2010 წელს, მაისის ჩათვლით, საქართველოში 25133 ახალშობილი დაიბადა. ასეთია სამოქალაქო რეესტრის უახლესი სტატისტიკა. ეს ტემპი იმის გარანტიაა, რომ საქართველოში შობადობის ზრდის ტენდენცია, 2010 წელსაც შეიძლება შენარჩუნდეს.
ქართველი დემოგრაფები, ჯერჯერობით, ვერ უძებნიან მეცნიერულ ახსნას იმ ფაქტს, რომ ცხოვრების დონის საერთო გაუარესების ფონზე, ბოლო ორი წლის მანძილზე, საქართველოში შობადობის მკვეთრი ზრდა შეინიშნება. სოციოლოგიისა და დემოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარე, პროფესორი გიორგი წულაძე ამბობს
„პირველად, ბოლო ოცი წლის განმავლობაში, საქართველოში შობადომ იმ ზღვარს გადააჭარბა, რომელიც თაობათა განახლების შესაძლებლობას იძლევა. სხვანაირად რომ ვთქვათ, მოსახლეობის გაფართოებული აღწარმოების შესაძლებლობას გვაძლევს. შობადობის ზრდამ, დაახლოებით მიაღწია, ოცდაათი წლის წინანდელ დონეს. მოგეხსენებათ, დემოგრაფიული განვითარების თავისებულება ის არის, რომ განვითარების ამ ეტაპზე, მუდმივად უნდა კლებულობდეს შობადობა და ეს ორი წელიწადი საოცარი აღმოჩნდა მაგ თვალსაზრისით“.
შობადობის თვალსაზრისით, სარეკორდი იყო 1961 წელი, როცა საქართველოში 106 ათასი ბავშვი დაიბადა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს რიცხვი ყოველწლიურად კლებულობდა და 2002-2003 წლებში 46 ათას ახალშობილამდე ჩამოვიდა.
ამ წლებში შობადობა სიკვდილიანობას თითქმის გაუთანაბრდა. ბოლო მონაცემები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, 2009 წელს 63 ათასზე მეტი ახალშობილი მოევლინა ქვეყნას. ექსპერტი ანზორ თოთაძე ამბობს
„ძირითადად, შობადობის ზრდა და მოსახლეობის მატება არის იმ რაიონებში, სადაც საქართველოს არაქართველო მოსახლეობა ცხოვრობს. ქართველებით დასახლებულ რაიონებში თითქმის ყველგან კლებაა. რა მოქმედებს ამ ტენდეციაზე?! გარდა უმძიმესი ეკონომიური ვითარებისა, ეს არის განათლების საერთო დონე და რა თქმა უნდა, რელიგიური ფაქტორი“
საქართველოს დემოგრაფიის საერთო სურათზე, მძიმედ მოქმედებს მიგრაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელიც. წელს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით, საქართველო პირველად მოხვდა იმ ქვეყნების ათეულში, რომლის მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად ითხოვენ საზღვარგარეთ თავშესაფარს.
ბოლო ორი წლის მანძილზე, ოცი ათასამდე საქართველოს მოქალაქემ მიმართა სხვა და სხვა ქვეყანას, ლტოლვილის ან პოლიტიკური დევნილის სტატუსის მისაღებად. ექსპერტთა აზრით, ეს მონაცემები უფრო მაღალია, თუ გავითვალისწინებთ, არალეგალური მიგრაციის მაშტაბებს. სოცილოგიისა და დემოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი ავთანდილ სულაბერიძე ამბობს
„რა თქმა უნდა, როდესაც მიგრაციის სალდო უარყოფიათია, ანუ მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის, ეს ძალიან უარყოფითი მოვლენაა. ჯერ ერთი, მოსახლეობის საერთო სტუქტურაზე მოქმედებს - მოსახლეობა ბერდება, ვინაიდან საზღვარგარეთ შუა ასაკის ხალხი და ახლგაზრდები გადიან ძირითადად;
მეორე - შრომისუნარიანი მოსახლეობა ნაკლები რჩება. ბევრი მიზეზის გამო, ეს დემოგრაფიული კუთხითაც ძალიან უარყოფითი მოვლენაა. გარდა ამისა, აქ როდესაც რჩებიან ხანშიშესულები, იმათი საპენსიო უზრუნველჰყოფის პრობლემაც დგება“
საქართველოში მოსახლეობის 3,5 პროცენტი ანუ 350 ათასი ადამიანი ხანდაზმულია და ახლო მომავალში, ამ მაჩვენებლის მკვეთ გაზრდას ვარაუდობენ. ერთ წლამდე ჩვილთა მოკვდავობა თითქმის 18 პროცენტამდე ადის.
ანუ ყოველი 1000-ი დაბადებული ბავშვიდან 20-ის გადარჩენა ვერ ხერხდება, მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში, 1000 ბავშვზე, მხოლოდ სამი ახალშობილი ეღუპებათ. პროფესორი გიორგი წულაძე ამბობს, რომ დემოგრაფიული პრობლემა საქართველოსთვის კვლავაც ერთ-ერთი უმწვავესია.
„ კარგია ის დადებითი ძვრები რაც მოხდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გამოსწორდა. განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით მაინც მაღალი რჩება ჩვილთა სიკვდილიანობა, ასევე განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით დაბალია სიცოცხლის ხანგრძლივობა. არის რაღაც დადებითი ძვრები, მაგრამ უფრო ბევრი უარყოფითი ტენდენციაა, რომელიც გამოსწორებს საჭიროებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა ვერ ვიტყვით, რომ პრობლემა აღარ არსებობს“
ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოში 1992 წელს ცხოვრობდა, ხუთი მილიონ 462 ათასი. ბოლო თვრამეტი წლის მანძილზე, საქართველოს მოსახლეობა მილიონ 240 ათასი ადამიანით შემცირდა და დღეს 4 მილიონ 222 ათასს შეადგეს.
გაეროს პროგნოზით, თუ საქართველოში ცხოვრების დონემ მკვეთრად არ აიწია, 40 წლის შემდეგ, 2050 წელს, მოსახლეობის რაოდენობა კიდევ ერთი მილიონით შემცირდება და საქართველოში ორი მილიონ 985 ათასი კაცი იცხოვრებს.
შედარებისთვის, ამ დროისთვის, მეზობელი აზერბაიჯანის მოსახლეობა 10 ნახევარ მილიონს გადააჭარბებს, სომხეთის მოსახლეობა კი სამი მილიონ 18 ათასი ადამიანი იქნება.