Your browser doesn’t support HTML5
„საქართველოს მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის შემთხვევაში, აფხაზეთის აღიარების პროცესი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უმტკივნეულოდ წავა“ - ასეთი აზრი გამოთქვა ორშაბათს, სოხუმის "სახელმწიფო უნივერსიტეტის" სტუდენტების წინაშე გამოსვლისას სეპარატისტთა "საგარეო საქმეთა მინისტრმა" ვიაჩესლავ ჩირიკბამ. აფხაზურ საზოგადოებაში შეშფოთებულნი არიან რომ აღიარების პროცესი შეჩერდა.
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" სცნეს თავად რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ტუვალუმ. ბოლო აღიარება 2011 წლის სექტემბერში, მოხდა.
მას შემდეგ, საქართველომ სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით ოკუპირებული ანკლავების აღიარების პროცესის დამუხრუჭება შეძლო. სოხუმის "მთავარი დიპლომატი" ამბობს, რომ პროცესი გაადვილდება თუ აფხაზეთის დამოუკიდებლობას თავად საქართველო აღიარებს:
„მე ვფიქრობ, რომ შორს არ არის ის დღე, როცა აფხაზეთს უნივერსალურად სცნობენ, მათ შორის საქართველოც. საქართველოშიც კი მიხვდებიან იმას, რომ ჯობია აფხაზეთის სახით ჰყავდეთ მეზობელი, რომელთან შეიძლება იმეგობრო, ივაჭრო, ვიდრე იყო მუდმივად მტერი. საქართველოს ცნობა, გაადვილებს აფხაზეთის აღიარებას სხვა ქვეყნების მხრიდან.“
ვიაჩესლავ ჩირიკბამ საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაში ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი დაადანაშაულა. მან დაადასტურა რომ ვაშინგტონის მკაცრი ზეწოლის შემდეგ აფხაზთა "დამოუკიდებლობის აღიარება" გადაიფიქრა დომინიკის რესპუბლიკამ.
კარიბის ზღვის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერი ხოსე მიგელ აბრეუ სოხუმში 2011 წლის მაისში იმყოფებოდა. 2011 წლის ივლისსა და 2012 წლის აგვისტოში კი დომინიკის ხელისუფლების უმაღლესს პირებს, ჯერ პერუს დედაქალაქში, შემდეგ კი სანტო დომინიგოში, უკვე საქართველოს მაშინდელი ვიცე-პრემიერი ეკა ტყეშელაშვილი შეხვდა და დომინიკამ გადაწყვეტილება შეცვალა. ვიაჩესლავ ჩირიკბამ კერძოდ აღნიშნა:
„ამერიკელები აქტიურად უშლიან ხელს აფხაზეთის აღიარების პროცესს, რომელიც უკვე შეთანხმებული იყო. მაგალითად, დომინიკის რესპუბლიკის აღიარება ჩაშალეს.
ისინი ემუქრებიან ეკონომიკური სანქციებით, მათ ზემოქმედების ბევრი ბერკეტი აქვთ. ევროკავშირი ემუქრებოდა ბელორუსიას და ყაზახეთს, რომ არ ეცნოთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ძალიან დიდი წინააღმდეგობაა, ეს რომ არ ყოფილიყო, აქამდე ძალიან ბევრი ქვეყანა გვაღიარებდა.
ამის მიუხედავად ჩვენ ვმუშაობთ, მტრულ გარემოში. ამ ეტაპზე აფხაზეთისთვის ყველაზე დიდი ინტერესის საგანია - აფრიკის კონტინენტი, ლათინური ამერიკა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი. აქ აღიარების მიღწევის ყველაზე დიდი შანსია.“
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარებით, საქართველო ცდილობს სწრაფი და ადექვატური რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ სიგნალზე, რომელიც აფხაზეთის და ცხინვალის აღიარებას ეხება.
ბოლო თვეების მანძილზეც, ქართული დიპლომატია აქტიური იყო იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებთანაც ასევე აქტიურად რუსული დიპლომატია მუშაობს.
1 მარტს საქართველოში კუბის არარეზიდენტ ელჩს პირადად საგარეო მინისტრი მაია ფანჯიკიძე შეხვდა, მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ კი ფიჯის, ნიგერიის, პანამის, იორდანიისა და ინდონეზიის არარეზიდენტ ელჩებს უმასპინძლა.
ჯალაღანიას ხელმძღვანელობით, ქართულმა დელეგაციამ მარტის პირველ ნახევარში მოიარა ვიეტნამი, ლაოსი, მიანმარი და ტაილანდი. 17 მარტს კი ეგვიპტის დედაქალაქში არაბულ სახელმწიფოთა ლიგას ეწვია.
2013 წლის დასაწყისში, ამუშავდა საქართველოს საელჩო ეთიოპიის რესპუბლიკაში, ელჩს ვახტანგ ჯაოშვილს აუდიენცია ეთიოპიის პრეზიდენტსა და აფრიკის კავშირის კომისიის თავმჯდომარესთან ჰქონდა. ქართულმა დელეგაციამ ადის აბებაში აფრიკის კავშირის სამიტშიც მიიღო მონაწილეობა.
გასული წლის დეკემბერში ახლად დანიშნული მაია ფანჯიკიძე მექსიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო, სადაც ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების საგარეო მინისტრებს შეხვდა.
ბოლო თვეებში, საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა სეიშელის კუნძულებთან და კირიბატისთან, იქ ასევე განიხილებოდა სეპარატისტული ანკლავების ცნობა. კირიბატის მეზობელ ვანუატუსთან დაკავშირებით მაია ფანჯიკიძემ ბრძანა
"ვანუატუს ოფიციალური წრეებიდან გახდა ცნობილი, რომ მათ არ დაუმყარებიათ ურთიერთობა აფხაზეთთან და აპირებენ საქართველოსთან დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობა. თუ კი ეს განცხადება შეესაბამება სიმართლეს, საქართველო ამას მხოლოდ მიესალმება და მზად არის არა მხოლოდ ვანუატუსთან, არამედ ყველა იმ ქვეყანასთან, რომელთანაც არ გვაქვს დიპურთიერთობა, ასეთი ურთიერთობა დავამყაროთ."
ინფორმაცია, რომ ვანუატუს არ უცვნია აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2011 წლის ზაფხულში, 18 მარტს, ახალ ზელანდიურმა რადიომ RNZI-მ, ვანუატუს მაღალი რანგის ოფიციალური პირის ჯონ კოანაპოზე დაყრდნობით გაავცელა.
მეორე დღეს ეს ინფორმაცია დაადასტურა პრემიერ მინისტრმა სატო კილმანმა, რომელიც ადრე ამტკიცებდა, რომ ვანუატუმ აფხაზეთთან "დიპლომატიური ურთიერთობა" დაამყარა.
ვანუატუს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ჯო ნატუმანი ამბობს, რომ რუსმა დიპლომატებმა, ჯერ კიდევ 2010 წელს შესთავაზეს 50 მილიონი დოლარი "აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის სანაცვლოდ", თუმცა მან ეს არ გააკეთა. ნატუმანის მტკიცებით სატო კილმანმა "აღიარებაში" ფული აიღო.
დღეისათვის სიტუაცია ვანუატუსთან დაკავშირებით კიდევ უფრო გაურკვეველია. 21 მარტს პრემიერი სატო კილმანი გადადგა. 23 მარტს ვანუატუს პარლამენტმა აირჩია ახალი პრემიერი მოანა კალოსილი და დაამტკიცა ახალი მინისტრთა კაბინეტი. დღეიდან საქართველოს მოლაპარაკება სწორედ მათთან მოუწევს.