საქართველოს პასუხი და სადამსჯელო აქტის მოლოდინი რუსეთისგან

„თბილისმა უნდა აირჩიოს, როგორი იქნება მისი პოზიციები: ხისტი, რბილი თუ თანმიმდევრული“ – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გააკეთა გუშინ, ჟენევაში მოლაპარაკებისას, მას შემდეგ, რაც ქართული მხარე რეალურად არ დაეთანხმა ჟენევის ფორმატის ცვლილების იდეას. ეს კი პრემიერმა კვირიკაშვილმა გააჟღერა. ამ ინიციატივას პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღება მოჰყვა „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის“ თაობაზე. დღეს კი არათანმიმდევრული პოლიტიკის ერთგვარ გვირგვინს ჰქონდა ადგილი, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააჟღერა ქვეყნიდან რუსი დიპლომატის გაძევების თაობაზე.

სარეფორმო ჟენევის მოლაპარაკებებს არაფერი არ სჭირს
დავით დონდუა

დავით დონდუამ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟენევის მოლაპარაკების შემდგომ განაცხადა: „ერთი სიტყვაც კი არ დაძრულა ჟენევის ფორმატის რეფორმირებაზე, თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, არ ვიცი. არც ერთ, არც მეორე სამუშაო ჯგუფში ამის თაობაზე არაფერი თქმულა. სარეფორმო ჟენევის მოლაპარაკებებს არაფერი არ სჭირს. ჟენევის ფორმატი არის უნიკალური, ერთის მხრივ და კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ უპასუხოს იმ ამოცანებს, რაც დასმულია მის წინააღმდეგ და რაც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის, იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტებს, ესაა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება“.

თამარ ხულორდავამ კი პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა თქვა: „ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი გვაქვს იმ ქვეყნებისგან განსხვევებით, ვინც ახლა მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ამ აქტით ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მხარდაჭერა და თანადგომა, ერთსულოვნება, ცივილური საერთაშორისო საზოგადოების მიმართ“.

ამერიკის ხმასთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველო ვერ დარჩებოდა სრულიად უმოქმედო მაშინ, როდესაც 27 ქვეყანა, რომელთა შორის საქართველოს ყველაზე მნიშნველოვანი პარტნიორები არიან, ერთდროულად აწყობს დემარშს რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოს ჩართულობა ამ პროცესში მინიმალურია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი ამ ქმედებას რეაგირების გარეშე დატოვებს. „როდესაც ევროკავშირი, ვთქვათ, სანქციებს უწესებს რუსეთს უკრაინის გამო, აჩერებს გარკვეული პროდუქტების იმპორტს ქვეყანაში, იმ პროდუქტების, რაც მას არ დააზიანებს. საქართველო რომ მიერთებოდა სანქციებს, რუსეთი საქართველოს მიმართ უფრო მკაცრი იქნებოდა, ვიდრე ის შეიძლება იყოს დასავლეთის მიმართ. დიდი შესაძლებლობების აქვს რუსეთს საქართველოზე ზემოქმედებისთვის, ვიდრე დასავლეთთან. მათ უფრო შეუძლიათ რუსეთის დასჯა, მაგრამ როგორც კი საქართველოს მხრიდან განხორციელდება ასეთი აქტები, საქართველო მიიღებს ბევრად უფრო მეტ ზიანს, ვიდრე დასავლეთი იღებს რუსეთთან დაპირისპირებისთვის.“

საქართველო რუსეთს ვერ დასჯის, თუმცა რუსეთს შეუძლია დასაჯოს საქართველო. დასჯის რა მექანიზმები აქვს აქტივში რუსეთს, ამის შესახებ კახა გოგოლაშვილი ამბობს: „ის დიპლომატი, ვინც აქ მუშაობდა, უზრუნველყოფდა სავიზო მიმოსვლის საკითხებს. რუსეთმა, შესაძლოა, გაამკაცროს სავიზო რეჟიმი ჩვენთან. შეფერხდება, უბრალოდ, ჩვენი მოქალაქეების გადაადგილება რუსეთის ტერიტორიაზე. რაღაც რეაქცია რუსეთის მხრიდან იქნება, აუცილებლად, რადგან ის ემუქრება დასავლეთს იმით, რომ მიიღებს ადექვატურ ზომებს. ეს, ალბათ გატარდება ყველა ქვეყნის მიმართ, ვინც გააძევა დიპლომატები.“მიუხედავად მოსალოდნელი სასჯელისა რუსეთის მხრიდან, კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ სოლიდარობის აქტის გამოხატვა დასავლეთის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პოტენციური საფრთხის არსებობის შემთხვევაშიც კი რუსეთისგან, საქართველოსთვის უფრო მეტად დამაზიანებელი ასეთ გადამწყვეტ მომენტში პარტნიორებისგან გვერდზე გადგომის დემონსტრირება იქნებოდა. ამ ნაბიჯმა აჩვენა, რომ საქართველო ისევ იმ კურსის ერთგულია, რომელიც არაერთგზის აქვს დეკლარირებული.

ბათუ ქუთელია, ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი ამერიკის ხმასთან პრემიერის წინადადებას აფასებს, რომელიც ჟენევის ფორმატის ცვლილებებს ეხებოდა: „პრემიერის განცხადება იყო აბსოლუტურად გაუთვლელი, ძალიან დამაზიანებელი საქართველოს ეროვნული ინტერესებისა. დიპლომატების გაძევებამაც დაადასტურა, რომ ის „სივრცე“, რომელიც თითქოსდა დაინახა პრემიერმა რუსეთთან ურთიერთობაში, სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა რუსეთის კიდევ ერთი მცდელობა საქართველოს ინტერესები შეელახა. მას სურდა გვერდზე გაწეულიყო და აღარ გამოჩენილიყო, როგორც მხარე კონფლიქტში. ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი მიღწევა ისაა, რომ აქ საერთაშორისო თანამეგობრობის მედიატორობით დაფიქსირებულია რუსეთი, როგორც მხარე.ისნაბიჯ–ნაბიჯ ცდილობს, წარმოაჩინოს მის მიერ აღიარებული დე–ფაქტო რეჟიმებიმხარდდა თვითონ ეს პასუხისმგებლობა მოიხსნას. გამოჩნდა, რომ ეს იყო ჟენევაში რუსეთის მთავარი ამოცანა.“

ბათუ ქუთელია იმ საფრთხის შესახებაც საუბრობს, რაც შესაძლოა საქართველოს მოსახლეობამ განიცადოს, რომელიც კვლავაც მოწყვლადად იქცა რუსეთთან ვაჭრობის გაზრდის გამო: „სტრატეგიული შეცდომა იყო ჩვენი ბაზრების ისევ, ხელახლა მიბმა რუსულ ბაზარზე. ეს არის პოლიტიკური ფასის მქონე ბაზარი, რომელსაც რუსეთი იყენებს პოლიტიკური ზეწოლისთვის, არა მხოლოდ საქართველოში.“

ძალის გამოუყენებლობის შესახებ რუსულ თამაშში საქართველო ამჯერად არ ჩაება, რის გამოც რუსული მხარე ერთგვარად იმედგაცრუებული აღმოჩნდა, თუმცა მის ხელში კვლავ არაერთი მძლავრი ბერკეტი რჩება საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის.