08.08.08 - რვა წლის შემდეგ

რუსი ოკუპანტების მიერ გაძარცვული სენაკის სამხედრო ბაზა. 2008 წლის აგვისტო

“რუსეთი ვერ გაექცევა იმ უსამართლობას, რაც ჩაიდინა მეზობელი ერის წინააღმდეგ“ - ამის შესახებ, აგვისტოს ომის მერვე წლისთავზე, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც რუსეთთან ომის დროს დაღუპული ქართველი მეომრები განისვენებენ.

2008 წლის ომში რუსულმა ტყვიამ 224 სამოქალაქო პირი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და თავდაცვის სამინისტროს 170 მებრძოლი შეიწირა. მათ შორის: 22 ოფიცერი, 133 კაპრალი და სერჟანტი, 10 რეზერვისტი, 3 მოხალისე და ერთი რიგითი. ყველაზე დიდი დანაკლისი შეიარაღებული ძალების IV ქვეითმა ბრიგადამ განიცადა.

აფეთქებული ქართული ტანკი 08.08.08

ხუთდღიანი ომის დროს სულ - 2232 საქართველოს მოქალაქე დაიჭრა, აქედან - 1187 სამოქალაქო და 1045 სამხედრო პირი. ყველაზე მეტი დაჭრილი აქაც IV ქვეით ბრიგადას ჰყავდა (271), შემდეგ მოდიან - II ქვეითი ბრიგადა (251) და ეროვნული გვარდია (116).

ავიაციის უმცროსი სერჟანტი, ბორტ-მექანიკოსი, 20 წლის გიორგი ნანუაშვილი მარნეულის სამხედრო აეროდრომზე, 2008 წლის 8 აგვისტოს რუსულ დაბობვას შეეწირა. გიორგის დედა ჟუჟუნა ნანუაშვილი ამბობს:

ყოფილიყო გმირი, ოღონდაც ცოცხალი ყოფილიყო (ტირის) ხო, შეიძლებოდა?! ისე ვიამაყებდი. ყოველი 8 აგვისტო ჩემთვის მწარეა, ის იყო, ჩემი გამორჩეული შვილი, რომელიც ძალიან მიყვარდა..“
ჟუჟუნა ნანუაშვილი, უმცროსი სერჟანტის გიორგი ნანუაშვილის დედა

„მეტყოდა ხოლმე, დედა მე მაგარი ვიქნები, იცოდე მაგარი კაცი გავხდები! სამშობლობლოსთვის იმდენს გავაკეთებ, რომ შენ ყოველთვის იამაყებ ჩემითო..ყოფილიყო გმირი, ოღონდაც ცოცხალი ყოფილიყო...(ტირის) ხო, შეიძლებოდა..ისე ვიამაყებდი...ყოველი 8 აგვისტო ჩემთვის მწარეა, ის იყო, ჩემი გამორჩეული შვილი, რომელიც ძალიან მიყვარდა..“

აგვისტოს ომმა დევნილთა დიდ არმიას დამატებით 26 000 საქართველოს მოქალაქე შემატა და ჯამში, მათმა რაოდენობამ საქართველოს მასშტაბით - თითქმის 264 000 დევნილი შეადგინა.

საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას კონტროლი დაკარგული აქვს - ახალგორის, ყორნისის, ჯავის რაიონებზე და ქალაქ ცხინვალზე. სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ოკუპირებული ტერიტორია ჯამში - 4 300 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

ასევე, ოფიციალური თბილისის ხელისუფლება აღარ ვრცელდება გაგრის, გუდაუთის, სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და გალის რაიონებზე, კოდორის ხეობასა და ქალაქ სოხუმზე, ჯამში - 8 700 კვადრატულ კილომეტრზე.

რუსების მიერ ტროფეის სახით წაღებული ქართული დროშა. გამოფენილია რუსეთის არმიის მუზეუმში მოსკოვში

რუსეთის ფედერაციას სულ ოკუპირებული აქვს 13 000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია, სადაც 1015 სოფელი, დაბა და ქალაქი მდებარეობს. „მცოცავი ანექსიის“ ტაქტიკის შედეგად, ოკუპირებული ტერიტორიების საერთო ფართობი წლიდან წლამდე იზრდება.

საქართველოს მთავრობა ჯერ კიდევ 2011 წლიდან აპირებდა, ომისგან მიყენებული ეკონომიკური ზარალი დაეთვალა, (ბორჯომის ნაკრძალის გადაწვა; ფოთის აკვატორიაში აკვატორიაში სამხედრო გემების ჩაძირვა; ზღვის დაბინძურება; გორთან 700 ტონა ნავთობის დაღვრა და ძლიერი ხანძარი; ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვა და ბაქო-სუფსას ნავთობსადენის გაჩერება; რკინიგზის, აეროდრომების, ხიდების, გზების, სამხედრო ბაზების აფეთქება; სამხედრო ტექნიკის დატაცება, საკურორტო სეზონის კატასტროფა, საბანკო სისტემის და ბიზნესის გაჩერება და ა.შ). თუმცა, ზუსტი ციფრი ამ დრომდე უცნობია.

ქართული სამხედრო ბაზის ძარცვა 2008 წლის აგვისტო

შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ხუთდღიან ომში უმძიმესი სამხედრო დამარცხების მიზეზები სამხედრობმა უკვე გამოიკვლიეს, დამნაშავეების დასჯა კი უკვე სხვა ორგანოების კომპეტენციაა:

„ჩვენ ვნახეთ ის მინუსები რაც ომში გვქონდა, არსებობდა გარკვეული პლუსებიც, თუმცა მინუსები მეტი იყო. ეს გამოგვადგება ჩვენს შემდგომ განვითარებაში და ასევე გამოგვადგება იმაში, რომ იგივე შეცდომები აღარ გავიმეოროთ.“
ვახტანგ კაპანაძე, შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი

„ჩვენ ვნახეთ ის მინუსები რაც ომში გვქონდა, არსებობდა გარკვეული პლიუსებიც, თუმცა მინუსები მეტი იყო. ეს გამოგვადგება ჩვენს შემდგომ განვითარებაში და ასევე გამოგვადგება იმაში, რომ იგივე შეცდომები აღარ გავიმეოროთ.“

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაასრულა, აგვისტოს ომში დამარცხების მიზეზების კვლევა. ამ ანგარიშში არის პასუხები თუ რამ გამოიწვია ქართული ჯარის ქაოსური მართვა? რატომ ვერ იმუშავა სამხედრო ავიაციამ და საჰაერო თავდაცვის სისტემამ? კავშირგაბმულობამ? და რეზერვმა?

რა გახდა ფოთის სამხედრო-საზღვაო ბაზის, სენაკისა და გორის ბაზების მოულოდნელი და სწრაფი დატოვების მიზეზი? რომლებიც შემდეგ მტერმა პირწმინდად დაძარცვა და მრავალმილიონიანი ქონება უპრობლემოდ ჩაიგდო ხელში? რატომ დავთმეთ უბრძოლველად კოდორის ხეობა? ამ ანგარიშს დღემდე გრიფი საიდუმლო ადევს და მას უკვე ორი წელია პროკურატურაში სწავლობენ.