საქართველოს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც მთავრობამ უკვე წარუდგინა პარლამენტს განსახილველად, „ქამრების შემოჭერის“ ნაცვლად, უფრო საარჩევნო წლისთვის დამახასიათებელი „ხელგაშლილობაა“ ასახული. თუ 2015 წლის ბიუჯეტის პარამეტრები, თავდაპირველად - 5 პროცენტზე იყო გათლილი, რომელიც ივლისის სეკვესტრის შემდეგ, 2 პროცენტამდე შეამცირეს, მომავალ, 2016 წელს, მთავრობა ეკონომიკის 3 პროცენტით გაზრდას ელოდება.
ამ ფონზე, საგადასახადო (+380 მილიონი) და სხვა შემოსავლების (+25 მილიონი) ზრდის ხარჯზე, მთავრობამ მომავალის წლის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი - 8 მილიარდ 355 მილიონი ლარით განსაზღვრა, რაც 405 მილიონით მეტია, 2015 წლის ბიუჯეტთან შედარებით. ბიუჯეტის ხარჯები კი 373 მილიონითაა გაზრდილი და 8 მილიარდ 373 მილიონ ლარს შეადგენს. ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,4 ნიშნულზეა გაანგარიშებული.
საპარლამენტო განხილვები გუშინ დაიწყო და უკვე ნათელია, რომ ოპოზიცია მთავარი საფინანსო დოკუმენტის პირველადი პროექტის კრიტიკის ქარცეცხლში გატარებას აპირებს. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრი, პარლამენტარი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს
„ეს ბიუჯეტიც აჩვენებს, რომ მთავრობასაც კი არ აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ეკონომიკა წინ წავა. 3 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ გაჩერებული, ჩვენი ეკონომიკა რეალურად არ იზრდება. მთავრობა კი ისევ შემოდის ისეთი ბიუჯეტით, თითქოს ეკონომიკაში არანაირი პრობლემა არ იყოს და ხარჯავს ისევ ისე, როგორც აქამდე ხარჯავდა.“
საარჩევნო წლის ბიუჯეტისთვის დამახასიათებელია, რომ სამინისტროების უმრავლესობას დაფინანსება ეზრდებათ. მათ შორის, ყველაზ მეტად, ჯანრთელობისა და სოციალურ დაცვას - 285 მილიონით, განათლებას - 135 მილიონით (ხელფასი ეზრდებთ მასწავლებლებს - ზ.წ), ენერგეტიკას - 20 მილიონით, სოფლის მეურნეობას - 14 მილიონით და საგარეოს - 11 მილიონით.
საინტერესოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენახვა გადამხდელებს 2015 წელს - 591 მილიონი უჯდებათ. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში, შსს-ს ბიუჯეტი 4 მილიონით არის გაზრდილი (595 მილიონი), ამასთან, შსს-გან გამოყოფილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენახვა, გადამხდელებს - 2016 წელს, დამატებით, 95 მილიონი ლარი დაუჯდებათ.
ასეევ იზრდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება - 36 მილიონით, პარლამენტის - 6 მილიონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის - 2 მილიონით. მართლმადიდებელი ეკლესია - ტრადიციულად 25 მილიონს წაიღებს.
პირველადი პროექტის მიხედვით, საჯარო უწყებებში დასაქმებული მოხელეების შრომის ანაზღაურებაზე 439 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, რაც წლევანდელ მაჩვენებელზე, 57 მილიონით მეტია. საერთაშორისო გამჭვირვალობის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამ ზრდას პირდაპირ საპარლამენტო არჩევნებთან აკავშირებს.
„ამ ყველაფერში ნამდვილად ჩანს ის სურვილი, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, საჯარო მოხელეები მაქსიმალურად კმაყოფილები ჰყავდეთ, იმისთვის, რომ მათგან უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღონ.“
პროექტით, მხოლოდ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების ბიუჯეტების შემცირებაა ნავარაუდევი, შესაბამისად: 1 მილიონითა და 368 ათასი ლარით. ასევე მცირდება, მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯი - 4 მილიონით და მთავრობისვე სარეზერვო ფონდის მოცულობა - 20 მილიონით. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამბობს, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი რეალისტურია და მთავრობა საკუთარ ინტერესებს ბოლომდე დაიცავს
„მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 3 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე, 3 პროცენტიანი საბიუჯეტო დეფიციტი, დაახლოებით, 4-4,5 პროცენტიანი ინფლაცია, რაც გათვალისწინებულია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკით.
ლარის გაცვლითი კურსი ამ შემთხვევაში დიდ ზეგავლენას არ ახდენს. გავცლითი კურის ზემოქმედებს მხოლოდ ორ ფაქტორზე: ეს არის საგარეო ვალის აღება და მისი დაფარვა.“
2016 წლის ბიუჯეტის პროექტში, საგარეო ვალის დასაფარად 640 მილიონია გათვალისწინებული, საშინაო ვალებზე კი 232 მილიონი ლარი. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუ, 2013 წლის დასაწყისში, ნომინალურ მთლიან შიგა პროდუქტთან - სახელმწიფო ვალის ფარდობა 30,7 პროცენტით იყო განსაზღვრული, ახლა, ეს მაჩვენებელი 43 პროცენტია.