კრიმინალთა დევნა თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება

კომენტარები საქართველოში ბოლო დროს განხორციელებულ დაკავებებზე
რატომ აპატიმრებენ საქართველოში ყოფილ მაღალჩინოსნებს და აქვს თუ არა ადგილი დევნას პოლიტიკური ნიშნით ახალი ხელისუფლების მხრიდან? ამის თაობაზე გარკვეული და ცალსახა პასუხები საქართველოს უცხოელ პარტნიორებს, როგორც ჩანს, არ აქვთ. ბრიუსელში გამართული შეხვედრების პარალელურად, მაღალჩინოსნების დაკავებებთან დაკავშირებით ისაუბრეს როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, აგრეთვე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა, რომელმაც პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე ღიად განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ყოფილ მინისტრებს არ იჭერენ.

პრეზიდენტის პარალელურად შეხვედრები ბრიუსელში პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმაც გამართა. ევროკავშირისა და „ნატო"-ს წარმომადგენლების მინიშნებები დაკავებებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ იმით ახსნა, რომ ამ ორგანიზაციებს ყოფილი ხელისუფლების მხრიდან არასწორი ინფორმაცია მიეწოდათ.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა: „ჰერმან ვან რომპეიმ ისაუბრა შერჩევით სამართალზე, მაგრამ მე არ ვაპირებ მისი სიტყვების გამეორებას. ნათელია, რომ ეს იყო პირდაპირი მესიჯი, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ქვეყანაში კანონის უზენაესობა უპირველესი იქნება. ჩვენ ძალიან მშვიდად გადავაბარეთ ხელისუფლება. მე არ ვიყავი ვალდებული პროკურატურა, იუსტიციის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები ჩემი დაქვემდებარებიდან მომეცილებინა, თუმცა, ეს უწყებები მე მათ გადავეცი. მათ გაიმარჯვეს საპარლამენტო არჩევნებში. როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ძალიან მაწუხებს. ვიმედოვნებ, რომ ეს დროებითია და ველოდები იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც წინაასაარჩევნო პერიოდში ახალმა ხელისუფლებამ გასცა. ეს არ ეხებოდა მასობრივ დაკავებებს, არამედ უნდა ყოფილიყო კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნა ყველა ოჯახისთვის. ვიმედოვნებ, მთავრობა მხოლოდ ამ მიმართულებით იმოქმედებს მომავალში და აქცენტს მხოლოდ წარსულზე არ გააკეთებს.“

საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, ზურაბ აბაშიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს:

„მიმდინარეობს გამოძიება ყველა დანაშაულთან დაკავშირებით და სასამართლო გამოიტანს ვერდიქტს. მანამდე ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ და დიდ ყურადღებას ვაქცევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ დღეს განხორციელებული დაკავებები საქართველოში სრულიად კანონიერია. რაც შეეხება რასმუსენის განცხადებას, მას დამახინჯებული ინფორმაცია მიუტანეს და შეცდომაში შეიყვანეს. ეს იყო აბსოლუტურად რეალობა. იმ ადამიანმა მოისმინა მხოლოდ ერთი მხარე - ის, რაც სააკაშვილმა უთხრა. რეალობა სხვაა და როდესაც გაერკვა, ვნახეთ, რომ განცხადებები აღარ გაკეთებულა და ამ ყველაფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა აღარ მიეცა. ისიც შემიძლია გითხრათ, რომ ახალმა ხელისუფლებამ საგარეო ურთიერთობების საკითხებში გაცილებით სერიოზულად უნდა იმუშაოს, რათა სიცხადის პრობლემა მომავალში არ იყოს. ასევე, მზად ვართ გავითვალისწინოთ და ვიმუშაოთ ნებისმიერ რეკომენდაციაზე, რაც იქნება მათი მხრიდან.“

ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ წარმომადგენელი, სერგი კაპანაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს:

„ეს დაკავებები ჰგავს პოლიტიკური ნიშნით დევნას, მაგრამ ერთი შეხედვით, პოლიტიკური ელემენტები ამ ყველაფერში არ შეიმჩნევა. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, მაგრამ იგივე განცხადებები გაკეთდა „ნატო"-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნების მხრიდანაც. დაკავებების სერია გრძელდება საკმაო ხანია და გარკვეული შეშფოთების საფუძველს იძლევა. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხელისუფლებამ შეინარჩუნოს უდანაშაულობის პრეზუმფცია და სანამ სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას, წინასწარი ინფორმაცია არ გავრცელდეს დამნაშავეობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას ნატოსა და ევროკავშირში ყოფილი ხელისუფლების მხრიდან არასწორი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ უცხოური ორგანიზაციები სანამ რაიმე განცხადებას გააკეთებენ, არ ეყრდნობიან მხოლოდ ერთ წყაროს, ვთქვათ, ხელისუფლებას, ან ოპოზიციას, არამედ კრებენ ცნობებს, პირველ რიგში საერთაშორისო ორგანიზაციების ადგილობრივი წარმომადგენლობებიდან და საელჩოებიდან. ეს ყველამ კარგად იცის.“

დღესვე ცნობილი გახდა, რომ „ნატო"-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში 2013 წლის პირველ ნახევარში შედგება. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია თავდაცვის სამინისტორომ მას შემდეგ გააკეთა, რაც მინისტრი ირაკლი ალასანია „ნატო"-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ კნუტ ბარტელს ბრიუსელში შეხვდა.