წინასაარჩევნო მესიჯები და ტერიტორიული მთლიანობა

გორი

ტერიტორიული ერთიანობის საკითხი პირველი რიგის პრობლემატიკათა ნუსხას ახლა აღარ განეკუთვნება. საქართველოში უკვე დამცხრალი ემოციებით განიხილავენ კონფლიქტების თემასაც. დგას პრობლემა, რომელსაც უბრალოდ ვერ აგვარებ და ის თანდათან მივიწყებას ეძლევა. ასეთი შთაბეჭდილება 2016 წლის წინასაპარლამენტო კამპანიასაც ნათლად ემჩნევა. მესიჯები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირებით და ამ მიმართულებით სამუშაოების გაძლიერების შესახებ ახლა უკვე ნაკლებად ისმის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების რიტორიკაში. ერთადერთი გამონაკლისი ამ მხრივ მემარცხენე ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციის წინასაარჩევნო რეკლამაა, რომელიც ომის დროს იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს ახსენებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც თემატიკა იმდენად დაუმუშავებელი და ზედაპირულია, რომ რეკლამაში არასწორი ტერმინიც კია გამოყენებული, „დევნილის“ ნაცვლად „ლტოლვილია“ მოხსენიებული, რაც არსებული პრაქტიკის თანახმად, არა ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეს, არამედ სხვა ქვეყნიდან შემოსულ თავშესაფრის მაძიებელს ნიშნავს.

პოლიტიკური პარტიების მესიჯ–ბოქსში წინასაარჩევნოდ ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტების თემატიკა რომ სოციალური პრობლემატიკითაა ჩანაცვლებული, ამას მყარი საფუძველი აქვს. NDI–ს კვლევაც აჩვენებს იმას, რომ საქართველოში საზოგადოებისთვის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი პირველი რიგის პრობლემა სულაც აღარაა და მას წინ უსწრებს უმუშევრობის, გაზრდილი ფასებისა და სიღარიბის საკითხები. ამდენად, პოლიტიკური შეთავაზებებიც წინასაარჩევნოდ შესაბამისად ლაგდება. მარინა სალუქვაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს წარმომადგენელი ამერიკის ხმასთან ამბობს:

„ასე ხმამაღლა, თქმა, რომ საქართველოსთვის, ქვეყნისთვის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვერ ვიტყოდი, რომ მართებულია. შეიძლება ითქვას, რომ ვთქვათ, მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის არაა ეს მნიშვნელოვანი. რამ გამოიწვია ასეთი შედეგები კვლევაში, ვერ გეტყვით, შეიძლება მოწყვლადი ჯგუფი იყო ის, ვისთანაც ჩაატარეს ასეთი გამოკითხვა, საველე სამუშაოები, შეიძლება მათთვის არაა ეს პრიორიტეტული, მაგრამ მთელი საქართველოსთვის რომ არაა პრიორიტეტული ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ამას ვერ ვიტყვით. მაგრამ საინფორმაციო ველიდან რომ გადაინაცვლა ტერიტორიული მთლიანობის საკითხმა და საერთოდ, კონფლიქტების შესახებ თემამ მეექვსე კი არადა შეიძლება მეშვიდე, მერვე და მეათე საკითხად, ამაში დაგეთანხმებით. ალბათ, მედიის მესვეურთ უნდა მოვკითხოთ, თუ რატომ არაა რელევანტური და საინტერესო ის საკითხი, რასაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ან ის ღონისძიებები, ინიციატივები, რაც ამ მიმართულებით კეთდება.

ელემენტარულად, კონფლიქტის ისტორიაც კი არ იცის ბევრმა ადამიანმა, რომელთანაც მაქვს შეხება და რომელიც მუშაობს ამ საკითხებზე, თუნდაც დოქტორანტებზე, მაგისტრანტებზე მაქვს საუბარი. ახალგაზრდებმა, მედიის წარმომადგენლებმა, სამწუხაროდ, არ იციან რით დაიწყო კონფლიქტი. ჰქონიათ, რომ ეს 2008 წელს მოხდა. ეს, ალბათ ყველას ბრალია, თავად მედიის წარმომადგენლების, ისე, როგორც პოლიტიკური ისტებლიშმენტის, საზოგადოების... ურთიერთოკავშირშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან.“

ამერიკის ხმა თამარ კინწურაშვილს, მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელისუფლების დისკურსის შეცვლამ განაპირობა ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტების თემის ნაკლები პოპულარობა: „ხელისუფლების მიდგომები შეიცვალა და დისკურსი შეიცვალა ამ მიმართლებით. ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა, რომ საქართველო არ უნდა იყოს პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობისას და აქედან გამომდინარე, კონფლიქტების თემაც უგულვებელყოფილია, გარკვეულწილად. ეს ყველაფერი, ცხადია, ასახვას ჰპოვებს იმაზე, რომ პრიორიტეტული ეს საკითხები აღარ არის. ცხადია, ხელისუფლების გაცხადებული მიზანი რუსეთთან უერთიერთობის ნორმალიზების და მოგვარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, თუმცა ასეთმა პოლიტიკამშედეგი არ მოიტანა: რუსეთს არ შეუცვლია მისი დამოკიდებულება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების დისკურსის ცვლილებამგანაპირობა ასეთი შედეგი, რომ საზოგადოებისთვის ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტების საკითხი არაა პრიორიტეტულ თემათა ჩამონათვალში.“

ოფიციალური ინფორმაციით საქართველოში ამ დროისთვის 263 598 დევნილია რეგისტრირებული და ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია.