დათა ახალაია პატრას ნავსადგურში დააკავეს

კუდ-ის ყოფილმა უფროსმა საბერძნეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა

ალექსანდროს პაპასტერიოპულოსი: "დათა ახალაია ვინმე ოთარ ურუშაძეზე გაცემული ყალბი პასპორტით სარგებლობდა"
საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) ყოფილი უფროსი და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაია, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, დასავლეთ საბერძნეთში, ათენიდან 210 კილომეტრით მოშორებულ, ქალაქ პატრაში დააკავეს.

ბერძნული მედიის ცნობით, პოლიციამ დათა ახალაია პატრას ნავსადგურში ყალბი სამგზავრო დოკუმენტების გამო დააკავა. მას თან 20 000 ევრო და 10 000 დოლარი აღმოაჩნდა. ახალაიამ მაშინვე პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა და პატრას სააპელაციო სასამართლოში იქნა გადაყვანილი.

ადგილობრივმა გაზეთმა Patras Times-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, დაადგინა, რომ ახალაიას დაკავება ერთი თვის წინ მოხდა (იხილეთ http://www.patrastimes.gr/arthro.php?id=60862).

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი კი მისი კლიენტის დაკავების ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ დათა ახალაია პოლიტიკური თავშესაფრის მიღების მიზნით, საბერძნეთის პოლიციას თავად ჩაბარდა.

„დავით ახალაიას მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა. ასევე პოლიტიკური დევნა ხორციელდება ახალაის ოჯახის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მიმართ. ამიტომ, ახალიამ მიიღო გადაწყვეტილება და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანას, კერძოდ საბერძნეთს მიმართა. შესაბამისად, ახლა სათანადო პროცედურები ხორციელდება.“

ბერძნულ მედიაში, ახალაია მოხსენიებულია, როგორც Νταϊβίτ Αχαλάια და არა, როგორც Δαβίδ Αχαλάια. ჰქონდა თუ არა, ყოფილ მაღალჩინოსანს, დოკუმენტებში გაყალბებული სახელი? ამ კითხვით ჩვენ, პატრას პოლიციას დავუკავშირდით, მათ დაგვიდასტურეს ახალაიას დაკავების ფაქტი, თუმცა,„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს.

მოგვიანებით, ახალაიას ინტერესების დამცველმა საბერძნეთში, ადვოკატმა ალექსანდროს პაპასტერიოპულოსმა დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქე მართლაც ყალბი დოკუმენტებით ცდილობდა პატრადან იტალიაში მოხვედრას, რა დროსაც იგი დააკავეს. ეს შემთხვევა ჯერ კიდევ 27 მარტს მოხდა.

„ახალაია საბერძნეთის დატოვებას და იტალიაში გამგზავრებას ვინმე ოთარ ურუშაძის სახელით გეგმავდა. სასამართლომ მას 40 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ეს ამბავი ასე გვიან იმიტომ გახმაურდა, რომ მხოლოდ ორი დღის წინ გაირკვა დაკავებულის ნამდვილი ვინაობა.

როგორც ვიცი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახალაიას ექსტრადირებას ითხოვს. პარალელურად, ახალაია ცდილობს საბერძნეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღოს. ათენს 15 დღე აქვს რომ თბილისს ექსტრადირების თაობაზე პასუხი გასცეს.“

საინტერესოა, რომ გუშინ საბერძნეთს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. მაია ფანჯიკიძემ შეხვედრები გამართა ბერძენ კოლეგა ევანგელოს ვენიზელოსთან, ასევე საბერძნეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერ იოანის ტრაგაკისთან და თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე კონსტანტინოს ციარასთან. საგარეო უწყებაში განმარტავენ რომ ეს ვიზიტი ადრე იყო დაგეგმილი.

იყო თუ არა დათა ახალიას ექსტრადირების თემა ქართულ-ბერძნული მოლაპარაკების ერთ-ერთი საკითხი, ამ თემაზე კომენტარს საგარეო უწყებაში არ აკეთებენ. ჯერჯერობით, დუმილის უფლებას იყენებს საქართველოს მთავარი პროკურატურაც. პროკურატურის წარმომადგენელი თემურ დოლიძე კერძოდ ამბობს

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს მთავარი პროკურატურა კომენტარს არ აკეთებს“

კუდ-ის ყოფილი უფროსი და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაია 2012 წლის დეკემბრიდან იძებნება. 2005 წელს პოლიციელების ცემის ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე წლის მარტში, ახალაიას დაუსწრებლად, 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

დათა ახალაიას სახელი სხვა გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებშიც ფიგურირებს: ესენია სანდრო გირგვლიანის მკვლელობა; ნავთლუღის სპეცოპერაცია,, სადაც სამი ახალგაზრდა უმოწყალოდ ჩაცხრილეს და პროკურატურის მტკიცებით, საკონტროლო გასროლა სწორედ დათა ახალაიამ განახორციელა.

პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივნის დიმიტრი ქიტოშვილის ცემა; სექსუალური უმცირესობების და უკანონო თვალთვალი, ფარული ვიდეოგადაღება და სხვა.

ზუსტად ერთი წლის წინ, დათა ახალიამ სოციალური ქსელით გაავრცელა სკანდალური განცხადება, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების გამო, მთელი პასუხისმგებლობა ყოფილ პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს ამჟამად პატიმარ ვანო მერაბიშვილს დააკისრა.