არჩევნები: დადებითი და უარყოფითი მხარეები

ბიძინა ივანიშვილი:" რაც შეეხება გაზის ტარიფების გაიაფებას, ამის რეზერვები საქართველოში უნდა მოიძებნოს”
პარლამენტის წევრის თინა ხიდაშელის ინიციატივით ”დედაქალაქის შესახებ” და ”ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” კანონებში ცვლილებების პროექტი დარეგისტრირდა, რომლის მიხედვით ელექტროენერგიისა და დასუფთავების ერთმანეთთან მიბმა კანონმდებლობით აიკრძალება. ასევე დარეგისტრირდა კანონპროექტი ”საბავშვო ბაღებში გადასახადის გაუქმების შესახებ”:

”ეს არის კანონპროექტი, რომლითაც ასეთი ტიპის მანიპულაციები ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან, რომელიც მოსახლეობის ხარჯზე ხდება და დამატებით ხარკს და გადასახადს ითვალისწინებს მომავალში აკრძალული იქნება. ვერცერთი თვითმმართველობა ან ცენტრალური ხელისუფლება დამატებით საფასურს ვეღარ შემოიღებს იმისთვის, რაც ისედაც ჩვეულებრივ რეჟიმში გადასახადით ეკუთვნის”.

რაც შეეხება გაზის ტარიფების გაიაფებას, ”ამის რეზერვები საქართველოში უნდა მოიძებნოს”, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი:

” გაზს ჩვენ ვყიდულობთ ძალიან იაფად აზერბაიჯანიდან. ჩვენ ვყიდულობთ 145 დოლარად. პრესკონფერეციაზე ბაქოში ჟურნალისტმა დამისვა კითხვა, ”თქვენ 145 დოლარად ყიდულობთ და ჩვენ , შიგნით სახელმწიფოში ვყიდით 120 დოლარად”. ბატონმა ალიევმა შემდეგ განმარტა, რომ არა 120 დოლარად, არამედ 130 დოლარად ყიდიან უკვე შიგნით, თუ სწორი კურსით ვიხელმძღვანელებთ დოლართან დაკავშირებით, გამოდის რომ 130 დოლარად თავისივე ქვეყანაში იყიდება გაზი, ხოლო 145 დოლარად ვყიდულობთ ჩვენ, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი. როდესაც ოპოზიციაში ვიყავი მაშინაც გამოვთქვავდი მადლობებს აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიმართ და ახლაც ვიმეორებ. შესაბამისად მე კითხვა ტარიფის დაკლებასთან დაკავშირებით აღარ დამისვავს. ჩვენ გაზის ტარიფთან დაკავშირებით უნდა მოვძებნოთ რეზერვები შიგნით. ჩემი აზრით არსებობს რეზერვები, შეიძლება არც ძალიან დიდი, მაგრამ რეზერვების ძიება ქვეყნის შიგნით უნდა გავაგრძელოთ. უახლოეს დღეებში ამას გავარკვევთ”.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით 2013 წელს 70-80 ლარით გაიზრდება პედაგოგთა ანაზღაურება. მინისტრის თქმით ასევე გაზრდილია სტუდენტების სასწავლო გრანტებისა და მეცნიერების ხელშეწყობის პროგრამების დაფინანსება. 20 დეკემბერს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით ასევე გაორმაგდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის დაფინანსება, ამისთვის ბიუჯეტში დამატებით გამოყოფილია 10,2 მილიონი ლარი.

პირველი სექტემბრიდან ყველა ასაკის პენსიონერის და პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსია საარსებო მინიმუმს -150 ლარს გაუტოლდება.ფინანსთა მინისტრის განცხადებით პირველი ივლისიდან დახმარება გაუორმაგდება 57 000 ქულამდე მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახს.
ახალი წლიდან ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი გაიზრდება. რიგითის ხელფასი 40%-ით იზრდება და 715 დოლარის ნაცვლად 1001 დოლარი გახდება.
2012 წლის მიწურულს საპარლამენტო არჩევნების შედეგების დადებით და უარყოფით მხარეებზე გვესაუბრებიან ”თავისუფალი საქართველოს” გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე და ”მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე , უფლებადამცველი არნოლდ სტეპანიანი.
ალექსანდრე შალამბერიძე არჩევნების შედეგებს დადებითად აფასებს:

” არჩევნების შედეგები არის დადებითი, მოვიშორეთ ტირანია, ავტოკრატიული მმართველობა, რომელიც უკონტროლოდ მართავდა ამ ქვეყანას. ანუ, სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა. ის აღარ არის ხელისუფლებაში, პრეზიდენტია, მაგრამ მას არ გააჩნია მთავარი - აღმასრულებელი ხელისუფლების ძალმოსილება, მას არ შეუძლიამ ბიუჯეტის გაკონტროლება. ამდენად ის ჩამოცილებულია მთავარ ხელისუფლებას, რომელსაც უკონტროლოდ, ბოროტად იყენებდა. ელიტარული კორუფცია არსებობდა, გამოძიება ნაწილობრივ დაწყებულია. და მოხდა მთავარი რამ! საქართველოში პირველად მოხდა ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით.მაგრამ ეს არ არის სააკაშვილის დამსახურება. სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება არ შეცვლილიყო.
უარყოფითი შედეგები არის ის, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მოახერხა და მიიტაცა ოპოზიცია. ფაქტიურად ოპოზიცია ქვეყანაში არ არის, ახლა საჭიროა ვიაროთ იმ გზით, რომ ჭეშმარიტი, და არა ეს ცრუ, ფსევდო ნაციონალური მოძრაობა იქნეს წარმოდგენილი სხვადასხვა სტრუქტურებში. ეს ალბათ, დროის ამბავია, რომ ქვეყანა გადავიდეს ნორმალურ დემოკრატიულ რელსებზე”.


არნოლდ სტეპანიანის აზრით უარყოფით მხარეებზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა თვლის, რომ ახალ ხელისუფლებას არა აქვს უფლება იგივე შეცდომები დაუშვას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რა შეცდომებს უშვებდა წინა ხელისუფლება:

”უარყოფით მხარეებზე ნამდვილად გამიჭირდება ჯერჯერობით საუბარი, იმიტომ რომ არის ჯერჯერობით ორი თვე გასული. დადებით მხარეებზე რომ ვისაუბროთ... როგორც იქნა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა დემოკრატიული გზით, არჩევნებით. მინდა გითხრათ, ეს არის პირველი პრეცედენტი სამხრეთ კავკასიაში, ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ჯორჯ ბუშის სიტყვები, როცა მან თქვა, რომ საქართველო არის დემოკრატიის შუქურა სამხრეთ კავკასიაში, პირველი ოქტომბრის შემდეგ ხდება აქტუალური. ადრე გამიჭირდებოდა მეთქვა, რომ აქტუალურია. რეალობასთან ახლა უფრო ახლოს არის. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალ ხელისუფლებას აქვს უფლება დაუშვას იგივე შეცდომები, რა შეცდომებიც დაუშვა წინა ხელისუფლებამ სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ადამიანის უფლებების დისკრიმინაციის მიმართულებით”.