დაკარგული მწვანე ზონის სტატუსი, მაღალი ინფიცირების მაჩვენებლები და არჩევნები - რა ხდება საქართველოში?

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად იზრდება. ოფიციალური მონაცემებით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავრცელებს, ირკვევა რომ მხოლოდ ბოლო 24 საათში 919 ადამიანს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი. გასულ დღესთან შედარებით, სხვაობა დაახლოებით 300 ადამიანია. ინფიცირების მზარდი მაჩვენებლები განსაკუთრებით თბილისში და ბათუმში შეინიშნება.

ასევე ნახეთ: რეინფიცირების პირველი დადასტურებული ფაქტი ამერიკაში - რუბრიკა „გალილეო“

გაუძლებს თუ არა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დიდ მიმართვიანობას და არის კი მზად სახელმწიფოს და კერძო სექტორის საკუთრებაში არსებული კლინიკები კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ? ამასთან დაკავშირებით განცხადებას ჯანდაცვის მინისტრი აკეთებს. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ვითარებას სახელმწიფო გაუმკლავდება. მისი თქმით, ამ დროისთვის საქართველოში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა მისაღებად საავადმყოფოებში 10 000 ადგილი არსებობს, თუმცა ის ყურადღებას ადამიანურ რესურსზე უფრო ამახვილებს და ამბობს:

"ჩვენ გვყავს და გვესაჭიროება საკმაოდ მაღალკვალიფიციური კადრი, რომელთა რაოდენობაც, არა ხარისხობრივ ჭრილში, არამედ მათი ლიცენზიების კუთხითაც არის შეზღუდული, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვესაჭიროება არა მხოლოდ საწოლფონდი, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს ექიმების კუთხით, რომ შეძლოს პაციენტების მართვა, სწორედ ამის გამო ვცდილობთ ჩვენ მოვახდინოთ ვირუსის შეკავება და გადავადება დროის ჭრილში, რადგან მოლოდინი, რომ დაინფიცირებული ადამიანების ჯამური რაოდენობა იქნება დიდი, ჩვენ ეს გვაქვს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთდროულად საავადმყოფოებში და სასტუმროებში ზომიერად გაზრდილი პაციენტების რიცხვი,"- აცხადებს მინისტრი ტიკარაძე, თუმცა ის არ საუბრობს რამდენად არის სიტემა მზად, რომ ზომიერად გაიზარდოს ინფიცირებულთა რაოდენობა.

ასევე ნახეთ: "უფრო დიდი მკვლელი ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი" - გამყრელიძე კოვიდ19-ზე საუბრობს

პარალელურად ცნობილი ხდება ალგორითმის მონაცემები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია განისაზღვროს, თუ რამდენი სამედიცინო პერსონალი მუშაობს 20 ინფიცირებულზე. ალგორითმის მიხედვით, საკარანტინე სივრცეში, 20 პაციენტზე ექიმისა და ექთნის ერთი გუნდი მუშაობს. პაციენტების რაოდენობის მატებასთან ერთად, ემატება კიდევ 1 ექთანი ყოველ დამატებით 30 პაციენტზე და 2 სრული გუნდი, თუ პაციენტების რაოდენობა აღემატება 50-ს.

  • საქართველოში 487 ლიცენზიის მქონე ინფექციონისტია. ჯამში კი 22 223 მოქმედი ექიმი.
  • დღევანდელი მონაცემებით კარანტინის რეჟიმში იყოფება - 5 721 ადამიანი
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836
  • კოვიდ სასტუმროში კი - 1090 ადამიანია.

რამდენ ადამიანს აინფიცირებს ერთი ადამიანი საქართველოში?

ფონდ „კურაციოს“ მონაცემებით, დღეს, საქართველოში, COVID19-ის რეპროდუქციული მაჩვენებელი (R), 1.33-ია. ანუ ერთ ინფიცირებულს შეუძლია დააინფიციროს ერთზე მეტი ადამიანი. ზაფხულში, მაგალითად, ივნისში, ეს რიცხვი 0.58 იყო. ანუ ერთ ინფიცირებულს ერთზე ნაკლები ადამიანის დაინფიცირება შეეძლო.

ეპიდემიოლოგები თვლიან, რომ თუკი ერთი ინფიცირებული ერთზე ნაკლებ ადამიანს აავადებს, ეს ნიშნავს, რომ ვირუსის მასობრივი გავრცელება ნაკლებსავარაუდოა. თუმცა, თუკი ნიშნული ერთს სცდება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვირუსის გავრცელება სახიფათო მასშტაბებს იძენს.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, სხვა ქვეყნების მაგალითებს გადავხედოთ.

  • ბრიტანეთში, ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელი 1.1 – 1.4-მდე მერყეობს;
  • საფრანგეთში, ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელია 1.07-ია
  • აშშ-ში კი 0.84-დან 1.35-მდე

ჯანდაცვა და პოლიტიკა

ისე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, პოლიტიკა და კოვიდ19-ის პანდემია ერთმანეთთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. საქართველოში ამ მხრივ ვითარებას ისიც ართულებს, რომ 2 კვირაში ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. მთავრობა მკაცრი შეზღუდვების შემოღებას არ ფიქრობს და მოსახლეობას კოვიდ19-ის ქართული აპლიკაციის, პირბადისა და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები კი უკვე მეორე დღეა ყურადღებას ამახვილებენ, არჩევნების გადადების შესახებ.

ამ განცხადებების საპასუხოდ რამდენიმე საათის წინ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ არჩევნები არ გადაიდება მიუხედავად იმისა, რომ გახარია არ ფიქრობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდება.

"არავის გვეგონოს, რომ რაოდენობის ზრდა შეჩერდება. რესტრონების მუშაობის შეზღუდვითაც კი, ინფიცირებულების ზრდა არ შეჩერდება, უბრალოდ, ჩვენ ამით შეგვიძლია ზემოქმედება მოვახდინოთ დროზე, რა სისწრაფით მოხდება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა. ეს მოგვეხმარება ამ სისწრაფის კონტროლში. ყველაზე უფრო ქმედითი ინსტრუმენტია პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. რაც უფრო მეტი პირბადე იქნება ქალაქში და მეტი პირბადიანი ადამიანი იქნება ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო ნაკლები იქნება ინფექციის გავრცელებაც და სიკვდილიანობაც,"- ამბობს საქართველოს მთავრობის მეთაური გახარია.

თბილისში და იმერეთში ხვალიდან, 16 ოქტომბრიდან, რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22 საათიდან შეიზღუდება. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამგვარი "წერტილოვანი შეზღუდვები" მხოლოდ იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შენელდეს. მთავრობამ ასევე მოუწოდა ყველა ორგანიზაციას, სადაც ამის საშუალებაა, ონლაინ მუშაობაზე გადავიდეს. "ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის საკმარისი, ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა გადანაწილებულია მთავრობაზე, ხელისუფლებაზე და როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებზე", - განაცხადა გახარიამ.