7 ადამიანი დააკავეს თბილისში გამართულ აქციაზე

აქცია ევროკავშირის წარმომადგენლობასთან. თბილისი, 6 ივნისი, 2022 წ.

თბილისში მდებარე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მიმდინარე აქციაზე 7 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს, ადგილზე მყოფი კორესპონდენტის ცნობაზე დაფუძნებით. აქციას დღეს ჰომოფობიური განწყობების მქონე გურამ ფალავანდიშვილის არასამთავრო ორგანიზაციები „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და „ზნეობა“ მართავენ. დაკავება ლგბტქი აქტივისტების დროშის დაწვის მცდელობას მოჰყვა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან შეკრებილების განცხადებით, ისინი მოითხოვენ „შეწყდეს საქართველოს შიდა საქმეებში გაეროს და ევროკავშირის მისიების, ასევე საელჩოების მხრიდან ბინძური ხელების ფათური. შეწყდეს ლგბტ პროპაგანდა“. მათივე თქმით, „მოქალაქეები, ჩვენი ორგანიზაციის წევრები, ყველანაირად ვეცდებით, რომ ხელი შევუშალოთ ბინძური ლგბტ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ყველა ღონისძიებას“.

მას შემდეგ, რაც აქტივისტებმა ლგბტქი აქტივისტების დროშის დაწვა სცადეს, სამართალდამცავებმა 7 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ისინი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო აიყვანეს.

ასევე ნახეთ: ვაშინგტონში საქართველოს "ღირსების მარშის" უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ

წელს ორგანიზაცია "თბილისი პრაიდი" "ღირსების მარშის" გამართვას არ გეგმავს. თუმცა, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალის ჩაშლით მაინც იმუქრებიან. მუქარას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, რომელიც აცხადებს, რომ სახელმწიფო დაიცავს კანონით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის უფლებას და აღკვეთს ძალადობის ფაქტებს, თუკი ასეთს ადგილი ექნება.

გასულ წელს, 2021 წლის 5 ივლისს, მაშინ, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე "ღირსების მარში" უნდა ჩატარებულიყო, სასულიერო პირებისა და ჰომოფობიური ჯგუფის, "ალტ-ინფოს", მოწოდებით, სიძულვილის ჯგუფები შეიკრიბნენ. მათ დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი და იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე. ამ დრომდე პოლიციას არ დაუკავებია ძალადობის ორგანიზატორები.