მოლაპარაკებები ჟენევაში და განზრახვები აბანოსა და კოდისთვის

ჟენევაში ქართულ–რუსულ–ოსურ–აფხაზური მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დასრულდა. ქართული მხარე კვლავ არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადაცემას ითხოვს. ამჯერად მათ სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული შუალედური დასკვნაგადასცეს ოსურ მხარეს.

აღნიშნული დოკუმენტის შესახებ ერგნეთის ბოლო შეხვედრაზე ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ მისი გადაცემა ვერ მოხერხდა აქამდე, რადგან თარგმნა ვერ მოესწრო. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „საქართველოს წარმომადგენლებმა თანათავმჯდომარეებსა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მონაწილეებს გადასცეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შუალედური დასკვნა, რომელიც ნათლად წარმოაჩენს არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის ფაქტს. მიაწოდეს ინფორმაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების, დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის მიმართ არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, საქართველოს პროკურატურის მიერ ბრალის დაუსწრებლად წარდგენის შესახებ.“

ჟენევაში მოლაპარაკებების დაწყებისთანავე დე ფაქტო ადმინისტრაციის პარლამენტმა შექმნა კომისია, რომელიც ეგრეთ წოდებული საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტარიზაციის საკითხებზე იმუშავებს. დე–ფაქტო პარლამენტის ვიცე სპიკერმა რუსლან თედეევმა კი განაცხადა, რომ ზნაურის, იგივე ყორნისის თემის სოფელ წნელისის მაცხოვრებლები მოითხოვენ საზღვრის კორექტირებას, რის შესახებაც კომიტეტმა იმსჯელა. შედეგად, ეყრდნობიან რა 1936 წლის რუკას, ოსური მხარე აცხადებს, რომ წნელისის მიმდებარედ ეგრეთ წოდებული საზღვრის მონიშვნა სხვაგვარად მოხდება.

დავით ზალკალიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს: „ეს არის საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელოვნური დარღვევა და ამაზე, როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე, რა თქმა უნდა, პასუხის მოეთხოვება იმ ძალას, რომელიც ახორციელებს ეფექტიან კონტროლს ამ ტერიტორიაზე – რუსეთს.“

ახალი საზღვრების მონიშვნის თაობაზე განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმაც გააკეთა „ჩვენი პასუხი, გარდა იმისა, რომ ყველა სადისკურისო ფორმატს გამოვიყენებთ რომ რაიმე განვითარება არ ჰქონდეს ამ ძალიან არალეგიტიმურ და ყოველად მიუღებელ განცხადებებს, რაც კეთდება, ასევე არის ის, რომ მავთულხლართებისა და თვითიზოლაციის პოლიტიკას დავუპირისპიროთ მეტი განვითარება, მეტი დახმარება იმ მოსახლეობის მიმართ, ვინც დაზარალებულია.“

ტერიტორია, რომლის მიმართაც ოსური მხარე პრეტენზიას აცხადებს ქარელის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და 60 ოჯახით დასახლებულ კოდასა და 136 კომლიან აბანოს მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. ამერიკის ხმასთან საუბრისას ადგილობრივი თემის გამგებელი მარიამ გულისაშვილი ამბობს, რომ დე–ფაქტო ვიცე სპიკერის მიერ გაჟღერებული ინიციატივის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, კოდას მაცხოვრებლები სოფლისკენ მისასვლელ ერთადერთ გზას დაკარგავენ და იზოლაციაში აღმოჩნდებიან. „სოფელ კოდაში მისასვლელი გზა, როგორიც დღეს არის, იყო საუკუნის განმავლობაში ასეთი.არავითარი წნელისი და სხვა რამ არაა მასთან კავშირში. დღეს რას აკეთებენ და რას ამბობენ (დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლები – ნ.დ.) , ეს სრულიად ხელოვნურადაა მოგონილი,“– ამბობს მარიამ გულისაშვილი.

ოსური მხარე პრეტენზიას აცხადებს ასევე ბუნებრივ წიაღისეულზე, რაც ამ ტერიტორიაზე მოიპოვება. აქ არის კარიერი და რამდენიმე დოლომიტის მომპოვებელი საწარმო მუშაობს, მათ შორისაა შპს „დოლომიტ ჯორჯია“ და შპს „ლაპისი“, სადაც, დაახლოებით 30 ადამიანია დასაქმებული. ამერიკის ხმა მათ ერთ–ერთ მფლობელსა და წარმოების უფროსს გიორგი ბიჭაშვილს ესაუბრა:

„ალბათ დაგვღუპავენ, სხვას რას უნდა მოველოდეთ, თუ დაგვაქციეს და წაიღეს ყველაფერი და შემოღობეს, რა ვიცი. თუ გადმოწიეს საზღვარი, ჩვენ შესვლის უფლება იქით არ გვექნება. ეს იმას ნიშნავს, რომ წართმეული იქნება საწარმოც, კარიერიც, წარმოება გაჩერდება. დაახლოებით, 5–7 ჰექტარის ტერიტორიაზეა განთავსებული ეს ყველაფერი. აქ ორი კარიერია. გვერდით სხვა კომპანია მუშაობს კიდევ, „ბლექს სი გრუფი“. 2011 წლიდან ვმუშაობთ ჩვენ, ტერიტორია იჯარით გვაქვს აღებული სახელმწიფოსგან მადნეულის მოპოვებაზე. მადნეულის რუკებიც გვაქვს, ლიცენზიები გვაქვს, ქარხნის საკუთრებაც გვაქვს და ყველაფერი საჯარო რეესტრშია გატარებული, ოფიციალურად, გადასახადებით, ყველაფრით“.

დე–ფაქტო სამხარეთ ოსეთის პარლამენტის ვიცე სპიკერი რუსლან ტედეევი აცხადებს, რომ თუ თავდაპირველი დემარკაციისას შეცდომა იყო დაშვებული, ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, რადგან მისი თქმით, სამხრეთ ოსეთს ერთი მეტრიც კი არ აქვს დასაკარგი მიწა.