესაც ბევრს აკეთებს და ხვალ უფრო მეტს გააკეთებს, რომ დაეხმაროს საქართველოს და მის ხალხს. ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს საქართველო მზად იქნება, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს,"- წერს კუბილიუსი განცხადებაში.

განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს პარლამენტში. განცხადება გააკეთა ქართული ოცნების წევრმა და დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.

"საზოგადოებისთვის ცნობილია თუ რა მაღალი შეფასება მიიღო საქართველომ კორონავირუსთანბრძოლის კუთხით, შესაბამისად, დახმარებაც სწორედ ამ მიმართულებით იქნა გამოყენებული. არ შეიძლება დახმარებასა და ვინმეს, ნაციონალური მოძრაობის ძმაკაცების ციხიდან გამოშვებას შორის რაიმე სახის ტოლობა დაფიქსირდეს, სწორედ ეს არის ნაციონალური მოძრაობის მიზანი,"- განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა.

ამ დრომდე განცხადება არ გაკეთებულა საქართველოს მთავრობაში. შანტაჟისმაგვარი წერილი - ასე შეაფასა კუბილიუსის წერილი "რუსთავი-2"-თან საუბრის დროს, ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის სოციალ-დემოკრატების წევრმა გია ჟორჟოლიანმა.

"არავინ არ ჰკითხავს ფინანსებს ბატონ კუბილიუსს. არ მინდა მეტი ვილაპარაკო... ვთქვი, რომ ეს არის არაკომპეტენტური განცხადება და ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან დაკავშირებულია ძალიან ბევრ ფაქტორთან," თქვა გია ჟორჟოლიანმა.