ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოში ვიზიტი დღეს, ორშაბათს, ადგილობრივი დროით 8 საათზე დაიწყო. ამერიკის მთავარი დიპლომატი ბათუმში ერევნიდან ჩაფრინდა და დღეს არაოფიციალურ ვითარებაში გამართავს შეხვედრებს. ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ხვალ დაიწყება. ჩვენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით თუ რა საკითხების ხაზასმას უნდა შეეცადოს ამერიკის სახელმწიფო მდივანი საქართველოში მიმდინარე ვიზიტის დროს, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალედ და ღია ვითარებაში ჩატარებას და თუ რა თემები დგას სახელმწიფო დეპარტამენტის დღის წესრიგში კავკასიაში ამერიკის მთავარი დიპლომატის მოგზაურობისას, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი პასუხობს:
კორტნი: „ჰილარი კლინტონის ვიზიტს კავკასიის სამ ქვეყანაში რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიები აერთიანებს. ამის შესახებ მე დღეს, ჩემს ღია წერილში დავწერე ორ ყოფილ დიპლომატთან-დენის კორბოისთან და კენეტ იალოვიცთან ერთად „ინთერნეშნალ ჰერალდ ტრიბუნში“. რეგიონალური კონფლიქტები მთიან ყარაბაღში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და რუსეთის ფაქტორი კონფლიქტების დინამიკაში ამ ვიზიტის დროს ხაზგასასმელი საკითხებია. ყარაბაღთან დაკავშირებით სიტუაცია დაძაბულია, აზერბაიჯანის მხარეს იზრდება სამხედრო ძალების კონცენტრაცია, ხალხი, სომხები კი კონფლიქტის ზონაში თავს დაუცველად გრძობენ. პრეზიდენტ ალიევზე ქვეყნის შიგნითაც იზრდება ზეწოლა რათა მან დაპირისპირების ინსპირაცია და შემდგომი ომის საფრთხე აიცილოს თავიდან. ყველასთვის ნათელია, რომ ეს უაზრო და არასასურველი დაპირისპირება იქნება, რასაც რეგიონალურ ძალთა ჩართვაც მოყვება კონფლიქტში. სახელმწიფო მდივანმა ოფიციალური ბაქო და პრეზიდენტი ალიევი რისკების შესახებ უნდა გააფრთხილოს. რეგიონალური ომი საფრთხის ქვეშ დააყენებს ენერგეტიკის სფეროში ურიცხვ ინვესტიციებს აზერბაიჯანში და ასევე ნაბუკოს გაზსადენის უსაფრთხოებას. „
დღეს გამოქვეყნებულ წერილში უილიამ კორტნი, კენეტ იალოვიცი და დენის კორბოი ჰილარი კლინტონს მოუწოდებენ საქართველოში ვიზიტისას მხარდაჭერა აღუთქვან საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ქალბატონმა კლინტონმა ქვეყნის ერთი მეხუთედის არალეგალურ ოკუპაციაზე უნდა მიანიშნოს რუსეთს, დასძენს ჩვენთან საუბარში უილიამ კორტნი. მისი თქმით, ხაზი უნდა გაესვას ენერგო რესურსების უსაფრთხო ტრანსპორტირების მნიშვნელობას შავ ზღვამდე საქართველოს გავლით. საგაზეთო პუბლიკაციაში ამ თემას ეხმაურებიან სტატიის დანარჩევნი ავტორებიც, რომელთა აზრით მოსკოვს უფლება არ უნდა მიეცეს კონტროლი დაამყაროს კასპიური ენერგო რესურსების ექსპორტზე საქართველოს გავლით. ამასთან ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა მტკიცედ უნდა მოუწოდონ საქართველოს ხელისუფლებას რომ არ მოხდეს ანტი რუსული სენტიმენტების გაღვივება ჩრდილოეთ კავკასიაში რაც ოლიმპიური თამაშების წინ არახელსაყრელ გარემოს შექმნის რეგიონის უსაფრთხოებისთვის.
კორტნი: „პრაქტიკული გადმოსახედიდან, ამ ვიზიტის დროს ორი მნიშვნელოვანი საკითხი დგას საქართველოში. აუცილებელია საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალედ და თავისუფალ გარემოში ჩატარება. მე შეწუხებული ვარ იმ ფაქტით, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად მოსამზადებელ სამუშაოებს უწყებათაშორისი კომისია უძღვება პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ხელმძღვანელობით. დემოკრატიულ სახელმწფოში საარჩევნო პროცესების ზედამხედველობა, დავების შესწავლა და ხმების დათვლა დამოუკიდებელი კომისიის მოვალეობებში შედის და მის მუშაობაში პოლიტიკური პარტიები უნდა იღებდნენ მონაწილეობას.“
საქართველოს უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, „კომისია უფლებამოსილია, შეისწავლოს საარჩევნო პროცესის შესახებ მოწოდებული ინფორმაცია, ასევე მედიით გავრცელებული ცნობები და საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები საჯარო მოსამსახურეებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ, რეაგირება მოახდინოს გამოვლენილ ფაქტებზე“. აღნიშნულმა უწყებამ მუშაობა უკვე დაიწყო, კანონით დათქმულ ვადაზე, 1 ივლისამდე ადრე.
უილიამ კორტნი ჩვენთან საუბარს აგრძელებს.
კორტნი: „მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ საქართველომ ტერიტორიული თავდაცვის სტრატეგია უნდა განავითაროს. ასეთ სიტუაციაშია შვეიცარია. საქართველო არცერთ სიტუაციაში არ უნდა ჩაებას ომში რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა მას ძლიერი თავდაცვა უნდა გააჩნდეს პოტენციური აგრესორების წინააღმდეგ. აქ იგულისხმება ანტი სარაკეტო, ანტი საჰაერო ტექნიკა, რათა ყველა გარეშე ძალას, რომელიც ამ ქვეყნის წინააღმდეგ შეტევას განიზრახავს, კარგად ესმოდეს რომ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების სრული სპექტრი გააჩნია. ქართველმა ჯარისკაცებმა კარგი პრაქტიკურლი გამოცდილება შეიძინეს ავღანეთში თუმცა ამ გამოცდილებას ახლა თავდაცვითი შეიარაღება უნდა დაემატოს. ამ მიზნისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა პარტნიორმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყონ საქართველოს თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვაში.