ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ რამდენიმე დღით ადრე განაცხადა.
ბათუმში, 8 ოქტომბერს, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი არასრულწლოვანი იყო. მაშველები 10-სააათზე მეტხანს ცდილობდნენ ნანგრევებში მოყოლილების გადარჩენას.
ასევე ნახეთ: ტრაგედია ბათუმში - აქტივისტების აზრით, ის უკანასკნელი არ იქნება„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს.
ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.
სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს.
კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება“, -ასეთი განცხადება გაავრცელა პრემიერმა ღარიბაშვილმა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 პირი დააკავა. მათი სასამართლო დღეს ჩატარდა და სამივეს პატიმრობა შეეფარდა.
Your browser doesn’t support HTML5
პროკურორის, ალექანდრე ძირკვაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. მისი თქმით, არსებობს მტკიცებულებები, მეზობლების ჩვენებები და ექსპერტების დასკვნა, რომ ბრალდებულებს დანაშაული მიუძღვით.
ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და გასაჩივრებას გეგმავენ. მათი თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მათ დაცვის ქვეშ მყოფები გულგრილად მოიქცნენ და ისინი ნახაზის მიხედვით მოქმედებდნენ.
მომდევნო სასამართლო პროცესი პირველ დეკემბერსაა დანიშნული. მანამდე კი სასამართლოს შენობის დატოვებისას, ერთ-ერთმა ბრალდებულმა მუშამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საყრდენი კედელი არ დაუნგრევია და მას ამას აბრალებენ. "არაფერი გამომიღია, მაბრალებენ ყველაფერს",- თქვა ბრალდებულმა.
დაკავებული სამი პირიდან 2 მუშა, ერთი კი იმ ბინის მფლობელია, სადაც მუშები, გავრცელებული ინფორმაციით, ბინისა და სარდაფის გაერთიანებას ცდილობდნენ.