კონფლიქტის ზონაში შიდა ქართლის მიმართულებით ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვართან სპეციალური სამუშაოების ჩატარებას აანონსებს დე–ფაქტო ადმინისტრაცია 3–დან 18 აგვისტოს ჩათვლით. სოფელ არცევის მიმართულებით დამატებით გაიყვანენ ეგრეთ წოდებულ ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებს. მოსახლეობა კი ცხოვრებას ყოველდღიური გატაცებების რეჟიმში აგრძელებს. ადგილობრივები იმის თაობაზე ჩივიან, რომ რუსი მესაზღვრეები მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებას საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდანაც არ ერიდებიან. „გადმოდიან, აქედან მიჰყავთ, შემდეგ წავლენ და ფოტოებს საზღვართან გადაუღებენ, ვინ დაუმტკიცებს, რომ მართლები არ არიან?“ – ამბობენ ადგილობრივები. ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩნდნენ გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანიდან გატაცებული გივი ეცადაშვილი და გივი მამისბედაშვილი.
თვითმხილველი ლიანა ეცადაშვილი ამბობს: „მხოლოდ ერთხელ კი არ მოხდა მსგავსი რამ.ჩვენს ტერიტორიაზე იყვნენ ეს ადამიანები, აქეთ იდგნენ, რუსების დადგმული ტრაფარეტი კიდევ მოშორებითაა. დაზუსტებით ვიცით, რომ ჩვენს მხარეს დაიჭირეს, ზემოთ რომ მოსჩანს, იმ ქედზე. აქედან ხედავდა ხალხი ამ პროცესს და დაუძახეს კიდეც, მოვიდა, გაიქეციო, მაგრამ ვერ გაიგონა, შემდეგ ჩასხეს მანქანაში და წაიყვანეს“.
ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებში განსაკუთრებით მძიმე სოციალური ფონია. იმის გამო, რომ 2008 წლის ოკუპაციის შემდგომ ორ მაგისტრალურ სარწყავ არხზე დაიკარგა წვდომა, ადგილობრივების ეკომონიკური მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა, რადგან ისინი უწყლობის გამო ვერ ახერხებენ მოუარონ საკუთარ ნაკვეთებს და მოსავალი მოიყვანონ. ხელისუფლებამ 2008 წლის შემდგომ ამ ტერიტორიებისთვის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის პრობლემა ბოლომდე ვერ გადაჭრა.
მაგალითად დღეს ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე სოფლის, მეჯვრისხევის სიახლოვეს საავტომობილო გზა ხელთუბნის მოსახლეობამ გადაკეტა. მათი პროტესტის მიზეზი წყალზე ხელმისაწვდომობის არარსებობა გახლდათ. „ცოდვით ხალხი ბაღებში აღარ შედის, ყველაფერი ხმება. ორმოცი წლის ხეები უხმება ხალხს. ზოგ ხეზე ადამიანს იმდენი ამაგი აქვს, ზოგი შვილს არ უვლის ასე. 40,50 წლის ხე რომ გაზარდო და გაგიხმეს, რა უნდა გააკეთო, როგორ იცხოვრო, რაღა უნდა შექმნა?“– ამბობდნენ დღევანდელ აქციაზე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს ადამიანები მხოლოდ იმით დაამშვიდა, რომ ახლა გვალვის პერიოდია.
კონფლიქტის ზონაში არსებული მძიმე სოციალური, ადამიანის უფლებრივი და უსაფრთხოების მდგომარეობის ფონზე, აშშ საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს და მათ შორის, უკრაინაში, მოლდოვაში და საქართველოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების გადაწყვეტილებას იღებს. რუსეთის წარმომადგენლები ამის საპასუხოდ აცხადებენ, რომ ამით რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება. პუტინი კი ოფიციალურ ვიზიტს აანონსებს აფხაზეთში ომის წლისთავზე, 8 აგვისტოს. ქეთევან ციხელაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ამბობს:
„ფაქტობრივად, ეს გახლავთ ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება და განაცხადი, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. დაანონსებული გახლავთ სწორედ 3 აგვისტოდან, დღეიდან დამატებით ხნულების გავლება, რომელიც ერთ–ერთი ფორმაა ბარიკადებით საოკუპაციო ხაზის შემოფარგვლისა. ჩვენი მიდგომაა ერთის მხრივ, რომ სრული საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება მოვახდინოთ იმისთვის, რომ ეს პროცესი შეჩერდეს და უკუ იქცეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც დაირღვევა მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები. არაერთი კედელი დარღვეულა მსოლიოს ისტორიაში. დაირღვა ბერლინის კედელი, აუცილებლად დარიღვევა ეს მავთულხლართებიც.“
აშშ–ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუშინდელი ხელმოწერით კანონად იქცა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ფონდის შექმნასა და მის 250 მილიონი დოლარით დაფინანსებას ითვალისწინებს. მისი მიზანია კიბერშეტევებისგან ნატოს, ევროკავშირის წევრი და მათი პარტნიორი ქვეყნების დაცვა, რომელთა შორისაა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა.