საქართველოს მთავრობა ცდილობს ყაზახეთიდან აფრიკა-ევროპისკენ მიმავალი ტვირთებით ფოთის ნავსადგური დატვირთოს. ეს თემა ერთ-ერთი მთავარი იყო ეგვიპტეში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ორდღიანი ვიზიტის დროს.
ქაიროში ვაშაძე თავის ეგვიპტელ კოლეგას მოჰამედ ქამელ ამრსა და ეგვიპტის პარლამენტის სპიკერს მოჰამედ საად ტაფიკ ელ კატატნის შეხვდა. ვიზიტის პოლიტიკური მხარე ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების განხილვას მიეძღვნა.
ეგვიპტის საერთაშორისო განვითარებისა და დაგეგმარების მინისტრ ფაიზა აბულ ნაგასა და ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრ მაჰმუდ ისასთან აუდიენციის დროს კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეგვიპტისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში ურთიერთობის გაღრმავების საკითხები განიხილა.
გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ ეგვიპტე სერიოზულად ფიქრობს შუა აზიიდან იმპორტი საქართველოს გავლით განახორციელოს:
„ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრთან უპირველეს ყოვლისა საუბარი იყო რამდენიმე პერსპექტიულ მიმართულებაზე საქართველო-ეგვიპტის ეკონომიკურ ურთიერთობებში. პირველი ეს რა თქმა უნდა, საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების გამოყენებაა.
ეს იმიტომ ეგვიპტელ პარტნიორებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი და სერიოზულად უნდათ, რამდენიმე სახის იმპორტი, რომელსაც ისინი აქამდე სხვა ქვეყნის გავლით ახორციელებდნენ, საქართველოს გავლით განახორციელონ.“
ეგვიპტე 80 მილიონზე მეტი მოსახლით ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელია. ადგილობრივი წარმოება ქვეყნის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს და ყოველწლიურად, საერთაშორისო ტენდერებით, ეგვიპტე 5-დან 6 მილიონამდე ტონა ხორბალს ყიდულობს.
ეგვიპტეში ხორბლის მსხვილ ექსპორტიორებს შორის, ამერიკასთან, ავსტრალიასთან, არგენტინასთან, საფრანგეთთან, უკრაინასთან და რუსეთთან ერთად ყაზახეთიც შედის.
ეგვიპტური სააგენტო "მენას" ცნობით, საქართველოს მთავრობამ ეგვიპტურ მხარეს შესთავაზა ყაზახური ხორბლის ტრანზიტი ფოთის პორტის გავლით განახორციელოს. დღეისათვის, ყაზახური ხორბალი ეგვიპტეში შავ ზღვაზე რუსეთისა და უკრაინის პორტების გავლით ხვდება.
ყაზახეთმა ბოლო წლებში ფანტასტიკური ტემპებით გაზარდა ხორბლის ექსპორტი და უკვე მზადაა წელიწადში 15 მილიონი ტონა ხორბალი გაყიდოს. ეგვიპტის გარდა, ასტანა ხორბალს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებსაც აწვდის.
წელს ყაზახეთი შავი და ბალტიის ზღვის პორტების გამოყენებით 2,5 მილიონი ტონა ხორბლის ტრანზიტს აპირებს. ამავე დროს, არ არის გამორიცხული ეგვიპტემაც გაზარდოს ყაზახური ხორბლის იმპორტი.
ყაზახეთი თან განიხილავს შესაძლებლობას საექსპორტო ხორბლის ტრანზიტის სუბსიდირება მხოლოდ შავი, აზოვისა და ბალტიის ზღვამდე მოახდინოს.
ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ქამელ ამრამ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ არ დააკონკრეტა რამდენად სერიოზულად განიხილავს ქაირო სატრანზიტოდ ფოთის პორტის გამოყენებას:
„ჩემს ქართველ კოლეგასთან ხშირი კონტაქტი მაქვს, ორმხრივი ინტერესის შეცველი მრავალი აქტუალური საკითხი განვიხილეთ და შემდგომი თანამშრომლობის გზები დავსახეთ. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს.“
ფოთის პორტს მეათე თვეა დანიური გიგანტის A.P Moller-Maersk Group-ის შვილობილი APM Terminals მართავს, რომელმაც პორტის აქციების 80 პროცენტი, შარშან აპრილში არაბეთის გაერთიანებული საემიროების კომპანია „რაქიინისგან“ შეიძინა.
არაბები ფოთში გრანდიოზული გეგმებით 2008 წელს შევიდნენ, ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონისა და ახალი აეროპორტის მშენებლობა ამ მეგა-გეგმის ნაწილი უნდა გამხდარიყო. თუმცა, საბოლოოდ „რაკიამ“ ფოთის პორტის აქციების მხოლოდ 20 პროცენტი დაიტოვა და პორტის მართვიდან გავიდა.
მარტის დასაწყისში, ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა ჯოზეფ ქროულიმ აღნიშნა, რომ პორტში ტვირთების რაოდენობა 30 პროცენტით არის გაზრდილი, ეს განცხადება ქროულიმ გადამზიდავი კომპანიების პრეტენზიების გასაბათილებლად გააკეთა.
გადამზიდავების ნაწილი აცხადებს, რომ ფოთის პორტის ცუდი მუშაობის გამო, ტვირთები სულ უფრო ხშირად იგვიანებს, რის გამოც ფინანსურ ზარალს განიცდიან, პორტის იმიჯს კი სერიოზული ზიანი ადგება, რაც ტვირთბრუნვაზეც აისახება.