საქართველო დამოუკიდებლობის დღეს განსხვავებულად აღნიშნავს. პანდემიის გამო, არ გაიმართა, ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნი ტრადიციული, მასშტაბური ღონისძიებები.
საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ვაზიანის სამხედრო ბაზას ეწვივნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს თავდაცვის ძალებს და ქართველ ხალხს მიმართეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად შეკრული და ძლიერი საზოგადოებასალომე ზურაბიშვილი
„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. დღეს უჩვეულო 26 მაისია, საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, თავდაცვის ძალებთან ერთად, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში. ეს გამოწვეულია იმ განსაკუთრებული კრიზისული მდგომარეობით, რომელშიც ჯერკიდევ ვიმყოფებით. ამ ვითარების მიუხედავად, ჩვენი აქ მოსვლით და თავდაცვის ძალებთან დგომით გამოვხატავთ ამ დღის მნიშვნელობას საქართველოსთვის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად შეკრული და ძლიერი საზოგადოება“ - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვა და ვრცელ სიტყვაში, საქართველოს დასავლური ორიენტაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა - „ახალ მსოფლიოში ევროპა დიდი გამოწვევისა და სოლიდარობის ახალ ეტაპზე გადასვლის წინაშე დგება. ჩვენთვის კიდევ უფრო ნათელი ხდება, რომ მასთან მჭიდრო თანამშრომლობის ალტერნატივა არ გაგვაჩნია და ჩვენი ხვალინდელი ადგილი უდაოდ ევროპულ ბლოკშია, როგორც არ უნდა იცვლებოდეს იგი. ასევე, ამერიკულ შეერთებულ შტატებთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ მნიშვნელობას იძენს, იგი უფრო მრავალფეროვანი იქნება. როგორც ამ თვეებში გამოჩნდა, სამხედრო გამოწვევების გარდა ახალი გლობალური საფრთხეების წინაშე დავდექით, რაც მოითხოვს თანამშრომლობის მიმართულებების გაფართოებას და ამის მაგალითია ლუგარის ცენტრი და სამეცნიერო ურთიერთობები“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად, შრომით.გიორგი გახარია
„102 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის; საქართველოს ისტორიაში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და მაშინ, სწორედ, 26 მაისს პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია“ - განაცხადა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე , საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს დასავლური ორიენტაციის შესახებ და სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კავშირების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. პრემიერი აცხადებს, რომ დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლა არ დასრულებულა.
„ყველა თაობას, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ბრძოლისთვის ჰყავდა თავისი გმირი. ჩვენ უდიდესი პატივი უნდა მივაგოთ ამ გმირებს და გვახსოვდეს მათი სახელები. საქართველო დღეს თავისუფალია და ეს არის ჩვენი გმირების დამსახურება, მაგრამ ჩვენი დამსახურება უნდა იყოს, რომ საქართველო გახდეს წარმატებული და ეფექტური სახელმწიფო და დღეს საქართველოს ჯარს ამ ფუნქციის, ამ მისიის შესრულებაში უდიდესი როლი აქვს. დღეს, როდესაც სამყარო გლობალური პანდემიის წინაშეა და არავინ იცის, ხვალ მსოფლიო როგორი იქნება, ჩვენი ერთიანობა, ჩვენი ჯარის წარმატება არის გარანტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ევროატლანტიკური ორიენტაციის, ჩვენი ეფექტური თანამშრომლობის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ნატოსთან და საქართველოს ჯარს ამაში აქვს უდიდესი ფუნქცია, ყველაზე დიდი მნიშვნელობა. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად, შრომით"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეც. პარლამენტის თავმჯდომარემ, საკუთარი მიმართვისას ყურადღება საბჭოთა ოკუპაციასა და ცხრა აპრილის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
საბჭოთა ოკუპაციამ ქვეყნის განვითარება, თითქმის, 7 ათწლეულით შეაფერხა, მაგრამ მან ვერ შეაჩერა თავისუფლებისადმი ჩვენი სწრაფვა და მოძრაობა.არჩილ თალაკვაძე
„102 წლის წინ, 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ნანატრი სახელმწიფოებრიობა მოიპოვა. სწორედ მაშინ, ჩვენმა წინაპრებმა საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტებს და დემოკრატიას. სამწუხაროდ, მალევე, საბჭოთა ოკუპაციამ ქვეყნის განვითარება, თითქმის, 7 ათწლეულით შეაფერხა, მაგრამ მან ვერ შეაჩერა თავისუფლებისადმი ჩვენი სწრაფვა და მოძრაობა. 1991 წლის წლის 9 აპრილს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა და პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობის საფუძველზე განაგრძო ქართველი ხალხის არჩევანის, თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის, დემოკრატიის განვითარებისა და დასავლეთთან ინტერგრაციის გზა. გვეამაყება, რომ ჩვენი თაობა, წინაპრების დანატოვარს უფრთხილდება და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობის განმტკიცებაში. საკონსტიტუციო რეფორმა და საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიღწეული პროგრესი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტერგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, ეს არის ის, რითაც ვაგრძელებთ ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს და ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, გვირგვინით შეამკეს საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, თბილისის მერი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი განსაკუთრებული თავდადებისა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის, თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა მედლით დაჯილდოვდნენ სამხედრო და სამოქალაქო პირები.