ტოკიო 2020: საქართველოს მედროშედ ორი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავდა

ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე, საქართველოს მედროშეები ტოკიოში

იაპონიის 126-ე იმპერატორმა ნარუჰიტომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა. ტოკიოს თამაშები ერთი წლის დაგვიანებით და უმაყურებლოდ დაიწყო, რამაც ეროვნულ სტადიონზე, გახსნის ცერემონიას თავისებური დაღი, რაღა თქმა უნდა დაასვა.

XXXII - პირველია, თანამედროვე ოლიმპიური თამაშების 125-წლიან ისტორიაში, რომელიც პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო. 1916, 1940 და 1944 წლებში, პირველი და მეორე მსოფლიო ომების გამო, ბერლინის, ტოკიოს და ლონდონის თამაშები საერთოდ გაუქმდა, თამაშების გადადების პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა, ისევე როგორც ოლიმპიადის ოთხწლიანი ციკლის დარღვევა.

საქართველოს ოლიმპიელთა გუნდი, რომელიც იაპონიაში 35 სპორტსმენით იასპარეზებს, გახსნაზე, გამკაცრებული კოვიდ რეგულაციის გამო, მხოლოდ 9 ოლიმპიელით და 6 ოფიციალური პირით წარსდგა.

საქართველოს ოლიმპიელები ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნაზე

საქართველოს ეროვნული დროშა ორ ოლიმპიურ ჩემპიონს მოჰქონდა, სეულის 1988 წლის ოქროს მედალოსანს, ტყვიის მსროლელ ნინო სალუქვაძეს და რიოს 2016 წლის ოქროს მფლობელს, ძალოსან ლაშა ტალახაძეს.

„მინდა, ჩვენს ოლიმპიურ ნაკრებს წარმატებები ვუსურვო. ქართველი სპორტსმენები შევეცდებით, რომ ვასახელოთ ჩვენი გულშემატკივრები, ჩვენი ქვეყანა"
ლაშა ტალახაძე, ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი


„მინდა, ჩვენს ოლიმპიურ ნაკრებს წარმატებები ვუსურვო. ქართველი სპორტსმენები შევეცდებით, რომ ვასახელოთ ჩვენი გულშემატკივრები, ჩვენი ქვეყანა" - აღნიშნა ლაშა ტალახაძემ, რომელსაც ტოკიოში, მეორე ოლიმპიური ოქროს მედლის მოგების საუკეთესო და ისტორიული შანსი აქვს.

„ვემზადებით ოლიმპიური თამაშებისთვის. მთელ გუნდს ვუსურვებ წარმატებას და ბევრ მედლებს“ - ეს უკვე ნინო სალუქვაძის სიტყვებია. 52 წლის სალუქვაძე, ტოკიოს ოლიმპიადაზე ისტორიაში შევა, როგორც პირველი ქალი, რომელმაც 1988 წლიდან, ზედიზედ 9 ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა.

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონია

ოლიმპიური წამზომი საქართველოს ნაკრებისთვის 24 ივლისს ჩაირთვება, როცა ოლიპიადაზე ხუთი ქართველი სპორტსმენი ჩაებმება.

პირველი საქართველოს დროშით ბრძოლას, მესტიელი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი დაიწყებს. ჩხვიმიანს 60 კგ წონით კატეგორიაში ძალიან ძლიერი მეტოქეები ჰყავს: მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი იაპონელი ნაოჰიშა ტაკატოს და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძის სახით. ამ წონით კატეგორიაში კიდევ ორი ქართველი გამოდის თორნიკე ჭკადუა ნიდერლანდების და ლუკა მხეიძე საფრანგეთის სახელით.

24 ივლისს, პირველ შეხვედრას გამართავს მსოფლიოს 42-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიც, მისი მეტოქე ესპანელი რობერტო ბაენა იქნება, რომელსაც რეიტინგში 90-ე ადგილი უკავია.

აშშ-ს ოლიმპიელთა გამოსვლა

შაბათს ასევე გამოვა მოფარიკავე სანდრო ბაზაძეც, 1/32 ფინალში სანდრო აფრიკის ჩემპიონის ეგვიპტელი მოჰაბ სამერის წინააღმდეგობის დაძლევას შეეცდება.

თავისუფალი სტილით მოცურავეებს შორის, 400 მეტრს გაცურავს ირაკლი რევიშვილი. ეს მოცურავე ტოკიოში, მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, ბოლო მომენტში, ირაკლი აბესაძის ნაცვლად მოხვდა. მანამდე FINA-მ (ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ) და IOC-მა (საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა) "ველური ბარათი" სწორედ აბესაძეს მიანიჭეს და ოლიმპიური გუნდის განაცხადში თავდაპირველად სწორედ აბესაძე იყო შეყვანილი.

"ვემზადებით ოლიმპიური თამაშებისთვის. მთელ გუნდს ვუსურვებ წარმატებას და ბევრ მედლებს"
ნინო სალუქვაძე, ტყვიის მსროლელი, ოლიმპიური ჩემპიონი


ტოკიოს ოლიმპიადის პირველ სათამაშო დღეს გამოვა, ჩეჩნური წარმოშობის ქართველი მოკრივე ესქერჰან მადიევიც.

69 კგ წონით კატეგორიაში, 1/16 ფინალში, მისი მეტოქე, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე კუბელი მოკრივე ლორენსო სოტომაიორი იქნება.

ოლიმპიადის გახსნას იაპონელებმაც ტელევიზორით უყურეს

საქართველოს დელეგაცია თამაშების გახსნაზე