საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსის უკონტროლო გადაცემის გამო მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სრული ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერმა გახარიამ ამ გადაწყვეტილების შესახებ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა.
მარნეულში ახალი ვირუსის შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. სიტუაცია არის საკმაოდ რთული. ამის გამო მარნეულის და ბოლნისის რაიონები გადადის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე“გიორგი გახარია, პრემიერი
“მარნეულში ახალი ვირუსის შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ეპიდემოლოგების მიერ ამ ჯაჭვში დადგენილი 90 ადამიანი არაფერს არ ნიშნავს, სიტუაცია არის საკმაოდ რთული. ამის გამო, მარნეულის და ბოლნისის რაიონები გადადის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე“ - აღნიშნა პრემიერმა.
23 მარტიდან, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში იზღუდება შესვლა და გამოსვლა, იკეტება ყველა ობიექტი, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა. აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მუნიციპალიტეტების შიგნით იზღუდება გადაადგილებაც.
როცა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი პროტოკოლი შეიქნება, ამ რაიონების მაცხოვრებლებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება შეეძლებათ.
კარანტინის რეჟიმშია მარნეულში მდებარე „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკა, სადაც ინფიცირებული პაციენტი მკურნალობდა. ის ახლა თბილისშია გადმოყვანილი და მისი მდგომარეობა კრიტიკულია. პრემიერის თქმით, 24 საათის განმავლობაში, მარნეულში „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკის ტერიტორიაზე საველე ჰოსპიტალი დაიწყებს ფუნქციონირებას.
მარნეულსა და ბოლნისში ადგილობრივი მედია მუშაობას აგრძელებს, სხვა მედია საშუალებებს, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა საკარანტინო ზონაში შესვლა აეკრძალათ.
ქვემო ქართლში მდებარე მარნეულის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 104 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი 54 000, საკარანტინო ზონაში დაახლოებით 160 000 ადამიანი აღმოჩნდა.პრემიერის თქმით, საგანგებო მდგომარეობას მარნეულსა და ბოლნისში შსს-ს ძალები უზრუნველყოფენ.
განახლება: 23 მარტი / 03:15 წთ
მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში, მარნეულსა და ბოლნისში, საქართველოს თავდაცვის ძალებიც ჩართო.
"შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრული კოორდინაციით, თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან მოაწყობს და დაიცავს სპეციალურ გამშვებ პუნქტებს" - ეს ინფორმაცია სოციალურ სელში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა.